გიორგი ბაჩიაშვილი ციხის კარებს ნელ-ნელა და ეტაპობრივად უახლოვდება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცა. ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, როგორც ბიტკოინის მითვისების ნაწილი, ასევე „ფულის გათეთრების“ ნაწილი. რაც შეეხება სხდომის დახურვას, არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დასახელდა, რადგან დაკითხვის დროს, საუბარი შეეხებოდა ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს. ბაჩიაშვილის მხარე ამბობს, რომ კომერციული საიდუმლოების მიზნით სხდომის დახურვის მოთხოვნა ზოგადი ფრაზებით არ უნდა იყოს დასაბუთებული.
სასამართლოს დაწყებამდე ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს ობიექტური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროცესის დახურვა ემსახურება იმას, რომ ივანიშვილმა საჯაროდ არ გასცეს კითხვებს პასუხი. თუმცა, ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ადვოკატმა თემო წიქვაძემ განაცხადა, დაკითხვის შედეგად კვლავ დასტურდება, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა ივანიშვილის კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას.
„ფაქტი შემიძლია დავადასტურო. თქვენც იცით, როდის დაიწყო სასამართლო სხდომა, თავდაპირველად რამდენიმე შუამდგომლობის განხილვა იყო, რაც ნახევარი საათი გაგრძელდა, 1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ, არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონიათ.
ეს ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ საკითხი ძალიან მარტივადაა, ყველა გარემოებით, მტკიცებულებებით, ჩვენებებით დასტურდება, რომ ინვესტორი ამ საქმეში ჩემი მარწმუნებელია. როდესაც არ გაქვს ფული, არ გაქვს უზრუნველყოფა და საკუთარ თავზე არ იღებ ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ვერავინ დაგიძახებს ინვესტორს“, - განაცხადა თემო წიქვაძემ.
გახმაურებული საქმის პროკურორის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, ცალსახად დადასტურდა, როგორც ბიტკოინის მითვისების ნაწილი, ასევე „ფულის გათეთრების“ ნაწილი, რაც მიხეილ სანდოძის განცხადებით, დეტალებში იქნა ახსნილი. როგორც სახელმწიფო ბრალდება ამბობს, ამ საქმეში დოკუმენტები ნამდვილად არ არის ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ძლიერი მხარე.
„ყველაფერი ძალიან დეტალებში იქნა ახსნილი, განმარტებული, მითითებული კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ გარემოებაზე, რაც თავის მხრივ, დოკუმენტურადაა დადასტურებული. არც ერთ კითხვაზე თავი არ აურიდებია, არ ვიცი, ამ ფორმით რატომ არის გაჟღერებული. არც ერთი კითხვა არსებით გარემოებაზე მე ნამდვილად არ მომისმენია, ამის შესაძლებლობა თავად ბრალდებულსაც ჰქონდა და მას ნამდვილად არ გაუჟღერებია, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ძალიან დაზუსტებული პასუხები მიიღო“, - აცხადებს პროკურორი.
როგორც სანდოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასამართლო პროცესზე ბაჩიაშვილმა დასვა რამდენიმე კითხვა, თუმცა შინაარსი იმ კატეგორიის ან იმ წონის არ იყო, რომ ვინმეს თავი აერიდებინა. ყველა კითხვა, რაც დასვა ჩემი დაკითხვის ფარგლებში, პასუხი გაცემული იყო. ძალიან მეეჭვება, რომ ეს ჩვენება ან რამე დოკუმენტი დაცვამ სათავისოდ გამოიყენოს.
„ყველა ურთიერთობა დოკუმენტზეა გადატანილი, პირდაპირ გეტყვით, რომ დოკუმენტები ნამდვილად არ არის ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ძლიერი მხარე ამ საქმეში, რადგან თუ დოკუმენტებს პირდაპირ მივყვებით, იმ კომპანიაში, რომელზეც სესხის გაცემა და ინვესტიციის განხორციელება მოხდა, ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად, გიორგი ბაჩიაშვილი არც დირექტორი და არც დამფუძნებელი არ იყო. დოკუმენტაცია არსებობს, უფრო მეტიც, არსებობს სახელობითი დოკუმენტაცია, რომელიც ბრალდებულს უკავშირდება. ასევე საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ საქმეში დაზარალებულის ინვესტიცია იყო ჩადებული“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაემუქრა. ბრალდებულის თქმით, ივანიშვილმა უთხრა, რომ სამოქალაქო დავის ნაწილში მისი გარკვეულ პასუხისგებაში მიცემაა მოსალოდნელი. ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ დახურულ სხდომაზე, სადაც ივანიშვილი ჩვენებას აძლევდა, ის არც ერთ კონკრეტულ კითხვას არ პასუხობდა, ან პასუხის გაცემას თავს არიდებდა.
„მთავარი მოწმე არც ერთ დეტალს არ იხსენებდა, შესაბამისად, კითხვაზე, რაც დოკუმენტს, ფაქტობრივ გარემოებას შეეხებოდა, პასუხს თავს არიდებდა. ზოგადად თქვა, მე ვიყავი ინვესტორი და აბა, ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო. თუმცა, ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევებში გაუკეთებია რამდენიმე ასეული ათასი დოლარით მათ შორის, გარანტიის გაცემაც კონკრეტულ პირზე, რომელიც მისი ნათესავი არ ყოფილა. ანუ მას ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩენა უნდა, თითქოს, ბაჩიაშვილზე კრედიტის მიცემა იქნებოდა ყველანაირ აზრს მოკლებული და გამორიცხული იყო.
გაჟღერდა მუქარის შემცველი რამდენიმე წინადადებაც, მათ შორის, სხვა სამოქალაქო სამართლის ურთიერთობას ვგულისხმობ, რაც ფონდის სხვა სტრუქტურულ ნაწილებს შეეხება, ის პირდაპირ დამემუქრა, რომ იქაც მოსალოდნელია გარკვეულ პასუხისგებაში ჩემი მიცემა. ამის არ მეშინია, მესამე შემთხვევა იქნება, როცა სამოქალაქო საკითხი სისხლის სამართლის კუთხით განიხილება ივანიშვილის დავალებით. ასევე, ივანიშვილმა თვითონვე თქვა, არ არსებობს მისი ინფორმაციით, ან მისი დავალებით ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ინვესტიციას გარდა იმ მოკლე, 45-დღიანი სესხის გარანტიის ხელშეკრულებისა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
კითხვაზე, მუქარა ახალი დავის დაწყებას ეხებოდა თუ არა, ბრალდებულის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მასთან პრეტენზია აქვს, რომ როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მის როლს გადაამეტა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება.
კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.