წყალწაღებული ოპოზიცია წყალწაღებულ ნაპრეზიდენტალს აეკიდა

წყალწაღებული ოპოზიცია წყალწაღებულ ნაპრეზიდენტალს აეკიდა

ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმეხნიანი გაუჩინარების შემდეგ, კვლავ პოლიტიკურ ავანგარდში მოქცევას ცდილობს. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციის 49 დეპუტატს, მათივე მოთხოვნით სადეპუტატო მანდატები გაუუქმა, ზურაბიშვილი დღის სინათლეზე გამოჩნდა. მან თავისთან დაიბარა ევროპული ქვეყნების ელჩები და 4 პოლიტიკური ძალის ლიდერები. რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პოლიტიკური ცხოვრება ოფიციალურად ქვეყანაში დასრულდა და ასე იქნება იქამდე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ელჩებს განუცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სანქციები ბიძინა ივანიშვილზე კიდევ უფრო გამკაცრდეს და ილუზიაა იმის წარმოჩენა, თითქოს ამ ხელისუფლებას ვინმე ესაუბრება. ზურაბიშვილს მხედველობაში აქვს პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთსა და ისეთ ქვეყნებში, რომელიც მისი მტკიცებით, დასავლური სამყაროს ნაწილი არ არის და მათი ლეგიტიმაცია არავის სჭირდება.

„ბრძოლა გრძელდება ყველგან, ჩემთვის, მაგალითად, გუშინ - ვაშინგტონში, ხვალ მიუნხენში, პარიზში, სადაც შეიძლება, რომ მიხვიდე და სთხოვო, რომ უფრო ნათელი იყოს ამ რეჟიმის კვალიფიკაცია“, - ამბობს ზურაბიშვილი.

მანამდე კი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ველიდან გაუჩინარებაზე კითხვები აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანია მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ხდება რამე? მოსაყოლიც არაფერია? სმს მაინც მოგვწერეთ ხალხს. ზოგადად, პოლიტიკოსებზე რა გსმენიათ? რას აკეთებენ ან რას აპირებენ? მორჩა კინო?“, - დაწერა სოციალურ ქსელში ნანკა კალატოზიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან და ელჩებთან შეხვედრა განპირობებულია ერთადერთი მიზნით, რომ მას შეუძლია დასავლეთთან კომუნიკაცია. კავშირები აქვს და შესაბამისად, წყალწაღებული ოპოზიცია მის ამ მხრივ გამოყენებას ცდილობს. სხვაგვარად მასთან ვერც ოპოზიციონერი ლიდერები თანხმდებიან ვერაფერზე და ზურაბიშვილსაც ქვეყნის შიგნით არანაირი გავლენა არა აქვს საზოგადოებაზე.

„ფაქტია, რომ ოპოზიციას ზურაბიშვილი ახლა მხოლოდ კონტაქტებისთვის სჭირდება, სხვა რამეში მას ვერაფერში გამოიყენებენ. ზურაბიშვილი არ არის არც ოპოზიციის გამაერთიანებელი და ვერც ლიდერის ფუნქციას შეითავსებს. ამ ხნის განმავლობაში დამალულია და მისი როლი ჯერ თავად ვერ გაარკვიაა, რა არის. ოპოზიციაში მას მთავარ ლიდერად არ იღებენ, მაგრა, ფიქრობენ, რომ ახლა სჭირდებათ დასავლეთთან საკონტაქტოდ და ამ მიმართულებით გამოიყენებენ. ზურაბიშვილის ამბიციები და რთული ხასიათი არ აძლევს მას საშუალებას, რომ ოპოზიციას ლიდერობა გაუწიოს. მეორეც, ოპოზიციაში ლიდერობა თავად სურთ. თავს იქ ყველა  ლიდერად მიიჩნევს.

ზურაბიშვილმა არაერთი ე.წ. ქართული ქარტია და გეგმა შეიმუშავა, რასაც ოპოზიციამ ხელი მოაწერა, მაგრამ ამოქმედდა? ვინმე მას ახსენებს? ეს არის მხოლოდ მოჩვენებითი მოქმედებები, რომ აი, რაღაცას აკეთებენ. დასავლეთისთვის და საკუთარი მხარდამჭერებისთვის სურათის შექმნა უნდათ. ზურაბიშვილმა ოპოზიციური მხარდამჭერებისგან და ამ აქციის ორგანიზატორებისგან საყვედურები უკვე მიიღო, ამიტომაც ის ცდილობს ახლა პროცესებში ვითომ ჩართვას. მას უკვე როგორც პრეზიდნტს, აღარც დასავლეთში მოიხსენიებენ, ის უკვე ყოფილი პრეზიდენტია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციამ ერთგვერდიანი გეგმაც კი ვერ წარმოადგინა, რა შეიძლება გააკეთონ. ამიტომ მათი ფაციფუცი მას შემდეგ, რაც პარლამენტი, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა, დაკარგეს, არაფრის მომცემია.

„ფაქტია, რომ ოპოზიციის მხრიდან ერთგვერდიანი სამოქმედო გეგმის დოკუმენტიც კი არ დადებულა. მხოლოდ ისმის ლოზუნგები, ჩამოვაგდოთ, გადავაგდოთ, სანქციები დავადებინოთ, ივანიშვილი გავაკოტროთ, რუსია. ხოლო გეგმა რომ აი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიცია რას იზამს, როგორ მოიქცევა, არ არსებობს. ისევ ამბობენ, რომ ივანიშვილს დავიჭერთ, ყველას გიმახსოვრებთ, ხალხს თითს უქნევენ და ემუქრებიან. რეალურად, მათ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვა მოუწევთ და თუ უარს იტყვიან ამაზე, მით უარესი მათთვის. ეს არის ოპოზიციის ჰარაკირის მსგავსი პროცესი, რაც უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ძალიან ცუდი შედეგებით ასრულებენ. ამიტომ მე ვერ ვხედავ ვერც ხსნას იმაში, რომ ზურაბიშვილი რაღაცას იტყვის და ოპოზიციიდან ყველა თანახმა იქნება. ან იტყვის ისეთს, რომ არიქა, ხვალვე ქუჩებში ხალხი გამოეფინება. პრეზიდენტობის დროს ვერ ქნა ვერაფერი და ახლა რა პოლიტიკური ლანდშაფტი უნდა შექმნას. ჩიხშია ოპოზიცია შესული და იქიდან ზურაბიშვილი ვერ გამოიყვანს“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ახლა საქართველოში მიმდინარე პროცესები მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სახით და მოცემულობით მოექცევა ტრამპის ინტერესში კავკასია. მისი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ტრამპი შეხვდება ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს და კავკასიის და საქართველოს საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე რა მოცემულობით დაიდება.

„სალომე ზურაბიშვილის დასავლეთში ჩასვლა და იქ შეხვედრების გამართვა ვერაფერს შეცვლის. აქ ორ ფაქტორზეა ახლა დამოკიდებული საქართველოში მიმდინარე პროცესები. პირველ რიგში, ვხედავთ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ჯერ ზედმეტ განცხადებას არ აკეთებენ. მარკო რუბიო, რომელიც სახელმწიფო მინისტრია, კარგად ერკვევა აქ არსებულ სიტუაციაში და მიუხედავად ამისა დუმს. საქმე ისაა, რომ ახლა საქართველოს საკითხი ტრამპის ყურადღების ცენტრში კავკასიის კონტექსტში უნდა მოხვდეს. მას შეხვედრები აქვს პუტინთან და სი ძინპინთან დაგეგმილი. ამიტომ გააჩნია რა პოზიცია და დამოკიდებულება ექნება ჯერ პუტინს და მერე სი ძინპინს საქართველოზე, რა დაიდება მაგიდაზე და სად მოვხვდებით ჩვენ. ზურაბიშვილის ლაპარაკზე გეოპოლიტიკურ პორცესს არავინ გადაწყვეტს და არც ხელისუფლების აღიარება-არაღიარების საკითხს“, - ამბობს საყვარელიძე.

 

 

Gami კინო არც დაწყებულა, იმიტომ რომ "კინომეხანიკი" მექათმეა!
2 საათის უკან
Aburjga Tasmanieli ყველა დასავლეთის სამყაროს მოთყვანეს ვურჩევ წაიკითხონ "დასავლეთელი" დიდი მწერალის ფრანც კაფკას "პროცესი"!!! ამის შემდეგ გოდფერდო პარიზეს "პატრონი", კიდევ თუ დასავლეთისკენ გაუწიათ გულმა, მაშინ ხელი მოისვან!!!
1 საათის უკან