„ამ გლობალურ გადალაგებაში, სადაც ტრამპი და მისი გარემოცვა სრულიად სხვა რეალობას ქმნიან, ჩვენი ოპოზიცია ამ ქცევებით ყურადღების მიქცევას ცდილობს“

„ამ გლობალურ გადალაგებაში, სადაც ტრამპი და მისი გარემოცვა სრულიად სხვა რეალობას ქმნიან, ჩვენი ოპოზიცია ამ ქცევებით ყურადღების მიქცევას ცდილობს“

ვინ მართავს და ვინ უდგას სათავეში თბილისში მიმდინარე აქციებს და ვისი ზედამხედველობით ხდებოდა თბილისის შემოსასვლელის ჩაკეტვა? მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები სწორედ ამერიკის საელჩოსთან კოორდინირებით იგეგმება. სახელისუფლებო გუნდში იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში მიდგომები შეიცვლება, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს კვლავ პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნებს. 

მმართველი გუნდი თბილისში, შეერთებული შტატების წარმომადგენლობაში, ე.წ. დიფ სთეითის კვლავ შემორჩენილ გავლენაზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ამოცანად სწორედ „დიფ სთეითთან“ ბრძოლას ასახელებს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ბიუროკრატიის ქვედა რგოლში გავლენების შემცირება არ შეინიშნება.

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროული ინფორმირება თბილისში ე.წ. გლობალური ომის პარტიის გავლენებს საგრძნობლად შეასუსტებს.

„ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის, გამკაცრების მიმართულებით და ეს პაკეტი დღეს შეგიძლიათ უკვე იხილოთ დეტალურად. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას წლების განმავლობაში დაგროვებული ძალიან ბევრი, გარედან ინსპირირებული, თავსმოხვეული ცვლილებების გამოყენება შეძლოს ვინმემ იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეზღუდოს და ხელისუფლებას არ ჰქონდეს ქვეყნის მართვის საშუალება პრაქტიკულად და ეს ფაშისტური გამოხტომები ისე იქნას რეალიზებული, რომ ამაზე სახელმწიფოს პასუხი არ ჰქონდეს. ამაზე სახელმწიფოს ექნება მკაცრი პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რეალური ბერკეტი, რომ მართოს ქვეყანა ისე, რომ გარე ძალებმა და მათმა აგენტურამ ვერ შეძლოს ვერც ეკონომიკის ზრდის გაუარესება. სამი და ოთხი პროცენტით ეკონომიკის უკან დაწევა არ არის პატარა საქმე, ამას გადავურჩებით, გავიტანთ, უკვე გასწორდა ეს პარამეტრები, მაგრამ რატომ? დეკემბერში რატომ არ უნდა ყოფილიყო ათი და რატომ უნდა გვიწევდეს ჩვენ შიგნით ბრძოლა აგენტურასთან და რატომ არ უნდა ვიბრძოდეთ ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის და ამ საქმეებით რატომ უნდა ვიყოთ დაკავებული?! ანუ, ჩვენ გვექნება ცვლილები, რომლებიც აგენტურას შეუზღუდავს სივრცეებს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის საბოტაჟი განახორციელონ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს აშკარა ჩიხია და ოპოზიციამ აღარ იცის რა გზას დაადგეს. ამიტომ ანალიტიკოსის აზრით, ეს არის წყალწაყებული ადამიანის ქცევა, რომლებიც ვა-ბანკზე მიდის. სწორედ ამის ნათელი მაგალითი იყო ის გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მნიშვნელოვანი მაგისტრალის გადაკეტვა მომხდარიყო და ფაქტია, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ.

„ხელწერა იგივეა, მათ სურთ, ამ ქცევით, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვით, პოლიციასთან ხელჩართული ჩხუბით, ტელესურათები შექმნან. ამას ითხოვენ მათი ლობისტები დასავლეთში, რომლებიც ოპოზიციას ეუბნებიან, რომ რაღაცა მოგვეცით. ეს „რაღაცა“ „კარწინკის“ შექმნაა. ეს უნდა ტოვებდეს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ აი, ქვეყანაში ქაოსია, პროტესტია. ხალხი გამოდის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ეს „რეჟიმი“ მათ პოლიციის ძალით უსწორდება.

დადიოდა ხალხი და პოლიტიკოსები ცდილობდნენ ჩრდილში ყოფილიყვნენ, მაგრამ ამან არაფერი არ მოიტანა. სულ სხვაა, როცა დილიდან გამოდიან დასავლეთში და ამბობენ, რომ აი, საქართველოში პროტესტი პოლიციური ძალით ჩაახშეს. ეს დანაშაულია და ა.შ. სწორედ ამას ცდილობს ოპოზიცია. აი, ამ გლობალურ გადალაგებაში, სადაც ტრამპი და მისი გარემოცვა სრულიად სხვა რეალობას ქმნიან, ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ეს გზის გადაკეტვა ხომ არ ჰგავს და არ არის ტოლი რუსთაველის გადაკეტვასთან. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს არის მაგისტრალური გზა, რისი პიკეტირებითაც ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას. თბილისი რომ დაიწვას და ნაცრად იქცეს, ეს იქნება საქართველოსთვის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემის შემქმნელი, ამათთვის ყველაფერი მოსულა. ოღონდ ხელისუფლება ჩამოიშალოს და არაფერი სხვა ამათ არ აინტერესებთ“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ქცევაც ამ გარემოებით იყო განპირობებული, რომ შექმნას სურათი, თითქოს ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, თანაც ჟურნალის და მედიის წარმომადგენელი. მისი აზრით, დასავლეთში ამაღლობელის სახელი, რაც უფრო ხშირად გაჟღერდება და ყურადღების ცენტრში იქნება, მისთვის უფრო უკეთესია.

„მზია ამღლობელის მხრიდან, რომელიც მანამდე დაკავებული იყო, ეს საქციელი შეგნებული პროვოკაცია იყო. იცოდა რომ დააკავებდნენ და მას სწორედ ეს უნდოდა. ამით თავადაც არანაკლებად არის მოგებული და თან ხელისუფლებას ბრალდება აქვს წაყენებული, რომ ჟურნალისტი დააკავეს. მზია ამაღლობელს რაც არ უნდა დაეწერა თავად, როგორც ჟურნალისტს, ასეთ ყურადღებას დასავლეთიდან დაიმსახურებდა? ეს არის მთლიანი პაკეტი იმისთვის, რაც შეიძლება მეტი ზიანი ხელისუფლებას მიადგეს იმისთვის, რომ ამით საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დიდი ზიანი ადგება.

ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი, ოღონდ ის მიზანი მიიღონ, რაც უნდათ. ვხედავთ, რომ სანქციები დიდად არ ჭრის, ევროკავშირიდანაც მათ მიერ დაწესებული სანქციები დიდი ვერაფერია, ამიტომ მიდიან სიტუაციის გამწვავებაზე, რომ როგორმე ხალხს შეექმნას პრობლემები. ხალხი, რომელიც არაფრით გამოდის ქუჩაში, არ დგება მათ მხარეს, უნდათ რომ დაისაჯოს. ეს არის მათი მიზანი, ქვეყანა დაზიანდეს როგორმე, რათა შემდეგ ამით თავად იხეირონ პოლიტიკურად. ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი და მათთვის სულერთია, ქვეყანას რაიმე უბედურება თუ დაემართება“,-ამბობს მამრაძე.