სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ბრალდებების საპასუხოდ, „ქართულმა ლეგიონმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გადაჭრით უარყო სლოვაკეთის ხელისუფლების „უსაფუძვლო და აბსურდული“ ბრალდებები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის შესახებ.
ამასთან, სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი ერიკ კალინიაკი თბილისში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „საქართველოში მთავრობის გადატრიალების ცოტა ხნის წინანდელი გეგმა“. ის ირწმუნება, რომ საქართველოსა და სლოვაკეთში საპროტესტო აქციები უცხოეთიდან ფინანსდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით. კალინიაკიმ უკრაინის ომში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ახსენა და ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მამულაშვილი გამოსახულია სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ინიციატივის, „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან ერთად.
რამდენად არის მოსალოდნელი გარკვეული ჯგუფის გააქტიურება საქართველოში იმისათვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს? ანდა, რამდენად არის შესაძლებელი ამ სცენარში მთავარ მოქმედ პერსონაჟად „ქართული ლეგიონი“ მოვიაზროთ?
ექსპერტი თენგიზ ფხალაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ლეგიონი“ საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს უკრაინულ-რუსულ ფრონტზე, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა როლს შეიძლება ასრულებდეს საქართველოში. მისი შეფასებით, ერთადერი, ვინც ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევას და ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს, თავად „ქართული ოცნებაა“.
„იმდენად, რამდენადაც ვიცნობ მამუკა მამულაშვილს, ვიცი მისი მებრძოლი ხასიათი, ვიცი, რომ ის არის აქტიურად ჩართული იმ საპასუხოსმგებლო სამხედრო ოპერაციებში, რაც დღევანდელ დღეს ხორციელდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. სხვა ინფორმაცია, რომ მამუკა მამულაშვილი ან „ქართული ლეგიონი“ უკრაინის გარეთ რაიმე ქმედებაში იყოს, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ვიცი, რომ „ქართული ლეგიონი“ ძალიან საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს უკრაინულ-რუსულ ფრონტზე.
საქართველოში ვხედავთ უპრეცენდენტო პროტესტს, თავისი შინაარსით, გეოგრაფიით, რამაც ფართო სოციალური ფენები მოიცვა. პროტესტის მუხტის ყველაზე დიდი კატალიზატორი არის „ქართული ოცნება“, რასაც ის ყოველდღიურად აკეთებს, ყველანაირად ხელს უწყობს, რომ ეს პროტესტი კიდევ უფრო დიდ პროტესტში გადაიზარდოს. „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ჩადის იმ ტიპის ქმედებებს, რომელიც უკურეაქციას უკურეაქციაზე იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ამ პროტესტის ტალღაში ითრევს უფრო და უფრო მეტ ფენას - ეს დიდი ხანია გასცდა სამოქალაქო საზოგადოებას თუ პოლიტიკურ პარტიებს.
„ოცნების“ ნაბიჯები დარტყმის ქვეშ აყენებს იმას, რითაც ამდენი ხნის განმავლობაში შენდებოდა და ვითარდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. „ქართული ოცნების“ არანაირი ქმედება თუ განცხადება არ მაფიქრებინებს, რომ აქვს კონსტრუქციული განწყობები - „ოცნება“ მიდის ვითარების მეტ დაძაბვაზე და ეს კიდევ უფრო საშიშია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ეს უფრო მაღლა წევს პროტესტის მუხტს და ტალღას“, - განგვიცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ქართველი შენაერთები, რომელიც უკრაინაში იბრძვიან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგი არიან, შესაძლოა, რაღაც ფორმით იყვნენ ჩართული იმ აქტიოვებებში, რასაც ქართული ოპოზიცია მმართველი გუნდის წინააღმდეგ ახორციელებს. მისი აზრით, გაზაფხულისთვის შეიძლება საპროტესტო მუხტი გაიზარდოს და ვითარება მეტად გამწვავდეს.
„პირდაპირი მტკიცებულება, რომ მამუკა მამულაშვილი და რეგიონის წევრები უშუალოდ იყვნენ ჩართული სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, საჯარო სივრცეში არ მინახავს, მაგრამ მახოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო უკრაინაში მებრძოლი ქართველები მზად იყვნენ ჩართულიყვნენ ხელისუფლების დამხობის ქმედებებში. რამდენადაც ვიცი, უკრაინაში მებრძოლი მეორე ქართული შენაერთი „კავკასიური ლეგიონი“, ლადო გამსახურდიას ჩართულობით, აქვეყნებდა სოციალურ ქსელში მოწოდებებს, რომ ისინი წინააღმდეგი იყვნენ არსებული ხელისუფლების და მზად იყვნენ რაღაც ნაბიჯები გადაედგათ, რომ ეს ხელისუფლება გადაეყენებინათ, მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად მიჩუმდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი მოხალისეების შენაერთი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, არის არსებული ხელისუფლების წინააღმდეგი, შეიძლება დავუშვათ, რომ ისინი რაღაც ფორმით ყოფილიყვნენ ჩართული, არიან ჩართული ან შეიძლება იყვნენ იმ მოქმედებებში, რასაც ადგილობრივი ოპოზიცია განახორციელებს ხელისუფლების წინააღმდეგ.
ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადებები მოვისმინე და მათში იგრძნობოდა აგრესიული ტონალობა - ამბობდნენ, რომ ნებისმიერ ფასად უნდა დაამხონ ეს ხელისუფლება. გარდა ამისა, მიხვდნენ, რომ შედარებით მშვიდობიან პროტესებს, რაც ახლა მიმდინარეობს რუსთაველზე, მათთვის მაინდამაინც დიდი შედეგი ვერ მოაქვს და ხელისუფლებას ეს პროტესტი არ მიაჩნია საკმარის არგუმენტად, რომ საკუთარ პოლიტიკას გადახედოს და ოპოზიციის მოთხოვნებს გამოეხმაუროს. როგორც ჩანს, ოპოზიცია ელოდება, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და ეს მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, საპროტესტო ტალღის მუხტი უფრო აიწევს. აგრესიული ან მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვა ოპოზიციას არსენალში აქვს. ვფიქრობ, ამ პერიოდში გაირკვევა ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის. თუ ეს ურთიერთობა პოზიტიური და ოპტიმისტური სცენარით განვითარდა, შესაძლოა, პროტესტის მონაწილეებისთვის არ იყოს სტიმული იმისათვის, რომ აქციები დაიწყონ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.