გარე და შიდა ზეწოლის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხელახალი არჩევნების დანიშვნას და საერთოდაც, არანაირ კომპორმისზე არ მიდის - არ აპირებს მოლაპარაკებებს, არ სურს დიალოგი და უძლებს ყველა მხრიდან შეტევას. „ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ჩვენთვის წითელი ხაზია - საქართველოში არჩევნები უკვე შედგა, საქართველოში არჩევნები უკვე ჩატარდა“, - ამბობს უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი.
„შეხვედრებზე ღიად ვთქვი ჩემი პარტიის და იმ პარლამენტის სახელით, რომელსაც მე აქ წარმოვადგენ, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არავითარი კითხვის ნიშანი - აგვირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა პირველ ადგილზე, არ არსებობს“, - ეს კი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, სტრასბურგში მყოფმა ევროსაბჭოს წევრებს უთხრა.
ოპოზიციას იმედი აქვს, რომ გარე ზეწოლის და იზოლაციის შედეგად, ხელისუფლება გატყდება, შიდა რყევის შედეგად კი იძულებული იქნება ხელახალი არჩევნები ჩაატაროს.
„ნაციოანლური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომა უნდა მოითხოვონ და არჩევნები მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს.
„ახალი არჩევნები დაგვინიშნე“ კი არა, უნდა ვითხოვდეთ, „მთავრობა გადადგეს“. უნდა მოსუფთავდეს ველი და ახალი ცესკოთი, ახალი სუს-ით, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტდება, აი, ასეთ გარემოცვაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. გულწრფელი პასუხი თუ გაინტერესებთ, თვენახევრის წინაც ვამბობდი, „მოდი, ბიძინა, ჩანიშნე არჩევნები და კიდევ ერთხელ ჩაგვიტარე არჩევნები“, ეს აბსურდული მოთხოვნაა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხელახალი არჩევნების დანიშვნა რიგ პრობლემებთან და რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, „ოცნება“ ამ რისკზე რატომ უნდა წავიდეს, როდესაც მას გაყალბება და სერიოზული დარღვევები ოპოზიციამ ვერანაირი ფორმით ვერ დაუმტკიცა?
„ევროსაბჭოზე, როცა თეა წულუკიანი განცხადებას აკეთებდა, მან თქვა, რომ მილიონზე მეტი ჩვენი ამომრჩეველი არჩევნების ხელახლა დანიშვნას ვერ გაგვიგებსო. ეს საკითხი ნამდვილად რეალისტურია, რადგან თუ „ოცნების“ ამომრჩევლებმა ზუსტი და დამაჯერებელი პასუხი არ მიიღეს, რატომ ნიშნავს ახალ არჩევნებს ხელისუფლება, ისინი შესაძლოა, „ოცნებაზე“ გაბრაზდნენ, იმედი დაკარგონ და ეს გადაწვტილება სისუსტედ ჩაუთვალონ. ხელისუფლების მხარდამჭერები იფიქრებენ, რომ „ოცნებამ“ მათი ხმები ადვილად დათმო. მეორე მხრივ კი ეს იქნება აღიარება იმის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, როგორც ოპოზიცია ირწმუნება, გაყალბდა. თუმცა ამის ერთი რეალური მტკიცებულება ვერ დადეს. ახალი არჩევნების დანიშვნით „ოცნებას“ ამომრჩევლის ნაწილი ზურგს შეაქცევს და პედალირება იმისა, რომ განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს, უფრო იმისთვის არის, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის ნაპრალი გაჩნდეს და ამ დაპირისპირებით უკვე ოპოზიციურმა პარტიებმა ისარგებლონ. სხვა შემთხვევაში, რა დამატებითი ფაქტორია შეცვლილი, რის საფუძველზეც ოპოზიცია მოიგებს? ანუ რისი იმედი აქვს ოპოზიციას? - აი, სწორედ, იმის, რომ „ოცნებას“ ასეთი გადაწყვეტილება სისუსტედ ჩაეთვლება და პოლიტიკურად ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს“, - ამბობს საყვარელიძე.
კითხვაზე, რამ უნდა აიძულოს „ოცნება“, რომ მან ხელახალი არჩევნები დანიშნოს და გამოადგება თუ არა ოპოზიციას სერბეთის მაგალითი, რომელზეც ბოლო დროს ძალიან აქტიურად საუბრობენ? - საყვარელიძე ამბობს, რომ სერბეთის მაგალითი, გზის პიკეტირება, ქალაქში პრობლემების შექმნა ოპოზიციას უკვე ნაცადი აქვს და ხალხისგან პასუხიც მიიღო. შესაბამისად, ეს მაგალითი და სერბეთის სცენარის განმეორება საქართველოში ვერ მოხდება, ამის მარტივი მიზეზი კი ისაა, რომ ქართველ ხალხს, სერბეთის მოსახლეობისგან განსხვავებით, ეს არ სურს.
„ქართულ სიტუაციაში გზების გადაკეტვამ ოპოზიციას შედეგები უკვე მისცა და ჩვენ ვნახეთ, 2024 წლის მაისის, ასევე შემოდგომის აქციების დროს მოქალაქეებს რა რეაქცია ჰქონდათ, როგორ შედიოდნენ დისკუსიაში აქციის მონაწილეებთან მოქალაქეები და ეუბნებოდნენ, რომ ეს სწორი არ იყო. მოქალაქეების პოზიცია იყო, რომ თქვენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელბს, არჩევნები გაყალბებულად მიგაჩნიათ, მაგრამ ჩვენ, როგორც მოქალაქეს, ეს ასე არ გვგონია. გზების გადაკეტვით თავად მოსახლეობა დაუპირისპირდა ოპოზიციას. სერბეთში ოპოზიციას ხალხი აჰყვა. მათთვის გზების გადაკეტვა დისკომფორტის შემქმნელი არ აღმოჩნდა, რადგან საზოგადოების უმეტესობა ფიქრობს, რომ ოპოზიცია მართალია და არჩევნები გაყალბდა. საქართველოში კი პირიქით, ხალხი მათ გვერდს უვლის, რადგან არჩევნების გაყალბების არ სჯერა. დავაკვირდეთ რომელი ტელეკომპანიაა ყველაზე რეიტინგული?! ასეთია „იმედი“, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ ოპოზიციაც და მათი ტელევიზიებიც იტყუებიან. „ოცნების“ მხარდაჭერის რეიტინგი აქედენაც შეგვიძლია გავზომოთ. ხალხის უმეტესობა არ მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მაშ რატომ უნდა დანიშნოს „ოცნებამ“ ხელახალი არჩევნები, ვისთან აქვს რამე დასამტკიცებელი, გარდა ქართველი ხალხისა?“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ხელისუფლება ელოდება გეოპოლიტიკურ გადაჯგუფებას. ახალი მსოფლიოს გადანაწილების პროცესს. ფაქტი ერთია, რომ ივანიშვილი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ 2025 წლიდან 6 თვე მაინც იქნება საჭირო, რომ რეალური სურათი გამოჩნდესო.
„რა თქმა უნდა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება უკრაინის ომის დასრულების კუთხით; როგორი იქნება მსოფლიო გადანაწილების ახალი სურათი; როგორ დაალაგებს ტრამპი ურთიერთობას რუსეთთან და ჩინეთთან. ასევე იმაზე, როგორ შეიცვლება ამერიკის ადმინისტრაციიდან ჩვენს მიმართ რიტორიკა. ვხედავთ, რომ ახლა ბრძოლის ეპიცენტრი გადასულია ევროპაზე და ბრიუსელზე. რა პოლიტიკა ექნება ასევე ტრამპს ბრიუსელის მიმართ? მანამდე კი „ოცნება“ უძლებს გარე და შიდა შეტევებს. ვიფქრობ, მოქმედებაზე უფრო ამის შემდეგ გადავა. როგორი იქნება, რა ფორმის ეს მოქმედება, გამოჩნდება“, - ამბობს საყვარელიძე.