სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელიც პარლამენტიდანაც გამოაძევეს, გამოსვალის ძიებაშია და ურთიერთბრალდების რეჟიმზეა გადასულები. ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება, ყველაფერი კარგად არაა, კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოიფიქროს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას იხმობს და ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ, რადგან ერთიანები უნდა ვიყოთ.
მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, 5 თებერვალს სალომე ზურაბიშვილისა და ბარიერგადალახული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. კონსულტაციებს ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. შეხვედრის ინიციატორი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იყო. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება „ქართულ ოცნებაზე“, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან ზეწოლა გაძლიერდეს, რასაც შედეგად ახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოჰყვეს.
რას გეგმავს ოპოზიცია? - ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური ნიკა გვარამიას ფეისბუქგანცხადების შემდეგ გახდა, სადაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა არსებულ ვითარებაში გამოსავლად ივანიშვილის დამხობა ან ემიგრაციაში წასვლა დაასახელა.
როგორც ჩანს, ზურაბიშვილი დასავლეთში ოპოზიციის ემისრის როლს შეასრულებს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არამხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
წინასწარი ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩასვლას ელოდებიან, როგორც ჩანს, ოპოზიციის მოლოდინიც ეს არის, რომ ზურაბიშვილი ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან იქ საქართველოს ხელისუფლების შესახებ ისაუბრებს.
„ოპოზიციამ უპირობოდ დიდი გაერთიანება უნდა ჩამოაყალიბოს. ნახევრად ერთიანობა არ გამოვა. ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთად უნდა დავსხდეთ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელთანაც, სამწუხაროდ, ერთი თვეა, კომუნიკაცია არ მქონია. მქონდა კიდეც მის გარემოცვასთან საუბარი, საერთო ჩათიც გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს. მუდმივად ვიწერები, შევიკრიბოთ, დავსხდეთ, უნდა ვიმუშაოთ. ადამიანებმა აზრი ხომ უნდა გავცვალოთ ერთმანეთში? გახარიასთან ღრმა თანამშრომლობა რომ არ გამოდის, ეს შემდგარი ფაქტია. არ უნდა ამ კაცს, რა გავაკეთოთ? საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, სწორია თუ მტყუანია. ჩემი აზრით, მისი პოზიცია არასწორია. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე არის ამ ქვეყნის გადარჩენა.
ვერ ვხედავ დიდი ნაწილისგან სურვილს, რომ ეს ბარიერები რაღაცნაირად გადავლახოთ. ეს უნდა გადავლახოთ. ეს თუ არ გადავლახეთ ამ მოკლე ვადაში, ვერ დავამარცხებთ იქითა მხარეს, რადგან ისინი სარგებლობენ ამით. რა არის გასაკეთებელი: სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ. არა ის, რომ ახალი პარტიები გააკეთეთ… რა ახალი პარტია? ოღონდ ვინმემ ახალი პარტია გააკეთოს და ეს სიტუაცია შეცვალოს, მე მხოლოდ გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ არ გამოვა ეს. გამოვა მხოლოდ ტოტალური ერთიანობა, ამის უკვე შეეშინდება იქითა მხარეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციამ წარმოუდგენელი პოლიტიკური კრახი განიცადა და მას აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური კრიზისი. მამრაძე აცხადებს, რომ პარლამენტიდან გარიცხვის შემდეგ, მათ ქუჩაშიც ცუდი სიტუაცია აქვთ, რადგან ხალხის უაზრო ტარებით და მათი დაკავებებით, მათივე ამომრჩეველში ნიჰილიზმი გაჩნდა.
„ოპოზიციის ქმედებები საკუთარი თავის ჰარაკირს ჰგავს. ის რაც მათ პარლამენტთან დაკავშირებით გააკეთეს, უდიდესი შეცდომა იყო. არ ვიცი რისი იმედი ჰქონდათ, ეტყობა აიმედებდნენ, რომ დასავლეთიდან ისინი ფულს მიიღებდნენ, მაგრამ „იუსაიდის“ ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა და ასევე „ოცნების“ გადაწყვეტილებამ - მიიღოს მკაცრი კანონი დაფინანსებასთან, უცხოური ფულის შემოდინებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია სასოწარკვეთაში ჩააგდო. მათ ვერც ერთი სწორი გათვლა და გეგმა ვერ დადეს, რათა რაიმესთვის მიეღწიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციაში ყველას ლიდერობა და პირველობა უნდა. ასე იყო სააკაშვილის დროსაც, როცა რუსთაველზე კარვების ქალაქი დადგეს.
უცხოელები მეუბნებოდნენ, გაგიჟებულები ვართ, ყველას აინტერესებს ვინ იქნება პრეზიდენტიო, აქაც ასეა. ერთმანეთის მიმართ, არც იდეოლოგიური და არც სხვა თანხვედრა არა აქვთ. რომელ გაერთიანებაზეა საუბარი, ინტრიგნობის და პირველობისთვის ბრძოლის გარდა ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. ნახეთ, როგორც აწვებიან გიორგი გახარიას და როგორ ცდილობენ მის დამუნათებას. არადა მან ბევრად აჯობა პოლიტიკური ალღოთი. რაც შეეხება ზურაბიშვილს, ის ვერავის და ვერაფრის გამაერთიანებელი ვერ იქნება. ეს არის ქალბატონი, რომელსაც ყველაფერი პირიქით შეუძლია. ოპოზიცია ერთიანდება ლიდერის გარშემო მაშინ, როცა ის ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს“,-ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის დასავლეთში ემისრობაც და იმის იმედი, რომ ის ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან რამეს დაალაგებს, აბსურდია. მამრაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილს მხოლოდ ტყუილების და დეზინფორმაციის გავრცელება შეუძლია, რითაც „ოცნების“ ხელისუფლების დაზიანებას ვერ შეძლებს.
„წარმოიდგინეთ, ახლა ტრამპის თვალით დანახული აქაური სიტუაცია და საერთოდ, კავკასია, რომლისთვისაც საერთოდ არ ცხელა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან კარგად იცის, იცნობს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან პრაგმატული პოლიტიკოსია და რუბიომ კარგად იცის, რომ თბილისთან 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთ ვითარებაში რა შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციამ მოსთხოვოს? მით უმეტეს ტრამპს ევროპაც აღარ ადარდებს და საერთოდ, ფიქრობს, რომ ევროპის პრობლემები ამერიკის მთავარი პრობლემა აღარ უნდა იყოს და ახლა კავკასია რატომ უნდა ადარდებდეს?!
ამიტომ ოპოზიციის იმედები ძალიან ფუჭი და ბუნდოვანია, მით უმეტეს, როცა იმედი აქვთ რომ ზურაბიშვილი სიტუაციას დაულაგებთ. ტრამპს რატომ უნდა ადარდებდეს ბაიდენის ადმინისტრაციის მეხოტბე ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანა, რომელთა შეხედულებები ტრამპის იდეოლოგიასთან საერთოდ ახლოსაც არ არის?! ოპოზიციის გამოფხიზლების დრო დაიწყო, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებულია“, - ამბობს მამრაძე.