ტრამპის ტორნადო - „14 დღეში ტრამპმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო“

ტრამპის ტორნადო - „14 დღეში ტრამპმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო“

დონალდ ტრამპი აპირებს, წინ წამოსწიოს ამერიკის ინტერესები, თუნდაც ამისთვის ევროპა გადაიკიდოს. ტრამპის სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირი ძალიან ცუდად მოექცა ამერიკას, რისთვისაც მის დასჯას და ტარიფების დაწესებას გეგმავს. გამორიცხული არ არის, ევროკავშირის ქვეყნებმა თავს უშველონ და ამერიკის საპირწონედ ჩინეთის გარშემო დაირაზმონ, რაც ამერიკისთვის სახარბიელო არ იქნება.

დავუწესებ თუ არა ტარიფებს ევროკავშირს? გინდათ გულწრფელი პასუხი, თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცა, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ სულაც არ ადარდებს ბაზრის რეაქციები ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესების გამო.

აშშ-ის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს ევროკავშირის დასჯას, მაგრამ იმეორებს კრიტიკას ბლოკთან აშშ-ის დიდი სავაჭრო დეფიციტის გამო. უფრო ადრე ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებდა.

ტრამპის ტორნადოს მოახლოებას ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მიიჩნევს, რომ 14 დღეში ტრამპმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო. ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, ასევე, შეგვიძლია დავემშვიდობოთ მსოფლიო ვაჭრობის წესებს, რადგან ტრამპი მხარს დაუჭერს ამერიკის ინტერესებს თუნდაც ევროპის წინააღმდეგ. ორბანის თქმით, ევროკავშირს წინ რთული დღეები ელის და ბრიუსელის ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ.

ევროკროკავშირისთვის ტარიფების შესაძლო დაწესებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აღნიშნა, რომ აშშ-სთან მიმართებით აშკარად ახალი გამოწვევები და მზარდი გაურკვევლობაა, თუმცა როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, ის მტკიცედ უპასუხებს. ლაიენის თქმით, ტარიფების დაწესება ზრდის ბიზნესის ხარჯებს და ზიანს აყენებს როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს.

სავარაუდოდ, ტრამპის განაწყენება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ევროპა საკუთარი უსაფრთხოებისთვის თითქმის არაფერს აკეთებდა და ამერიკის ხარჯზე ცდილობდა ყოფნას. დღესაც ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვა აშშ-ის გარეშე ვერ იარსებებს და აშშ-ის ჩართულობის გარეშე ევროპა თავს ვერ დაიცავს.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ტრამპის მხრიდან ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება რთული საკითხია, რადგან ზოგიერთი ამერიკელი ეკონომისტი წერს, რომ ტარიფების დაწესებამ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლა თვითონ გადასახადის გადამხდელ ამერიკელ ხალხზე და ფასებმა აიწიოს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ევროკავშირი ამ კრიზისის ფონზე ერთგარ წურბელად გადაიქცა.

განა ევროკავშირი არ ჰპირდებოდა ზელენსკის, ჩვენგან 3 მილიონ საარტილერიო ჭურვს მიიღებო, მაგრამ ჩააგდეს ეს დანაპირები, ვერ განახორციელეს. მთელმა ევროკავშირმა, ამ ვეებერთელა წარმონაქმნმა კოლოსალური მთლიანი შიდა პროდუქტით, 3 მილიონი ჭურვიც ვერ დაამზადა, ამაზე მეტს ჩრდილო კორეა აწვდის პუტინს და თვითონაც რუსეთი რამდენ ჭურვს ამზადებს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ბიუჯეტში შეცვალოს მიმართულებები და პრიორიტეტები. ახლა ტარიფებს თუ დაუწესებს ტრამპი ევროკავშირს, იქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან გაურთულდებათ ცხოვრება. მათი გამოსავალი ჩინეთი იქნება?! ევროკავშირს ჩინეთთან ისედაც ყოველდღიური ვაჭრობა გააჩნია, ლამის 800 მილიონი ევროს ოდენობით. დაეხმარება კი ჩინეთი ევროკავშირს? არ ვიცი, რთული საკითხია და პანიკური განწყობაა ყველგან, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე მოსაზრებით, ევროკავშირის მხრიდან ცუდად მოქცევაში ტრამპი, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ უკვე რამდენი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები იყო სამხედრო ფარი ევროკავშირისთვის და ამის შემდეგ რა მოხდება, რთული წარმოსადგენია. ევროკროკავშირის დახმარება უკრაინისთვის წვეთია იმასთან შედარებით, რასაც თითო ჯერზე ღებულობდა ზელენსკი ამერიკისგან. ტრამპმა ამიტომაც თქვა, ზელენსკი კარგი ვაჭარი ყოფილა, რამდენი ჩამოვიდა შტატებში, იმდენი 60 მილიარდი დოლარი წაიღო. ევროკავშირის მხრიდან მუდამ სიტყვიერ დახმარებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ძალიან ცოტა დახმარებას აძლევდნენ უკრაინას. ტრამპი კი ევროპელებს ეუბნება, თქვენთან არის ომი, ევროპაში, და ამერიკის ხარჯზე ნუ გინდათ ომის მოგება.

პეტრე მამრაძე იმასაც იხსენებს, რომ ჯერ სად იყო ტრამპი, როცა ევროპელები საკუთარ არმიაზე ფიქრობდნენ და ამბობდნენ, ჩვენ თუ არ შევქმენით ჩვენი სამხედრო ძალები, დაუცველები ვიქნებით და მომავალზე უნდა ვიფიქროთო, მაგრამ ვერ შექმნეს სამხედრო ძალები, რადგან იმდენად შეიცვალა დემოგრაფიული და ასაკობრივი შემადგენლობა ევროკავშირში, რომ ეს ის ევროკავშირი აღარ არის.

როდესაც საფრანგეთში, შუაგულ პარიზში რამდენიმე სკოლაში ვერცერთ ეთნიკურ ფრანგს ვერ ნახავთ, რადგან არ არიან ფრანგი ბავშვები, აღარ ჩნდებიან, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ევროპაში პენსიონერია, სხვა მოლოდინი არც უნდა გქონდეს ევროპისგან. ასეთ ჩიხში შევიდა ევროკავშირი. დაინიშნა თუ არა ევროკომისრად ჯოზეფ ბორელი, განაცხადა: ახლა ჩვენ უნდა გავხდეთ გეოპოლიტიკური მოთამაშე, თორემ დავრჩებით გეოპოლიტიკურ ჯუჯად, მიუხედავად ჩვენი ეკონომიკური ძალისა. თუმცა ვითარება ისეთნაირად წარიმართა, რომ ევროკავშირში დარჩნენ გეოპოლიტიკურ ჯუჯად. ევროკავშირი არ გამოდის ამერიკის მხარდამჭერად და პარტნიორად ჩინეთის წინააღმდეგ, არადა, ამდენი დაახარჯა ამერიკამ ევროკავშირს.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნები სოციალური კეთილდღეობის ქვეყნებად გადაიქცნენ მას შემდეგ, რაც მათ ჰქონდათ ამერიკის სამხედრო მხარდაჭერა ნატოს სახით და, ასევე, გააჩნდათ რუსეთის იაფი ენერგორესურსები. დღეს კი ევროპის მომავალი ეჭვქვეშაა. 5%-მდე უნდა გაიზარდოს ნატოში საწევრო შენატანი, რუსეთის ენერგომატარებლებსაც საფრთხე შეექმნა, ვეღარ აწვდიან ევროპას, ამიტომ თვითონ ევროპის მომავალი ბევრ შეკითხვას ბადებს.

ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლება ადეკვატურად იქცევა, მაგრამ მათ, ვინც დღეს გარეთ დგანან, არც ინფორმაცია აქვთ, არც იმის თავი, გააანალიზონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. მათ უკან დამალული ოპოზიცია არ არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის მოწოდებული, ეს არის გარედან დაფინანსებული ოპოზიცია, რომელიც ანტიქართულ ინტერესს ატარებს, ვიღაცის დაკვეთებს ასრულებს და, საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ანგარებიანი ხალხია. პატრიარქმა თავის ქადაგებაში ძალიან კარგად აღნიშნა, არ უნდა იყო ორიენტირებული მხოლოდ შენს პირად ინტერესებზე, პირველ რიგში, უნდა დააყენო ქვეყნის ინტერესები, - აცხადებს თამარ კიკნაძე.