„გახარიამ ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს - მან კონკურენტები ერთი ხელის მოსმით მოიშორა“

„გახარიამ ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს - მან კონკურენტები ერთი ხელის მოსმით მოიშორა“

მას შემდეგ, რაც თვითგანადგურების რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების გაუქმება გზაში წამოეწია, გიორგი გახარიამ და მისმა გუნდმა მანდატებიც შეინარჩუნეს და მოსუფთავებულ ოპოზიციურ ველზე პოზიციებიც გაიმყარეს. 3 პარტიის 49 დეპუტატმა მანდატები, სადეპუტატო ხელშეუხებლობა, პრივილეგიები, მაღალი ხელფასები და სხვა ბევრი სიკეთე დაკარგა. ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ამ დრომდე მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით ირიცხება, გიორგი გახარიას გუნდია. პარლამენტისთვის მათ ამ დრომდე არ მიუმართავთ. სამი ოპოზიციური გაერთიანებისგან დისტანცირებას გიორგი გახარიას გუნდი მათ მიერ შერჩეული ტაქტიკით ხსნის. ამბობენ, რომ ფუნდამენტურ საკითხებში სხვა პარტიების მიდგომებს იზიარებენ, თუმცა მანდატების გაუქმებაზე პარლამენტისთვის მიმართვის საკითხში სტრატეგია განსხვავებული აქვთ. „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში 12 მანდატი აქვთ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.

პარლამენტი, რომელიც 150 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, 101 წევრიანი გახდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, გვარამია-მელიას გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ სათადარიგო-საარჩევნო სიები „ჩახსნილი“ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკლებული წევრების ნაცვლად, მათი საარჩევნო სიიდან პარლამენტში ვერავინ შევა.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მათი პარტია მმართველ გუნდს ასეთ ფუფუნებას არ მისცემს და პარლამენტს არ დატოვებენ. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

„ჩვენ არ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ დავწეროთ განცხადება. თუ უნდათ მანდატების შეჩერება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მაისისთვის შეიძლება მიიღონ [ეს გადაწყვეტილება]. მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, ჩვენი დახმარების გარეშე“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გიორგი გახარიას გუნდის არჩევანი საპარლამენტო უმრავლესობას არ გაჰკვირვებია. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ასევე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი გახარიას გუნდი პარლამენტში არ ივლის და მათ კანონით გათვალისწინებული გაცდენები ექნებათ, სადეპუტატო მანდატებს ისინიც დაემშვიდობებიან.

უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, 4 ნაცური პარტიიდან ერთი - გახარია, ტაქტიკურად სხვა გადაწყვეტილებებს მიმართავს, ისინი, ალბათ, იტყვიან, რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არიან და შემოვლენ პარლამენტში.

მისი განმარტებით, გახარიას პარტიას სჩვევია, რომ საჭირო მომენტში მათთვის სასარგებლო ტაქტიკა მოიშველიონ.

„4 ნაცური პარტიიდან, ტაქტიკურად გადანაწილდნენ ისე, რომ 3-მა დაწერა მანდატების შეჩერებაზე განცხადებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ დაადასტურა და 49 ნაცი პარლამენტში უკვე ვეღარ იქნება. თუმცა, ამ 4-დან ერთი პარტია - გახარია ტაქტიკურად სხვა გადაწყვეტილებებს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს, ისინი არ წერენ განცხადებებს. ალბათ, შემდეგ იტყვიან, რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არიან და შემოვლენ პარლამენტში. მათ სჩვევიათ, რომ საჭირო მომენტში მათთვის სასარგებლო ტაქტიკა მოიშველიონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას გახარიას გუნდთან დაკავშირებით, „ნაციოანლური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ იმედია გიორგი გახარია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ის ბიძინა ივანიშვილის თამაშში ჩართული არ აღმოჩნდება. მისი თქმით, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია მაინც არასდროს ექნება, ამიტომ გახარიას „ოცნების“ თამაშში შესვლას არ ურჩევს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს გიორგი გახარიამ აჩვენა, ამ ოპოზიციისგან განსხვავებით ბევრად პრაგმატულად და ლოგიკურად აზროვნებს. ხოლო საბოტაჟნიკებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური ალღო აქვს. შესაბამისად, გახარიამ არ დაასწრო მოვლენებს და მანდატებზე უარი არ თქვა. ამიტომ არაა გამორიცხული, ის პარლამენტშიც ვიხილოთ.

„გახარიას მოგებაა ის, რომ ის და მისი გუნდის წევრები კარგ ხელფასს აიღებენ, კარგი მანქანებით და კომფორტით ისარგებლებენ; ექნებათ სამანდატო პრივილეგიები; კარგ მივლინებებში წავლენ დეპუტატების სტატუსით; გამოვლენ ტელევიზიაში და ილაპარაკებენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. გახარიამ თავიდან განაცხადა, რომ მანდატებს არ დატოვებდნენ. ის უტვინოდ არ იქცევა და აჩვენა, რომ პოლიტიკური ალღო აქვს. უტვინოდ იქცევა კოლექტიური „ნაციოანლური მოძრაობა“, რომელთაც ეგონათ, რომ „ოცნება“ მანდატებს არ გაუუქმებდა და აქეთ შეეხვეწებოდა. აქაც ძალიან მწარედ შეცდნენ. გახარია პრაგმატული პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მას სავაჭრო „ოცნებასთან“ არაფერიც არა აქვს.

გახარიამ კარგად იცის, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციურ ფლანგზე გზას ითავისუფლებს. ისედაც წყალწაყებული რადიკალური ნაცობა ახლა უფრო ჩაირეცხება. ამით კი მას მთელი პოლიტიკური ველი ცარიელი დარჩება. ის თუ პარლამენტში შევა, ამ ტრიბუნას ისევ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს. გახარიამ ამ ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, მარტო ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს. ამ უტვინო ნაციონალებმა საკუთარი დასაკლავი დანა თავად ალესეს“,-ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ექს-პრემიერი თავის პარტიასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადება, რისთვისაც საპარლამენტო მანდატს მშვენივრად გამოიყენებს. დაფინანსებაც აიღო და ოპოზიციურ ველზე გაკოტრებულ ოპოზიციას კიდევ უფრო გვერდით ჩააჩოჩებს.

„გამოდის, გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე მოწინააღმდეგე მხარე აღარ ეყოლება. კონკურენტები ერთი ხელის მოსმით მოიშორა. ის ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პოლიტიკურ მოუსავლეთში გადადის. მას თავით მიჰყვება ეს უბედური ბანკირების ვითომ პარტიაც. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ გახარიამ, ფაქტობრივად, უბრძოლველად გაინაღდა ის ადგილი, რომელსაც ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებში მოიპოვებს. ამიტომ იმ 49 კაცმა პოლიტიკური სამარე საკუთარ თავებს თავად გაუთხარეს, გახარია კი მათ მიწას მიაყრის. ასევე ნაციონალების გასამართლების პროცესიც მშვენივრად გამარტივდება. ეს ხალხი აღარ იქნება პარლამენტის წევრი და ვისაც რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მოეკითხებათ“, - ამბობს გვენეტაძე.

 

Gami გახარიას და მითუმეტს ცქიტიშვილის, მეზვრიშვილის, ბუჩუკურის პოლიტიკური ალღო და "ეშმაკობა" არ გაიშვას. წაიმითხონ კარგად პარლამენტის რეგლამენტი -- არ ივლიან სხდომებზე და გაიყრებიან პარლამენტიდან შერჩებათ 3-4 თვისს ხელფასები, გაფშივებული პოლიტალღო და სიცარიელეში ოპოზლიდერობა.
14 წუთის უკან
დოი გახარია როგორ გაიძვერაცაა,ისეთი პარტმუშაკები ჰყავს.დიმიტრი ცქიტიშვილი ხომ საერთოდ,არაკაცის განსახიერება.საინტერესოა ეს ოცნებიდან გადაპორტირებული ხალხი,როგორ მოხვდნენ საერთოდ ოცნების სიაში,ყველაფერს ფარდა უნდა შეეცადოს!
6 წუთის უკან