აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. გამოცემა ირწმუნება, რომ ეს ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული დახმარების პროგრამების 90-დღიანი შეჩერების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას უკავშირდება.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი ამ გადაწყვეტილებით ორი მიმართულებით მოქმედებს. პირველი - ტრამპი შეეცდება უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმერ ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას და მეორე - ის ეცდება უკრაინაში მიმდინარე მძიმე კორუფციული ფაქტების გამოძიება დაიწყოს, რაც, დიდი ალბათობით, უკრაინის ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებს. ზელენსკი თავის მხრივ ხელს ამერიკის უკვე ყოფილი ადმინისტრაციისკენ იშვერს და ამბობს, რომ ამერიკული დამხმარების დიდი ნაწილი მას არ მისვლია და ის გზაშივე იკარგებოდა და სად ქრებოდა მილიონები, ეს უკვე ამერიკის გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
თუმცა უკრაინის მაღალ ეშელონებში რომ კორუფციული ფაქტები უკვე საჯაროა, ამაზე როგორც უკრაინული, ასევე დასავლური მედიაც წერს. ამის საუკეთესო მაგალითია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიმართ წაყენებული ბრალდებები. ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რუსტემ უმეროვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ განცხადების საფუძველზე აღძრეს.
მედიის ინფორმაციით, მან უკანონოდ თქვა უარი, გაეგრძელებინა შრომითი ხელშეკრულება თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს დირექტორის, ბეზრუკოვასთვის, რომელსაც არმიის მომარაგების პრობლემებში სდებდა ბრალს. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლა სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი, რომლებმაც ბეზრუკოვასთვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას დაუჭირეს მხარი. თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოებში სამეთვალყურეო საბჭოები NATO-ს რეკომენდაციით შექმნეს. უმაროვი პოსტს უკვე ერთ წელზე მეტია იკავებს.
ეს მის მიმართ პირველად წამოყენებული ბრალდება არ არის, მას დეკემბერში რადას დეპუტატებმა ბრალი დასდეს უხარისხო იარაღის შეძენაში და გამოძიებას ამ ფაქტით დაინტერესება სთხოვეს, ხოლო თავდაცვის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს.
უკრაინის ხელისუფლებას კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ბრალდება ტრამპის შვილმა, ტრამპ უმცროსმაც წაუყენა.
„ჩვენ უკვე 160 მილიარდი დოლარი გავიღეთ უკრაინისთვის, რას ვიღებთ სანაცვლოდ? ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინელები რუსულ ტანკს აფეთქებენ, გამოხმაურება არ აყოვნებს და ახალი ამბები „ცხვება“, თუმცა, როდესაც უკრაინა ქვეყნის მეოთხედს კარგავს, უბრალოდ ამბობენ, ეს სტრატეგიული უკან დახევა იყო... ასევე გავიგე, რომ ამ მოკლე პერიოდში, უკრაინაში ყველაზე მეტი ადამიანი გახდა მილიონერი, ვიდრე ოდესმე. იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ქალაქის დასაცავად გაგზავნილი ფული, ქალაქის გამგებელმა მიითვისა, მან ფული ჩაიჯიბა და ქალაქი მოწინააღმდეგეს დაუთმო. კი მაგრამ, რა ხდება?“, - ამბობს, დონალდ ტრამპ უმცროსი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ, დონალდ ტრამპს უმძიმესი მემკვიდრეობა და უპრეცედენტო ოდენობის სახელმწიფო ვალი დაუტოვა. უამრავი ღია კითხვაა - ამ 4 წლის განმავლობაში, სად იხრაჯებოდა ამერიკის მოქალაქეების გადამხდელთა ფული და ყველაზე მეტი კითხვა უკრაინის ომისთვის გამოყოფილ თანხებისკენაა მიმართული.
„ტრამპმა სწორედ ამისთვის გადაწყვიტა, რომ 90-დღიანი აუდიტი ჩაეტარებინა და გაერკვია, სად, რაში და რატომ იხარჯება ამერიკის მოქალაქეების მიერ გადახდილი ფული. სად წავიდა 200 მილიარდი ამერიკული დოლარი, მაშინ, როდესაც უკრაინის ფრონტზე ომის მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო სავალალოა? გამანადგურებელი და საფრთხის შემცველია ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ჩვენ გვსმენია არაერთი ხმაურიანი განცხადება ამერიკაში, სადაც თავდაცვის მდივანიც კი დაიბარეს კონგრესში. დასმული იყო უხერხული შეკითხვები ლოიდ ოსტინისთვის, თუ სად მიდის უკრაინისთვის გამოყოფილი ამდენი ფული და არსებობს თუ არა კონკრეტულად გაწერილი ხარჯთაღრიცხვა.
2022 წლის სექტემბერში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ქმნიდა საერთაშორისო აუდიტის ჯგუფს, რომელსაც უნდა გაერკვია ამერიკელების ფული სად მიდიოდა და რამდენად სწორად იხარჯებოდა უკრაინაში. არც ეს ჯგუფი შექმნილა და არც არავინ იცის, უკვალოდ რამდენი ფული გაქრა. ამიტომ, ზელენსკი ახლა იძულებულია, ყველაფერი მას რომ არ დაბრალდეს და საკუთარ თავზე არ აიღოს, ხელი ბაიდენის ადმინისტრაციისკენ გაიშვიროს. თუკი საჭირო გახდება, ალბათ, ბევრსაც ილაპარაკებს. თუმცა არც უკრაინამ დააკლო და ძალიან დიდი სამთავრობო კორუფცია ყვავის ქვეყანაში“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ომის პერიოდში უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა ევროპის მასშტაბით, არაერთი ძვირადღირებული ქონება შეიძინეს. ისინი მოულოდნელად, უკრაინელი ხალხის სისხლის და ამერიკელი ხალხის ფულის ხარჯზე გამდიდრნენ.
„ომის პერიოდში უძვირესი ქონებები შეიძინეს. ანტიკორუფციული ნაციონალური ბიურო კი გამოძიებას ქვეყნის მოქმედი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ იწყებს. სწორედ ამ გაფლანგვაზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. ეს არ არის გამოგონილი თემა, ეს არის ორკესტრირებული და კარგად გამიზნული დანაშაული. მასში მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციას, ასევე ზელენსკის ხელისუფლებას. თუ პრეზიდენტ ტრამპის დაპირება იქნება პრინციპული და ის ამ აუდიტს მიიყვანს ბოლომდე, აუცილებლად მსოფლიო უკრაინაში მიმდინარე უმძიმესი დანაშაულებების შესახებ შეიტყობს. ამის ძირითადი მსხვერპლი კი დაღუპული, ნახევარმილიონამდე ახალგაზრდაა და ქვეყნიდან გაქცეული 12 მილიონი ლტოლვილი. ამიტომ აქ შესაძლოა, საქმე მივიდეს, როგორც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალამდე, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე. ჩვენ გველის მძიმე და საინტერესო სისხლის სამართლებრივი დევნის ყურება“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, ახლა ყველაზე ნაკლებად ვისაც გაჯიუტების უფლება და საშუალება აქვს, ეს არის ზელენსკი. ქართველიშვილს მიაჩნია, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ომის ერთი მხარე რუსეთის სახით, ვადაგასულ პრეზიდენტად მოიხსენიებს, ხოლო მეორე მხრემ, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ შესაძლოა, ის დამნაშავედ ცნოს.
„ამიტომ ზელენსკიმ ცოტა სხვა საკითხებს უნდა მიხედოს, თუკი დაგვიანებული არაა უკვე. ვიდრე გაჯიუტდეს და უკრაინის ფრონტის ხაზზე ძალზე არასახარბიელო სიტუაციის გამო, სამობილიზაციო ასაკი სკოლის მოსწავლეებამდე დაიყვანოს. ეს კი ისეთი დემოგრაფიული კატასტროფა იქნება, რომ ამ ერმა შესაძლოა, გენოფონდი საუკუნის განამვლობაში ვერ აღადგინოს“, - ამბობს ქართველიშვილი.