დიდი მოლაპარაკების წამზომი ჩართულია, როგორც ცნობილია აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, საუდის არაბეთში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ტრამპმა ომის დასრულების გეგმა მიუნხენის კონფერენციაზე გაახმოვანოს.
ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკის და პუტინის შეხვედრა თუ შედგება, ის მოლაპარაკებებს უშუალოდ უნდა დაესწროს. ზელენსკი კი მოლაპარაკებებში ევროკავშირის ქვეყნის ლიდერების მონაწილეობასაც ითხოვს და ნატოში მიღების საპირწონედ უკრაინისთვის ბირთვულ იარაღს ითხოვს, რისი შანსიც, ტრამპის თქმით, ნულია. საბოლოოდ ვინ მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას რთული სათქმელია, ვინაიდან პუტინი ზელენსკის არალეგიტიმურად მიიჩნევს, ხოლო ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
უკვე ცნობილია, რომ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტრამპი ავრცელებს.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა, თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას, გამოცემა NEW YORK POST-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში დიდი დრო ეთმობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ომთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, თუმცა არ აკონკრეტებს რამდენჯერ შედგა მასსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი.
შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ძალიან ადარდებს ფაქტი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს, ადამიანები იღუპებიან და პუტინს სურს, შეჩერდეს ეს მოცემულობა.
გარდა ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენის ნაცვლად ის რომ ყოფილიყო შტატების პრეზიდენტი, „ეს საშინელი, და სულელური ომი არ მოხდებოდა“.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მალე დასრულდება და ამ კონფლიქტის დასასრულებლად კონკრეტული გეგმა აქვს.
„პუტინს ძალიან აღელვებს ის, რომ ხალხი იღუპება. მას აღარ სურს იხილოს, რომ ადამიანები კვდებოდნენ, ყველა ეს გარდაცვლილი, ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი თქვენი შვილებივით არიან, ორი მილიონი მათგანი - და უმიზეზოდ. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერის სირცხვილი იყო, ნამდვილი სირცხვილი. იმედი მაქვს, ომი სწრაფად დასრულდება. ყოველდღე ხალხი კვდება, ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. მინდა, დავასრულო ეს წყეული რაღაც“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპს ომის დასრულებასთან დაკავშირებით ჯერ არ აქვს ოფიციალური გეგმა. ამასთან, ზელენსკი განმარტავს, რომ არ შეიძლება არსებობდეს ცალმხრივი გეგმა, თუნდაც შტატების ავტორობით.
განცხადება უკრაინის ლიდერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ზელენსკიმ რუსეთზეც ისაუბრა და თქვა, რომ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია. როგორც ზელენსკი ამბობს, კიევს ომის დასრულების საკითხზე აქტიური კომუნიკაცია შტატების ადმინისტრაციასთან აქვს. მისი თქმით, უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უახლოეს მომავალში კიევში ჩავა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ხედვა. არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ამერიკულ მხარესთან ერთად უკვე განვიხილეთ, ჯერ კიდევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე. ჩვენ ერთმანეთის მოსმენის საშუალება გვქონდა. გავიგეთ ერთმანეთის ხედვა მნიშვნელოვან თემებზე, იმ პრიორიტეტებსა და საკითხებზე, რაზეც უკრაინელი ხალხის მხრიდან დათმობა ვერ იქნება. არ შეიძლება არსებობდეს ცალმხრივი გეგმა, თუნდაც შეერთებული შტატების მხრიდან“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი და დასძენს, რომ
რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედროთი ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებებისა და მშვიდობისთვის.
„ჩვენი დაზვერვა გვაცნობებს, რომ რუსები ქმნიან ახალ დივიზიებს, ავითარებენ ახალ სამხედრო წარმოებას. აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კორეასთანაც მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. სამწუხაროდ, მოსკოვი ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს ავრცელებს იმ რეგიონშიც, კერძოდ, დრონების ტექნოლოგიებს. ეს მარტივ რამეს ნიშნავს: პუტინი სულაც არ ემზადება მოლაპარაკებებისა და მშვიდობისთვის, არამედ ემზადება ომის გასაგრძელებლად და არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ახლა თავიანთ არმიას 100 ათასზე მეტი სამხედროთი ზრდიან. ყველა პარტნიორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და უნდა დაინახოს ეს. მზად ვართ, შესაბამისი ინფორმაცია გადავცეთ და დაზვერვის ხაზით შესაბამისი კომუნიკაცია უკვე მიმდინარეობს“, -განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა მკაფიოდ უნდა დაინახონ საფრთხეები და მათი საწინააღმდეგო ინსტრუმენტები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტან კაპანაძე მიიჩნევს, რომ ორივე მხარეს მოლაპარაკება და სულის მოთქმა სჭირდება. გენერალი for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა ტრამპის ფაქტორი რუსეთსაც და უკრაინასაც აიძულებს, რომ მალაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თავის მხრივ, ტრამპისთვის ომის დასრულება პრესტიჟის და პირადი პოლიტიკური ამბიციების საკითხი გახდა.
„ცეცხლის შეწყვეტისთვის ტრამპი გააკეთებს ყველაფერს და ის ორივე მხარესთან ამისთვის ივაჭრებს, მუქარასაც გამოიყენებს და სხვადასხვა დათმობაზეც წავა. ჩვენ ვნახეთ, რომ მან ომის დასრულების ხან 100 დღე დაასახელა, ხანაც 3 თვე. ამიტომაც, ყველაზე მეტად ტრამპია მოწადინებული, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს. რაც შეეხება შეთანხმების საკითხს, ამაზე საუბარი მოლაპარაკებების დაწყების წინ რთულია. თუმცა უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს. ამის პარალელურად, უკვე ვიცით ტრამპის მოსაზრება, რომ უკრაინამ ეს პერიოდი არჩევნების ჩატარებისთვის უნდა გამოიყენოს. როგორც ჩანს, ვოლოდიმერ ზელენსკის ჩაბეტონებული და ხისტი პოზიცია, გარკვეულწილად, ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს. ამას ამერიკაში კარგად აანალიზებენ და არ გამოვრიცხავ, ცდილობდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკის ჩანაცვლებას და მისი შემცვლელის მონახვას. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს უკრაინისთვის კარგიც იყოს და არჩევნები გახდეს ერთგვარი პოლიტიკის გადატვირთვის საშუალებაც. ზელენსკის შემცვლელთან კი კომპრომისის მიღწევა უფრო გამარტივდეს, რაც, პირველ რიგში, უკრაინელებისთვის იქნება კარგი.
თუმცა არჩევნები ყველა იმ პირობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რაც სჭირდება არჩევნების წესიერად ჩატარებას: ლტოლვილები, რომლებიც გასული არიან უკრაინიდან, მათ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს და ასე შემდეგ“, - ამბობს გენერალი.
მისივე თქმით, არის ვარაუდი, რომ აღდგომისთვის დაიწყება მოლაპარაკებები, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის სავარაუდოდ, ლოგიკური თარიღია მაისი.
„პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს. შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინამ გაცვლაზე დაიწყოს საუბარი და ეს იყოს კურსკის რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცვლა. ეჭვი მეპარება ზაპოროჟიეს გაცვლას დათანხმდნენ რუსები – ამ შემთხვევაში უკრაინელები კვლავ შეძლებენ აზოვის ზღვაზე გასვლას და რუსეთის სახმელეთო დერეფნის მოწყვეტას ყირიმთან. მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარი ტყვეების გაცვლაზე - „ყველა ყველაზე“ და სამშვიდობოების ჩაყენება - ამერიკის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ჩაყენება - გარანტიები იქნება, რათა რუსებმა ამ პერიოდში ცეცხლის განახლება ვერ შეძლონ“, - ამბობს გენერალი.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს ომი უკვე გაჭიანურებულ კონფლიქტად იქცა და არავის ეგონოს, რომ უკრაინელებს ულხინთ.
„უკრაინელებს ძალიან ბევრი პორბლემა აქვთ და პირად შემადგენლობაში უკვე უმძიმესი სიტუაციაა. ვისაც ბრძოლა უნდოდა, ის უკვე დიდი ხანია ფრონტზეა წასული და ვინც თავი აარიდა ფრონტზე მოხვედრას, იმას დასდევენ გაწვევის სამსახურიდან. სამუწხაროდ ისეა უკვე სიტუაცია, რომ ბოლო დროს სამობილიზაციო პუნქტში უკრაინელები ზოგი თავს იფეთქებს, ზოგმა კომისარი მოკლა. წარმოიდგინეთ სიტუაცია რა დონეზე მძიმედ არის.
უკრაინელები ამბობენ, რომ რუსები აწყობენ დივერსიას, მაგრამ ეს ხომ დღესავით ნათელია, რომ ერთდროულად 4 და 5 სამობილიზაციო პუნქტში ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს მოხდა აფეთქებები. სამწუხაროდ, ხალხს ფრონტზე საომრად გასვლის სურვილი აღარ აქვს. არადა ფრონტის ხაზზე ძალიან ჭირს, როტაციაა საჭირო. ამიტომ უკრაინის ომის კონფლიქტი გაიყინება თუ არა, ახლა ეს არა არის მთავარი, მთავარია, რომ ცეცხლი შეწყდეს და რაღაცა პირობებზე შეჯერბა მოხდეს“,-ამბობს გენერალი.
ნიშნის მოგებით ლაპრკობს 100 დღეზე და სამ თვეზე. მაგან არ იცის რომ 100 დღე თითქმის 3 თვეა?
ნიშნის მოგებით ლაპრკობს 100 დღეზე და სამ თვეზე. მაგან არ იცის რომ 100 დღე თითქმის 3 თვეა?
ნიშნის მოგებით ლაპრკობს 100 დღეზე და სამ თვეზე. მაგან არ იცის რომ 100 დღე თითქმის 3 თვეა?