დიდი ხანი ვითხოვდი და მალავენ დაფინანსებას. ახლა უკვე ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ NED არის თაღლითური ორგანიზაცია და მალავს თავის დაფინანსებებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მედიის დაფინანსებაზე საუბრისას.
მან მაგალითისთვის მოიყვანა NED-ის მიერ 2020-2021 წლებში „TV პირველის“ დაფინანსების ფაქტიც.
„საარჩევნო პერიოდში NED აფინანსებდა „TV პირველის“ ჟურნალისტების ხელფასებს. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როდესაც „TV პირველი“ იყო მოწინავე დეზინფორმაციის გავრცელებაში. ეს არის პერიოდი, როდესაც 2021 წელს შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები არის, რომელიც გამოიგონეს „TV პირველის“ სახეებმა, ჟურნალისტებმა და მათ შორის, „ფორმულამ“, გამოიგონეს ყალბი ისტორია, თითქოს იყო მკვლელობის რაღაც ასპექტები, რომელიც დაფარული იყო - ერთ შემთხვევაში - მკვლელობის და მეორე შემთხვევაში - თვითმკვლელობის, ახლა აღარ გავიხსენებ ამ შემთხვევებს, მაგრამ გამოიგონეს ჩვეულებრივი ყალბი ამბავი ხაზარაძისა და კეზერაშვილის ტელევიზიებმა და რამდენიმე თვე წინასაარჩევნოდ ტვინს ურეცხავდნენ ამომრჩეველს და ამას აფინანსებდა NED აშშ-ის ბიუჯეტიდან.
ეს აჩვენებს ზუსტად, რომ რა თქმა უნდა, რისკია, როდესაც უცხო ორგანიზაციები აფინანსებენ ამა თუ იმ მედიას, ვინაიდან ვხედავთ, რომ ეს მედიები ატარებენ მისი დამფინანსებლის ინტერესებს, გავლენას. ემსახურებიან არა სიმართლეს, არა საზოგადოების ინფორმირებას, არამედ ემსახურებიან საკუთარ დამფინანსებელს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის დაფინანსებაზეც.
„რაც შეეხება ევროკავშირის დაფინანსებას, აქაც უამრავ მაგალითს მოგიყვანთ, მათ შორის ჯილდოებს რომ გასცემენ, ამასთან დაკავშირებით სხვა დროსაც მისაუბრია - საპრიზო ადგილებზე როგორ ხვდება ჩვეულებრივი, დეზინფორმაციული სიუჟეტი.
იცით, ევროკავშირის საელჩო კონკურსს ატარებს ჟურნალისტებისთვის და საპრიზო ადგილზე გასულია ერთ-ერთი სიუჟეტი, თუ არ ვცდები, „TV პირველის“ სიუჟეტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით და სათაურად აქვს „რუსული მარში“. ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა ასეთ რამეს რომ აკეთებს - ასეთ ჟურნალისტს, ასეთ სიუჟეტს საპრიზო ადგილს ანიჭებს - სიუჟეტის სათაურშივე ჩადებულია დეზინფორმაცია, ტყუილი და პროპაგანდა! პირდაპირ სათაურშია პროპაგანდისტული მესიჯი ჩადებული, საერთო ჯამში, ესეც აჩვენებს ყველაფერს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.