რეზოლუცია, რომელიც უკრაინელმა დეპუტატებმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს, აღმოჩნდა სრულიად მიუღებელი ჩვენთვის არა მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ნაწილში, არამედ სხვა დათქმებთან დაკავშირებით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ PACE-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებს ცნო, რითაც აღიარეს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, თუმცა, ის რეზოლუცია, რომელიც იყო სრულიად უსამართლო საქართველოსთან მიმართებაში და რომელიც, როგორც იცით, უკრაინელმა დეპუტატებმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს, აღმოჩნდა სრულიად მიუღებელი ჩვენთვის არა მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ნაწილში, არამედ სხვა დათქმებთან დაკავშირებით. ამიტომ ვიდრე ევროსაბჭო თავად არ ჩამოაყალიბებს სამართლიან პოზიციას ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოდ და სხვა სტრუქტურებში, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საქმიანობას“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.