ყველას კარგად გვახსოვს ის აჟიოტაჟი, მარაზმი, აბსურდის თეატრი, დესტრუქცია და ქვეყნის გადატრიალების მცდელობა, რაც აქ მოგვიწყვეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით და იმ ფულით, რომელი ფულის გამჭვირვალეობასაც ეხებოდა ეს ყველაფერი. სად არიან დღეს? რატომ არ გამოდიან? რატომ არ დგანან ქუჩაში?, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ამერიკული „ფარას“ კანონის მსგავსი პროექტის საკითხის კომენტირებისას.
„პირველ რიგში ასეთი რიტორიკული კითხვა მაქვს - სად არიან დღეს ის ძალები, ის მდიდარი ენჯეოები, ის გულანთებული მოქალაქეები, ამ დროს რეალურად მათი 90% რომ აღმოჩნდა შემდეგ წლების და თვეების განმავლობაში პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სად არიან? რატომ არ ეძახიან ამ კანონს რუსულ კანონს? რატომ არ აპროტესტებენ? სახელი და გვარები ჩამოვთვალო? რატომ არ აქვთ აჟიოტაჟი? ამას ვერ დაუძახებენ რუსულს? პასუხი მარტივია იმიტომ, რომ დავაინიცირეთ ჩვენ ქართული კანონი, გამჭვირვალობის კანონი, რომელიც იყო მაქსიმალურად ლიბერალური არა მხოლოდ „ფარასთან“ შედარებით, არამედ რიგ კანონებთან შედარებით, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და არამხოლოდ მოქმედებდა. ყველას კარგად გვახსოვს ის აჟიოტაჟი, ის მარაზმი, ის აბსურდის თეატრი, ის დესტრუქცია და ქვეყნის გადატრიალების მცდელობა, რაც აქ მოგვიწყვეს მათივე ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით და იმ ფულით, რომელი ფულის გამჭვირვალეობასაც ეხებოდა ეს ყველაფერი და ამ შენობას რომ გვიწვავდნენ არაერთხელ. ყველას კარგად ახსოვს ეს ყველაფერი. სად არიან დღეს? რატომ არ გამოდიან? რატომ არ დგანან ქუჩაში? სად არიან? აბა გააპროტესტონ, აბა დაუძახონ რუსული. აი, ეს არის მათი სახე რეალურად“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, მიდგომები აბსოლუტურად ყველგან იცვლება. მოვლენები მსოფლიოში და განსაკუთრებით აშშ-ში სწრაფად იცვლება. ვრცელდება ინფორმაციები კონკრეტულად USAID-ის ირგვლივ და დონორ ორგანიზაციებთან მიმართებაში.
„რამხელა ამბები სკდება თვითონ აშშ-ში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ისინი ოპერირებდნენ. რომ არა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მყარად ორფეხზე დგომა, რომ არა ჩვენი საზოგადოების შეგნება, ჩვენი საზოგადოების გონიერება ვხედავთ რას აპირებდნენ და რა უდევთ თავში იმ უსამშობლოთა გაერთიანებას, რომლებიც სწორედ ასეთი გარედან შემოსული თანხებით რას ატრიალებდნენ ქვეყანაში და არა მხოლოდ საქართველოში. აი ამას ემსახურება, რომ ასეთი შანტაჟი, ასეთი საბოტაჟი და ქვეყნის გადატრიალების მცდელობები აღმოიფხვრას საბოლოოდ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მისი თქმით, ნებისმიერი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა მიიღებს იგივე პოლიტიკას.
„კინაღამ ქვეყანა დაგვამხვეს თავზე იმავე ფულით და ამას გვესაუბრებიან თურმე როგორ შეიძლება გამკაცრებული კანონის შემოტანა. წაიკითხონ ახლა ეს კანონი და კიდევ ერთხელ სად არიან? რატომ არ აპროტესტებენ? დაუძახონ აბა ამ კანონს რუსული. შემოვა, დაინიცირდება ის კანონი, რომელიც დღევანდელი რედაქციით ერთი-ერთში მოქმედებს აშშ-ში, იქნება გადმოტანილი საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში და კეთილი ინებონ და შეეგუონ ამ ყველაფერს და შეგუებულებიც არიან, თუ არადა სად არის მათი პროტესტი?“, - განაცხადა კირცხალიამ.
„ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის დაინიცირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.