აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. თანამდებობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს: ადგურ არძინბა - ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე; ბადრა გუნბა - დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი; რობერტ არშბა - ოლეგ ბარციცი და ადგურ ხურხუმალი. არძინბა, რომელიც გუდაუთის ფრთას წარმოადგენს, აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი რუსეთის მოქალაქეები არიან. ასე ღიად არ საუბარობს გუნბა, თუმცა პრორუსულობაში კონკურენციაში არიან. რუსეთმა კი არჩევანი ბადრა გუნბაზე გააკეთა.
for.ge ზაალ ანაჯაფარიძეს ესაუბრა.
ადგურ არძინბამ შეიძლება მიიღოს ამომრჩევლის საკმარისი მხარდაჭერა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გუნბა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში და მას მხარს უჭერს როგორც სოხუმის ფრთა, ასევე გაგრა, გუდაუთა და მათ შორის ოჩამჩირის ფრთა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მას მხარს უჭერს კრემლი და ვიცით, რომ იგი უკვე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს...
ზაალ ანჯაფარიძე: მოდით, დავიწყოთ კონკრეტული ფაქტებით. 19-21 იანვარს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა აფხაზეთში და დაიდო ასეთი შედეგები, რომ ბადრა გუნბას მხარს უჭერს დაახლოებით 43%, მას მნიშვნელოვანი ჩამორჩენით მოჰყვება ადგურ არძინბა, შემდეგ მოდის რაულ აშბა და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი კანდიდატები. რომ წარმოვიდგინოთ ასეთი კომბინაცია და მართალია, ასეთი რამ ჯერ აფხაზეთის არჩევნებში არ მომხდარა, ყველა დანარჩენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მოხსნას თავისი კანდიდატურა იგივე ადგურ არძინბას მხარდასაჭერად, მაინც ვერ გროვდება საკმარისი პროცენტი - ანუ, 50%-ს +1 ხმა, რომ ადგურ არძინბამ გაიმარჯვოს.
იმ მონაცემებით, რაც ახლა გვაქვს, ვერც ერთი ვერ აგროვებს გადამწყვეტ უმრავლესობას და აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ დაინიშნოს მეორე ტური. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არის ერთი მომენტი - ექს-პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც სამარცხვინოდ გააგდეს თანამდებობიდან და რომელიც ბოლო დრომდე ირწმუნებოდა, რომ მიიღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მოულოდნელად უარი განაცხადა.
საერთოდ არ ჩანს ბჟანია, გავიდა პოლიტიკიდან?
- სწორედ მაგაშია აფხაზური ინტრიგა. ბჟანიამ განაცხადა, რომ ჩემი გუნდი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებზე და მისი გუნდის წარმომადგენელი არის სწორედ ბადრა გუნბა. ანუ, ბადრა გუნბა იქნება ბჟანიას ინტერესების გამტარებელი. გუნბას უკან დგას ასლან ბჟანია და ის მოსკოვური მხარდაჭერა, რომელიც ბჟანიას ჰქონდა არჩევნებზე.
თუ იგივე აფხაზურ წყაროებს დავეყრდნობით, იმ ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც აპარტამენტების და უძრავის ქონების რუსი ბიზნესმენებისთვის გადაცემის საკითხის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები, ცხადია, დაძაბა ურთიერთობები მოსკოვთან, რომელმაც თავის მხრივ წყენა შემოინახა მათ მიმართ. შესაბამისად, ის არჩევნებში მხარს დაუჭერს ბადრა გუნბას და მის ირგვლივ შემოკრებილ კლანს. რამდენადაც ვიცი, გუნბას კანდიდატურას მხარს უჭერს ალექსანდრე ანქვაბის დაჯგუფებაც და აქედან გამომდინარე, მას ჰყავს ძლიერი მხარდამჭერი ბირთვი და მას ასევე მხარს უჭერს მოსკოვიც. ნახეთ, რა გააკეთა, არჩევნების წინ დემონსტრაციულად ჩავიდა მოსკოვში და აფხაზებს ჩამოუტანა ის, რაც მათ უფრო სჭირდებოდათ - აღდგენილი ელექტროენერგია და სხვა ბენეფიტები. ანუ, მე ვვარაუდობ, რომ ამ არჩევნებზე მოსკოვის ფავორიტი იქნება სწორედ ბადრა გუნბა. იტყვიან, რომ ჩვენ არ ვერევით აფხაზეთის საკითხებში, როგორც ახლა განაცხადეს, რომ ეს აფხაზი ხალხის გადასაწყვეტიაო, მაგრამ თავიანთი რესურსებით მიეხმარებიან, რომ გაიმარჯვოს, მით უმეტეს, რომ ყველა გამოკითხვით ის ლიდერობს.
ყველა მონაცემებით ლიდერებოს გუნბა და რაც მნიშვნელოვანია, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველა თაობის ამომრჩეველი სწორედ მას უჭერს მხარს და რასაც აფხაზები მნიშვნელობას ანიჭებენ არის ის, რომ საზოგადოებასთან აქვს პირდაპირი კომუნიკაცია...
- დარწმუნებული ვარ წაიკითხეთ მისი ბიოგრაფია.
რა თქმა უნდა. კარგად ვიცნობ მისი გარემოცვის წევრებს და ახლობლებს...
- ბაგრა გუმბა არის იმ თაობის პოლიტიკოსი, რომელსაც ემოციური ბმა საქართველოსთან არ აქვს. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, ეჭირა გარკვეული თანამდებობები და, რა თქმა უნდა, ალბათ, შესაბამისი კასტინგიც გაიარა რუსეთის სპეცსამსახურებთან, მაგრამ არ არის ძალოვანი და ჩეკისტური წრეების წარმომადგენელი. არის წმინდა მეურვე, მიღებული აქვს ეკონომიკური განათლება, არის ბიზნესმენი და შესაბამისად, ის, რომ არ არის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, ესეც მისი პლუსია ამ არჩევნებში.
რაზეც სხვათა შორის საუბრობენ აფხაზებიც, მაგრამ ეს რამდენად პლუსია უკვე მისთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის?
- მოდით, ასე ვთქვათ, ბადრა გუნბა არის კომპრომისული ფიგურა და დღეს სწორედ იმ წინააღმდეგობების ფონზე, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში არის ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ასეთი კომპრომისული ფიგურა სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ ახალ პოლიტიკურ ქარტეხილებს თავი აარიდონ.
არჩევნებამდე 15 დღით ადრე მოსკოვმა სოხუმში გამოაგზავნა სერგეი კირიენკო, რომელიც იქნება რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი. საინტერესო ბიოგრაფია აქვს კირიენკოს, ბადრა გუნბას მსგავსად, ისიც არ არის ძალოვანი სტრუქტურიდან. რამდენად სწორი გათვლა გააკეთა ამჯერად მოსკოვმა?
- ადრე იყო კოზაკი, რომელიც ძალოვანი-ჩეკისტური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. კირიენკო დაბადებულია სოხუმში და მისი მთელი საქმიანობა არის დაკავშირებული ბიზნესთან და ეკონომიკასთან. როდესაც კირიენკო ჩავიდა აფხაზეთში, მათრახი ზურგსუკან დამალა და ჩაუტანა მაცდუნებელი წინადადებები - დაჰპირდა, რომ აღადგენდნენ ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას, დაეხმარებოდნენ ყველაფერში და ა.შ. სხვათა შორის, რუსები ცდილობენ, რომ ის კავშირები, რაც არსებობს აფხაზებსა და ქართველებს შორის, კერძოდ, ბევრი აფხაზი გადმოდის საქართველოში და აქ იღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას, ეს არ მოხდეს. ან ადგილზე მოხდეს სამედიცინო დახმარების გაწევა, ან გადაიყვანონ იგივე რუსეთში. მაგრამ იქვე შეაპარა, რომ ამას ძალიან დიდი ინვესტიციები სჭირდებაო. ანუ, მიახვედრა აფხაზური მხარე, რომ თუ თქვენ გინდათ ეს ყველაფერი განახორციელოთ, მოგვეცით საშუალება, რომ აქ ჩავდოთ ინვესტიცები, რომ შემოვიყვანოთ რუსული კომპანიები, რასაც ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის ოპოზიციის ნაწილი.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თუ ბადრა გუნბამ გაიმარჯვა არჩევნებში, იმ საკითხების მიმართ პროტესტი, რაზედაც აფხაზეთში ბოლო დროს ჯახი იყო, რომ აი, ადგილობრივი ბიზნესი მოკვდება და ყველაფერს რუსი ოლიგარქები დაეპატრონებიან, ჩემი ვარაუდით, ნელ-ნელა ჩაცხრება და მაინც მისცემენ რუსეთს იმის საშუალებას, რომ შემოიტანოს ინვესტიციები და მოახდინოს ეკონომიკური ანექსია ამ რეგიონის. რუსეთს სხვანაირად აფხაზების დამორჩილება და მიზიდვა არ შეუძლია.
კი, ბატონო უსაფრთხოებას უზრნველყოფენ, იქ ჯარი დგას და გასაგებია, რომ ამით რაღაცნაირად პრევენციას ახდენენ, რომ საქართველოს მხრიდან სამხედრო მოქმედება არ განხორციელდეს, მაგრამ მობეზრდათ აფხაზებს ასეთ პირობებში ცხოვრება, რადგან იქ ცხოვრების დონე არის ძალიან დაბალი, მაგრამ თუკი ინვესტიციები შევა, სავარაუდოდ, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ა.შ. მაგრამ რამდენად გადაწონის ეს წმინდა ფინანსური-ეკონომიკური ინტერესები საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნების ინტერესებს, აქ არის მთავარი პრობლემა. რეალურად, აფხაზებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ ასევე თანაბარწილად აწუხებთ თავიანთი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება.