ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას ქართველ მოღალატეებთან ერთად უკრაინული დელეგაცია ადგენდა 

ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას ქართველ მოღალატეებთან ერთად უკრაინული დელეგაცია ადგენდა 

პატარა საქართველომ დაამტკიცა, რომ ღირსეულია და არ აპირებს ცალ ფეხზე დგომით გახდეს იმ ევროპის წევრი, რომელიც აშანტაჟებს ხელისუფლებას. იმის მიუხედავად, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება დამტკიცებულია, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, საქართველო წყვეტს მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება წევრად.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებული პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ამ დათქმის მიღება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისა და, შესაბამისად, საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი, პირველ რიგში კი, ჩვენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ.

ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი. თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

აღსანიშნავია, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად სტრასბურგში იმყოფებოდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობით იყვნენ დაკავებული. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ამ ღალატში ქართველ „პატრიოტებს“ უკრაინელები დაეხმარნენ. უკრაინელი ჟურნალისტი ოლეგ ბორისოვი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის ევროსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებაზე, ქართულ ოპოზიციასთან ერთად, უკრაინული დელეგაცია მუშაობდა. მისივე ინფორმაციით, მათ ერთობლივად შეიმუშავეს რეზოლუციის პროექტიც, რომელიც სესიაზე მიიღეს.

„ის შედგა, რასაც კვირიდან ცდილობდნენ, რეზოლუციას უკრაინის დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად ამზადებდა. მომზადდა რეზოლუცია, რომელიც, ფაქტობრივად, კრძალავს ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას. მათ ეკრძალებათ რაიმე დებატის წარმოება ან კენჭისყრაში მონაწილეობა, ეს ფაქტობრივად ლიკვიდაციას მოახდენს ქართული დელეგაციის. საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ძალიან კარგი და ეშმაკური სვლაა, რადგან მათ მხოლოდ ერთ სესიაში მონაწილეობა შეეძლებათ, ეს უკრაინის დელეგაციამ და ოპოზიციამ ერთობლივად ჩაიფიქრეს“, - აცხადებს ოლეგ ბორისოვი.

რასაკვირველია, რადიკალურ ოპოზიციისთვის და ენჯეო სექტორისთვის პრობლემას სრულებითაც არ წარმოადგენს, რომ უცხო სახელმწიფოს ჩართულობით ღიად და დაუფარავად ღალატობენ ქვეყანას, თუმცა იციან, რომ ღალატზე პასუხი იქნება ადეკტვატური და სწორედ ამის ერთ-ერთი გზა არის საგამოძიებო კომისია, რომელიც თებრვალში შეიქმნება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ვერავითარი შანტაჟი ხელისუფლებას ვერ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად არის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე.

„ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი. ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები თავის დროზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, როცა ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში, კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით და რა თქმა უნდა, ამ თემებზე განვაგრძობთ მუშაობას ევროსაბჭოს ფორმატში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებად თვლის ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რადიკალური ოპოზიციის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ანტიეროვნული ძალაა, რომლის მოქმედებებიც ერთი-ერთზე ემთხვევა რუსულ ხელისუფლებაში გატარებულ ღონისძიებებს. ამიტომ, მისი თქმით, რეჟიმი იმსახურებს ყველანაირი პასუხს და რეჟიმი უნდა დაინგრეს ყველანაირი ხერხით. ასეთია ქართველი „აღქმოიდების“ შეფასებები.

პოლიტოლოგის სოსო მანჯავიძის განცხადებით, ქართული ოპოზიციის მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი, რომელიც მათი ინიციატივა არ იყო.

„ესენი არიან ჩვეულებრივად მართული ხალხი და შესაბამისად, ათხოვინეს, რომ რეგისტრაციაში არ გაეტარებინათ ქართული დელეგაცია, რასაც უყარეს კენჭი, მაგრამ არ გავიდა, ანუ, ჩავარდა. მაგრამ წამოუყენეს პირობები ქართულ დელეგაციას, ჩაატაროს ხელახალი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და სხვა სიგიჟეები. გასაგებია, რომ ასეც იზამდნენ. ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეა და ზოგადად ევროპარლამენტი ეს არის ჩვეულებრივი სოროსის ბუდე. იქ უმრავლესობა აქვთ სოროსელებს, რაც იყო ამერიკული დემოკრატების პარტია - ლიბერალური-გლობალისტური სრულიად მახინჯი მარგინალური მიმდინარეობა, ახლა გამაგრებული არის ევროპულ სტრუქტურებში და ფაქტობრივად, არის გახურებული შიდა ომი ევროპაში“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც მანჯავიძე აცხადებს, ომობს ტრადიციული ევროპა და ეს იგივე ძალებია, რომლებიც ვატიკანის გარშემო არიან გაერთიანებული და პირველ რიგში, ავსტრია, სადაც გაიმარჯვა ავსტრიის თავისუფლების პარტიამ, სლოვაკეთი, უნგრეთი და საფრანგეთის ის ძალები, რომლებიც ცნობილი არიან როგორც კონსერვატიული ძალები.

„ეს ძალები რადიკალურად არიან დაპირისპირებული ამ ლიბერალებს. გარდა ამისა, ამერიკაში დამარცხებულმა დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა საინფორმაციო ფინანსურმა იდეოლოგიური უზრუნველყოფის ძალებმა გადაწყვიტეს შეინარჩუნონ ევროპა და ის ხაზი, რომელიც მიჰყავდა ევროკავშირს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიული ადმინისტრაციის ამ და იმ მოწვევის ევროპარლამენტის და სხვა სტურქტურების პოზიცია იდენტური იყო. შესაბამისად, ისინი მიყვებიან თავიანთ დღის წესრიგს.

ელოდო ამათგან რაღაცა სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს იგივეა, ხარი მოწველო. გასაგები იყო, რომ ამას გააკეთებდნენ და გააკეთეს კიდეც. ულტიმატუმის ენით რაღაცა სიგიჟეს და სისულელეს გვეუბნებიან, რომელსაც აყოლილია ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და რას გვეუბნებიან - ატარეთ არჩვენები უსასრულობამდე, სანამ ჩვენთვის სასურველი შედეგი არ დადგებაო. თუ არ დადგება სასურველი შედეგი, არ მივცემთ ლეგიტიმაციასო. აი, ეს არის მათი პოზიცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ლაზი უყურე შენ, ეს ბორისოვი რა ეშმაკი ყოფილა. ამაზე ყოფილა ნათქვამი, ჯოჯოხეთს ერთი ეშმაკი აკლდაო და უშოვნიათ.
ისე, ეგ ბორისოვი, იმ გენერალ ბორისოვის გამოზრდილი იქნება. ეს ბორისოვები ერთდროულად რუსი გენერლებიც არიან და უკრაინელი პარლამენტარებიც? საოცარი გვარი ყოფილა, უნდა რუსია, უნდა უკრაინელი.
26 წუთის უკან