"გახსოვთ, ალბათ, რომ წინაზე ჩვენ შემოვიტანეთ FARA-ს მსგავსი ვერსია, ოღონდ ბევრად მსუბუქი ქართული კანონი, რომელიც არ ეხებოდა ფიზიკურ პირებს, არ გულისხმობდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ მოიცავდა არასამთავრობო სექტორის გაუქმებას, არამედ, მხოლოდ რეგისტრაციას მოითხოვდა მათგან და ა.შ. მაგრამ, ამას რომ რუსული დაარქვეს რადიკალებმა, მათ, საპასუხოდ, მეორე ვერსია შევთავაზეთ, ის, რაც დღეს უკვე უმრავლესობის ლიდერმა გამოიტანა, ანუ, ამერიკული კანონის, FARA-ს პირდაპირი თარგმანი" - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რეალობა იძლევა იმის საშუალებასაც და აუცილებლობასაც, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამერიკული FARA-ს ზუსტი ასლი შესთავაზოს საზოგადოებას, რათა მათ მეტი იცოდნენ.
"მაშინაც ამერიკული FARA-ს პირდაპირი ანალოგი იმიტომ შევთავაზეთ, რომ ეს არგუმენტი, თითქოს ჩვენს მიერ წარდგენილი კანონი რუსული იყო, გაგვექარწყლებინა. თუმცა რადიკალებმა მაინც იმავეს მტკიცება გააგრძელეს. მათთვის მთავარი იყო, რომ აგენტურული ქსელი არ შესუსტებულიყო, ქვეყნის მიმართ მათი ავი ზრახვები გამჭვირვალე არ გამხდარიყო, ფინანსები არ მოჰკლებოდათ და ქართულ საზოგადოებას არ სცოდნოდა მათ შესახებ ის ინფორმაცია, რაც, მაგალითად, აშშ-ის საზოგადოებამ იცის. ამიტომ ის ქართული, მსუბუქი კანონიც არ გაითვალისწინეს და არ დარეგისტრირდნენ. დღეს რეალობა იძლევა იმის საშუალებასაც და აუცილებლობასაც, რომ საზოგადოებამ მეტი იცოდეს. ამაზე საუბრობს უკვე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომ მათი მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები არათუ სხვა ქვეყნების საზიანოდ, არამედ თავად აშშ-ის საზიანოდ იხარჯებოდა. ამიტომაც გააუქმეს USAID-ი. რასაც ვამბობდით, სწორედ ის დადასტურდა და ის გაიმეორეს აშშ-შიც", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.