150 წევრიანი პარლამენტი 101 წევრიანი გახდა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებოსილება შეუჩერა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“ საპარლამენტო ტრიბუნა ისე დაკარგეს, რომ არც გამოუყენებიათ. აღნიშნულმა სუბიექტებმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, ვინც დემოკრატიისა და მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს, ყოველთვის სამართლიან პასუხს მიიღებს.
„ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში იმყოფებოდნენ, რეალურად, პარლამენტში არც ერთი დღე არ უმუშავიათ. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა, გახსოვთ, რომ სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენა ჰქონდათ, ხან ბოიკოტის გამო, ხან ისე. რეალურად, პარლამენტში არც ერთი დღე არ უმუშავიათ. იმის გამო, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მათ შანსი მისცა, წარმოედგინათ საკუთარი ამომრჩევლის ნება, ამან გამოიწვია ის, რომ რადიკალური ოპოზიცია შეეცადა ეს პრეცედენტად ექცია.
2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად იმავე მცდელობას ვხედავთ - არჩევნების გაუქმებისა და ხალხის ენის უარყოფის. ვხედავთ იმავე მეთოდებს, მათ შორის, მანდატებზე უარის თქმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველი ხალხის სახელით, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია, მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გადაწყვეტილება მიღებულია. საპარლამენტო უმრავლესობა 3 პოლიტიკური გაერთიანების დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს დაუჭერს. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სადეპუტატო მანდატი ოპოზიციისთვის შანტაჟის იარაღია, რისი გამოყენების საშუალებასაც მმართველი გუნდი ოპოზიციას არ მისცემს.
ამასთან, მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც პარლამენტში შესვლის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მათზე შანტაჟის გამო ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
„დღეს ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ბევრი საკითხი გავიარეთ, მათ შორის ერთ-ერთი ეს იყო. ბევრი არგუმენტი იყო, როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში. გულწრფელად სჯობს იმის თქმა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც პლუსები, ასევე მინუსები აქვს გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ საბოლოოდ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით- არ შეიძლება მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და მეორე - ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული.
თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორც ეს წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ, თუმცა „ნაცი“ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას.
ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა. წარმოიდგინეთ, როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას, რადგან მათ ავალებენ, ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. ამიტომ, მხარს დავუჭერთ თითოეული მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რადიკალებს დღეიდან დეპუტატის მანდატი არ იცავს და ამ ფონზე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გავიდა. იქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
„ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ მანდატების შეწყვეტაზე მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ტიპის ლეგიტიმაციის მიღების იმედი გადაეწურა. „კოალიცია ცვლილებებისათვის“ ლიდერი ნიკა გვარამია კი სოციალურ ქსელში აანონსებს, რომ ან დაამხობენ ივანიშვილს და გამოსტაცებენ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლების ღვარღვარი მოუწევს. გვარამიას ეს ფრაზა - „დავამხობთ ივანიშვილს“ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარამიას წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან სადეპუტატო მანდატებზე ნებაყოფლობითი უარის თქმა სუიციდის ნაირსახეობასთან არის გაიგივებული, პოლიტიკური „წესის აგება“ ვერ შედგება, თუმცა მეუფე ზენონთან ამ თემაზე კონსულტაციები გრძელდება. პოლიტიკური „სუიციდნიკების“ მოხსენიება მათ ამომრჩეველს შეუძლია პარლამენტს მიღმა, „გულსა შინა თვისსა“.
„როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში უარი თქვეს ამ მანდატების გამოყენებაზე, ეს იმით იყო განპიროვნებული, რომ ორ ფრონტზე უნდა განხორციელებულიყო მათი დესტრუქცია ამ ქვეყანაში. ერთი ფორნტი გაიმართებოდა ქუჩაში, მეორე პარლამენტში და ამ ორფრონტიანობის უკან იყო მათი სიტუაციური მოკავშირე, მათი იდეების განმსაზღველი, მათი აგენტოკრატი ძალა ბაიდენის ადმინისტრაციის და ინსტრუმენტის სახით, რომელსაც ჰქვია USAID-ი, სოროსის ფონდი და ა.შ. რომელიც ფინანსურად ასაზრდოვებდა ამ ორვე ფრანტს - ერთს ქუჩაში და მეორეს პარლამეტში.
ორივეს უნდა ემუშავა სახელმწიფოს და ხელისუფლების დასუსტებაზე. ერთს ქუჩაში და მეორეს საკანონმდებლო ორგანოს ფარგლებში ბოიკოტირებისა და საბოტაჟის რეჟიმში. დღეს, შეიცვალა სიტუაცია. მათ არ გააჩნიათ ბაიდენის ადმინისტრაცია დავალების მიმცემად და არც ფინანსური ნაკადები არ გააჩნიათ. ამიტომ, მეორე ფრონტში შესვლას მათთვის არანაირი ალიბი არ აქვს“, - აცხადებს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, რადიკალებს, ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ამჯერად მაიდანი, რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება სათავისოდ წარმატებით დასრულდებოდა. ამიტომ, დღეს, უკვე, მათ პარლამენტში ყოფნას არც მორალური, არც პოლიტიკური აზრი არ გააჩნია.
„მით უმეტეს იმ პარლამენტში ყოფნას, სადაც ამ კვირაში დამტკიცდება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, რომელიც შეუდგება მუშაობას სწორედ მათი რეჟიმის, მათი ბელადის და თითოეული მათგანის როლის გამოაშკარავების მიზნით, რასაც ისინი მავნებლურად აწარმოებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.
ნურავის დაგვავიწყდება, ერთია ის დანაშაული, რომელსაც ჩადიოდნენ 2004-2012 წლის ჩათვლით და მეორეა ის დანაშული, რომელსაც ისინი ჩადიოდნენ ბრიუსელის, ვაშინგტონის და სტრასბურგის დერეფნებში ქვეყნის დასუსტების, ხელისუფლების დისკრედიტაციის და ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად. ყველაფერი იქნება გამოძიებული, ყველაფერი გახდება სააშკარაო და ამიტომ, მათ უნდა იფიქრონ ფიზიკურ და პოლიტიკურ გადარჩენაზე.
ამიტომ საინტერესოა, რა ტრანსფორმაციას ვიხილავთ ჩვენ პარლამენტს კედლებს მიღმა მათ რიგებში, ქუჩის აქციებს აზრი არ აქვს. დასავლეთიდან და აშშ-დან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ფინანსური ნაკადი შეუწყდებათ, უკვე თუ არ შეუწყდათ და გარდაუვალია ამ კომისიის მუშაობის შედეგები, რომელსაც კომისია დადებს სექტემბრის თვეში, მათ მიმართ როგორც კონსტიტუციური, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამიტომ, არც მეცოდებიან ისინი. გარკვეულწილად მეცოდება მათი ამომრჩეველი, რომელიც მორიგ ჯერზეც მოტყუებული დარჩა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.