არჩილ გორდულაძე:

არჩილ გორდულაძე: "ქართველ ხალხს აქვს უფლება, ისევე დაიცვას თავი უცხო ქვეყნის გავლენებისგან და აგენტურისგან, როგორც ამას აშშ-ში, ამერიკელი ხალხი აკეთებს"

"ქართული ოცნება" ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობას დღეიდან იწყებს. ერთი მათგანი გულისხმობს ამერიკული "ფარას" ანალოგიური კანონპროექტის მიღებას, რის შემდეგაც გამჭვირვალობის კანონი უნდა გაუქმდეს. კიდევ ერთი ინიციატივა ეხება მედიას.

პარლამენტში ამერიკული "ფარას" კანონის მსგავსი პროექტის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაინიცირებულ კანონპროექტში ყოველგვარი
ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული "ფარა".

"ერთი ერთში, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული "ფარა". იქ ჩაშლილი რაც არის ლობიზმთან დაკავშირებით და სხვა რეგულაციები, არცერთი ცვლილებას არ განიცდის. აი, ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ "რადიკალი გიჟებისგან" ფინანსდებოდნენ - ეს არ არის ჩვენი ტერმინოლოგია, ამერიკის ხელისუფლების ტერმინოლოგიაა და რომელიც ამერიკის ტერმინოლოგიითვე გამოცხადებული არიან დანაშაულებრივ ორგანიზაციებად.

ამ ორგანიზაციებმა ამიტომ უარყვეს რეგისტრაცია, ამიტომ არ უნდოდათ ამ კანონმდებლობის მიღება. გნებავთ ამერიკული სტანდარტი?.. იქნება ამერიკული სტანდარტი.

ცალსახად ვამბობთ, რასაც წაიკითხავთ "ფარაში", ერთი-ერთში იქნება ჩვენთან. სიტყვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ვერანაირი რეგულაცია საქართველოში ვერ იქნება შემოღებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორგილაძის განცხადებით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკელი ხალხი იცავს საკუთარ თავს უცხო ქვეყნის გავლენებისგან და აგენტურისგან, ანალოგიურად აქვს ქართველ ხალხს უფლება, რომ თავი დაიცვას.

"მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგობაში არ არის. ანალოგიური კანონი იქნება ჩვენთანაც, საქართველოში. შეუძლებელია დიდ ბრიტანეთში რაიმე არ იყოს სიტყვისა და გამოხატვის საწინააღმდეგო, ხოლო საქართველოში იყოს.

ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც იქნა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული და მიღებული, მისი აღსრულება ბოლომდე არც არის დაწყებული. ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს უცხოეთიდან, არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ რეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში და შესაბამისად, კანონს არ შეუძლია თავისი ფუნქციის სრულად შესრულება. იქიდან გამომდინარე, თუ რა სკანდალი ტრიალებს ამერიკის შეერთებულ შტატებში USAID-თან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ დავიცვათ სახელმწიფო ინტერესი, საზოგადოება, ქართული ხალხი და გვქონდეს ისეთივე კანონმდებლობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკელი ხალხი იცავს საკუთარ თავს უცხო ქვეყნის გავლენებისგან და აგენტურისგან, ანალოგიურად აქვს ქართველ ხალხს უფლება, რომ თავი დაიცვას", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.