საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელი და დამაზიანებელი იყო ის პროცესი, რომელიც თან ახლდა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას. მისი თქმით, ხდებოდა ამ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია, მათ შორის, მისთვის „რუსული კანონის“ იარლიყის მიკერება. როგორც მინისტრმა განაცხადა, სინამდვილეში კანონი მიმართული იყო იქითკენ, რომ საზოგადოებას ჰქონოდა მეტი ინფორმაცია და საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსების პროცესები ყოფილიყო გამჭვირვალე.
„იმისათვის, რომ აღარ იყოს სპეკულაციები ამ კანონის რომელიმე სხვა ეროვნულ კუთვნილებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, ანალოგი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საუკეთესოდ იცავს ეროვნულ ინტერესებს სწორედ გარე ჩარევებისგან და ამიტომაც შესაძლებელია იგივე ანალოგით მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ცვლილება თუ განახლება, როდესაც ვსაუბრობთ საკუთარი ინტერესების დაცვაზე უცხოური გავლენებისგან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის დაინიცირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.