ნინო ლაცაბიძე: პრემიერის მხარდაჭერით, ჩვენ 70 ახალი ავტობუსის შეძენა შევძელით და დღეიდან, კუდევ ერთ ახალ მარშრუტზე, რუსთაველები,  მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ

ნინო ლაცაბიძე: პრემიერის მხარდაჭერით, ჩვენ 70 ახალი ავტობუსის შეძენა შევძელით და დღეიდან, კუდევ ერთ ახალ მარშრუტზე, რუსთაველები,  მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ

რუსთავში, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი სრულდება. დღეიდან, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთაველებს კიდევ ერთ მარშრუტზე, მოემსახურება და ჟიული შარტავას სახელობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურამდე გადაიყვანს. დედაქალაქში რუსთავის ავტობუსი ბასლაინის ხაზზე იმოძრავებს. საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა.

რუსთავი-თბილისის ახალი მარშრუტის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატთან საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილთან ერთად წარადგინა. პრეზენტაციას საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები ესწრებოდნენ. ,, ჩვენმა გუნდმა რუსთაველების თხოვნით, სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებისას წინ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა შევძელით. რუსთავში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, ვიცით, რომ უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და ჩვენი სტუდენტების, ასევე მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის თხოვნა იყო, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებითაც გატარებულიყო სატრანსპორტო რეფორმა. პრემიერის მხარდაჭერით, ჩვენ 70 ახალი ავტობუსის შეძენა შევძელით, იმისთვის, რომ რუსთავიდან თბილისში მგზავრობა გამარტივებულიყო. დღეს, კიდევ ერთი ახალი მარშრუტი დაემატა რუსთავი-თბილისის მიმართულებას, ეს არის რუსთავი-დიდუბის ავტოსადგური. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი ახალი მიმართულება, რომლებიც განსაკუთრებით სტუდენტებზე იქნება ორიენტირებული. სართო ჯამში, თბილისში 5 მიმართულებით იმოძრავებს ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსები და ამით ჩვენ სატრანსპორტო რეფორმის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს დავასრულებთ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ევრო 6-ის სტანდარტის ახალი ავტობუსები ჟიული შარტავას სახელობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურამდე გადაიყვანს მგზავრებს. 

,,მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა რუსთავში სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. მოგეხსენებათ, რომ ეს რეფორმა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების ძალიან დიდი მხარდაჭერით. რეფორმა გულისხმობს თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი ხაზების დანიშვნას, სართო ჯამში 5 მიმართულებით იმოძრავებს ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსები და ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რუსთავი, მუნიციპალური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან კარგი მაგალითია და ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობები და რეგიონები”, - განაცხადა პარლამენტარმა ირაკლი შატაკიშვილმა. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში ,,ბასლაინის" ხაზზე მოძრაობენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯამში 5 სხვადასხვა მარშრუტზე გადაიყვანს მგზავრებს – ოთხ ახალ და მეხუთე, უკვე არსებულ ისნის მიმართულებაზე. მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით – რუსთავი „ქარდით“, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებითაა შესაძლებელი. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი, დედაქალაქის გაჩერებების ელექტრონულ ტაბლოებზეა დატანილი. კიდევ 2 ახალი მარშრუტი: თბილისის რკინიგზის სადგურამდე და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.