სატრანსპორტო სისტემა თუ საცდელი ლაბორატორია?!

სატრანსპორტო სისტემა თუ საცდელი ლაბორატორია?!

საქართველოში მომსახურების სფეროს მიმართ უკმაყოფილება მუდმივად იზრდება. კლიენტები უკმაყოფილონი, ძირითადად, ორი მიზეზით არიან - ან მომსახურების ხარისხია დაბალი, ან კიდევ ფასებია ზედმეტად მაღალი. თუმცა, არის სერვისი, რომლისადმიც ორივე პრეტენზია გაისმის. ეს სატრანსპორტო სისტემაა. ამასთან, ამ სფეროში იმდენი ექსპერიმენტები ხორციელდება, რომ მგზავრებს სიახლეების გაცნობა უჭირთ. 

ერთი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი გადაადგილდება ავტობუსით თუ სამარშრუტო ტაქსით. მგზავრების მთავარი პრეტენზიაა ის, რომ ტრანსპორტი საკმაოდ გაუმართავია და მგზავრობაც არაკომფორტულია. ავტობუსებიც და სამარშრუტო ტაქსებიც ძველია და ზოგიერთ მათგანში ჩაჯდომა საშიშიცაა. მგზავრები უკმაყოფილებას მგზავრობის საფასურის გამოც გამოთქვამენ.

“ხანდახან ტრანსპორტში რომ ვზივარ, ვოცნებობ, არ ავფეთქდე. ყველაზე მძიმედ საქმე, ალბათ, ამ სფეროშია. ავტობუსები როცა შემოიყვანეს, უკვე მაშინ იყო ძველი და საერთოდ რატომ იყიდეს, ძნელი სათქმელია. ახლა, რაც ხაზები შეამცირეს, გადაადგილება კიდევ უფრო არაკომფორტული გახდა. გარდა იმისა, რომ გადაჯდომა გიწევს და ისიც პრობლემაა, რომ გადატენილია ყველა ავტობუსი. გაჩერებაზეც დიდი ხნის განმავლობაში ლოდინიც ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

სამარშრუტო ტაქსებშიც არაა უკეთესი მდგომარეობა. მათი უმეტესობა 14 მგზავრზეა გათვლილი და მძღოლები ორჯერ მეტს “ატევენ”. თანაც, პატარა სივრცეა და ხანდახან ჰაერი საერთოდ არაა. განსაკუთრებით, ზაფხულშია საშინელი მგზავრობა. ამდენ ხალხში, უჰაეროდ, მართლა კატასტროფაა.

ფასიც მიუღებელია. რატომ უნდა ღირდეს ავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი? ეს ძალიან ძვირი ფასია იმ მოფახფახებული ავტობუსებით მგზავრობისთვის. სამარშრუტო ტაქსისთვის უფრო არ დაგენანება 50 თეთრი, მაგრამ მგზავრობის გაძვირებაზე საუბრობენ”, - ასეთი აზრი აქვს ათიდან ცხრა თბილისელს, რომელთაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს მგზავრობა.

სატრანსპორტო სფეროში წლიდან წლამდე ვითარება რთულდება და მით უფრო იმ ფონზე, როცა მთელი სისტემა დედაქალაქის მერიის კონტროლქვეშ მოექცა. მერიას კი, მოგეხსენებათ, სატრანსპორტო ექსპერიმენტების განხორციელებაში ბადალი არ ჰყავს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ერთხელ აკრძალულს და გაუქმებულს გარკვეული დროის შემდეგ ხელახლა უბრუნდება.

ამჯერად, შესაძლოა, თბილისის მერიამ რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირზე სამარშრუტო ხაზები აღადგინოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაზაფხულიდან დედაქალაქის ცენტრში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა განახლდება.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლის, გიორგი ბერიანიძის განცხადებით, წლის ბოლომდე „საგარეუბნო“ სამარშრუტო ტაქსები ახალი მანქანებით უნდა ჩაანაცვლონ, მძღოლებს კი - ადგილების შენარჩუნებას ჰპირდებიან.
„მერიაში ერთ ფასზე შეჯერდნენ - ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით და მეტროთი მგზავრობა ერთი ფასი, 50 თეთრი ეღირება,“ - აცხადებს ბერიანიძე.

მძღოლების ცნობით, მათ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ფიქსირებული ხელფასების დანიშვნას დაპირდნენ. „გვითხრეს, მოჭრილ ხელფასს დაგინიშნავთ და მანქანებში აპარატს დაგიმონტაჟებთ, მგზავრი ფულს, როგორც ავტობუსში, ისე გადაიხდის, მძღოლებს ფულთან შეხება აღარ გექნებათო“, - აცხადებს #1 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

თბილისის მერიის პრესსამსახურის მთავარი სპეციალისტი, ნანუკა ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ მძღოლებს სამსახური შეუნარჩუნდებათ და არც სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა გაძვირდება. ქალაქის ცენტრში მგზავრობა ძველებურად 50 თეთრი ეღირება. რაც შეეხება ვაკესა და რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების აღდგენას, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამ საკითხზე ახლა მუშაობს და სადაც საჭიროდ ჩათვლის, ხაზებს იქ აღადგენს.

„შესაძლოა, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე ხაზი დაინიშნოს“, - მძღოლების ინფორმაციას ადასტურებს ზაქარეიშვილი.