გატყუებენ მეგობრებო. თუ ვინმე შემორჩენილხართ, გულწრფელად რომ გჯერათ, რომ ჩელიაბინსკში ვართ და ათასი სისულელის, ასე გატყუებენ, თავად „ბათუმელები“, რომელიც პირველი დაინტერესებული ორგანიზაცია უნდა იყოს, როგორ გადარჩეს, იყოს ჯანმრთელად მათი დამფუძნებელი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, გამოცემა „ბათუმელებმა“ მისი გუშინდელი ციტატა სპეკულაციისთვის გამოიყენა და განცხადებაში, სადაც ხელს ადებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს იმაში, რომ ამაღლობელს შიმშილისკენ მოუწოდებენ, რაც მას ფატალურ შედეგამდე მიიყვანს, ეს სიტყვები ამოიღეს.
„შიმშილს თუ არ დაანებებს ადამიანი თავს, სამწუხაროდ, ბოლოს ფატალური შედეგი დგება. ეს უნდათ და ამისკენ მოუწოდებენ მეთქი - ეს ყველაფერი ამოჭრეს და [დატოვეს] შიმშილი მთავრდება სიკვდილით. ეს არის ბინძური სპეკულაცია. თუ ვინმე შემორჩენილხართ, გულწრფელად რომ გჯერათ, რომ ჩელიაბინსკში ვართ და კიდევ ათასი სისულელის, ასე გატყუებენ თავად „ბათუმელები“, რომელიც პირველი დაინტერესებული ორგანიზაცია უნდა იყოს, როგორ გადარჩეს და ჯანმრთელად იყოს მათი დამფუძნებელი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამაღლობელი დაკავებული იყო, რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს და პოლიციელს შეგნებულად დაარტყა ხელი, რა დროსაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა აღკვეთოს, მათ შორის პრევენციული მიზნებით.
„თუ რომელიმე პატიმარი შიმშილობის საფუძველზე დატოვებს ციხეს, ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დამანგრეველი იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ ყველა პატიმარი დაიწყებს შიმშილობას და ყველა სახლში უნდა გაუშვა. ასეთ დათმობაზე არცერთი სახელმწიფო არ მიდის. მართალი არის თუ არა ადამიანი, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. როდესაც ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში პოლიციელს მისი თანამშრომლების თვალწინ სახეში ხელს ურტყამს ადამიანი და შემდეგ ეს გინდათ გმირობად გაასაღოთ, ეს არის თქვენი [ჟურნალისტს მიმართავს] მავნებლობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. მზია ამაღლობელს მოუწოდებთ შიმშილისგან სიკვდილისკენ და თქვენ ამით კლავთ. ეს ადამიანი გმირი ვერ იქნება და მითუმეტეს, შიმშილობის საფუძველზე ვერ გათავისუფლდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.