აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო იმ გუნდის დაშლა, რომელიც კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ შემოღებული სანქციების აღსრულებას აკონტროლებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტომ მოიპოვა გენერალური პროკურორის პემ ბონდის სამსახურებრივი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ KleptoCapture-ის სახელით ცნობილი ჯგუფი უნდა დაითხოვონ. გამოთავისუფლებული რესურსები ნარკოკარტელებთან ბრძოლას მოხმარდება.
„ეს ძალისხმევა „დემოკრატი“ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და მისი მთავარი მიზანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მდიდარი თანამოაზრეების ფინანსების შეზღუდვა და სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის დამრღვევების დასჯა იყო. ეს იყო უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც რუსეთს მსოფლიო ბაზრებიდან განდევნის და უკრაინასთან ომის გამო ფართომასშტაბიანი სანქციების აღსრულების უზრუნველსაყოფად იყო შემოღებული“, - წერს სააგენტო.
ის პროკურორები, რომლებიც ამ ჯგუფში იყვნენ, თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ცვლილება 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა ამ ვადას, როგორც ჩანს, გააგრძელებენ ან სამუდამოს გახდიან.