ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო რუსეთ უკრაინის ომის დასრულებასა და მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს.
ლასლოს თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელებს ომის გაჭიანურება სურთ, რაც ცუდი მიდგომაა. ევროპარლამენტარი ამბობს, ყველა პოლიტიკური აქტორი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ევროპამ კი მეტი ისაუბროს მშვიდობაზე.
გარდა ამისა, ანდრაშ ლასლომ უნგრეთსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დამოკიდებულება საქართველოს მსგავსია.
„უკრაინაში ომი ევროპის ინტერესში არაა და უნგრეთის, ევროკავშირის, ევროპელი ხალხის საუკეთესო ინტერესშია, რაც შეიძლება სწრაფად უკრაინაში არსებული ომის დასრულება. ჩვენ აშშ- ს მიდგომას მივესალმებით და ამასთანავე კარგად უნდა გავიაზროთ, რომ აშშ-ს ახალი ხელისუფლება ახლა ხედავს ამ საკითხის კომპლექსურობას. ახლა უკრაინა იმდენად დასუსტდა ბრძოლის ველზე, ადამიანური, ფინანსური რესურსის თვალსაზრისით, რომ გაცილებით გაუარესებული პოზიციითაა მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ადრე იყო. ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება და რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამას, რაც უფრო მეტ ძალისხმევას ჩავდებთ, მით უფრო უკეთესი იქნება მშვიდობის აღსადგენად. ახლა ევროკავშირის ხელმძღვანელებს სურთ ომი გაჭიანურდეს, ბრძოლა გაგრძელდეს და ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა. ომის გაგრძელება სურთ იმის გამო, რომ ფიქრობენ ასე დაასუსტებენ რუსეთს. ისინი დაჰპირდნენ უკრაინას, რომ მათი დახმარებით უკრაინა შეძლებს რუსეთის დამარცხებას. ეს არ ხდება. რეალობა და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა. ყველა პოლიტიკური აქტორი უნდა მიუჯდეს მაგიდას. ევროპამ უნდა ისაუბროს მეტად მშვიდობაზე, რადგან შეიძლება ძალიან მარტივად მოლაპარაკებების პროცესის გარეთ დავრჩეთ. ევროპელმა ლიდერებმა ყველა ძალისხმევას უნდა მიმართონ მშვიდობისთვის, მოლაპარაკებებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ნელ-ნელა ვიღვიძებთ და ვხედავთ ამ რეალობას, რომ ევროპული ელიტის მიდგომა იყო სრულიად არასწორი, სტრატეგიამ მარცხი განიცადა და ახალ რთულ სიტუაციაში ვართ. მოლაპარაკებებისთვის გაცილებით რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 2022 წლის გაზაფხულზე, მაგრამ საჭიროა დიპლომატია და რაც არ უნდა ძნელი იყოს მოლაპარაკებებით ომის დასრულება. ურთიერთობები დაძაბულია და ამ მდგომარეობაში, ვფიქრობ უნგრეთსა და ბრიუსელში გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის ურთიერთობა საქართველოს დამოკიდებულების მსგავსია. ჩვენ არ გვინდა ამ ომში ჩართვა და არ ვუყურებთ ამ ომს, როგორც ჩვენს ომს. როდესაც ომი დასრულდება, ეს დაძაბულობა გაივლის და დიდწილად შემცირდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ და როდის დასრულდება ომი“, - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.