გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც ევროკავშირის საელჩოს ან ნებისმიერის, ამ აქტიური საელჩოებიდან, სადაც მათ დაგმეს ძალადობა სახელმწიფოს წარმომადგენლების, პოლიციის, პარლამენტის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. მან ამ თემაზე ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციის შეფასებისას იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას“.
„ვნახე ეს და რამდენიმე საელჩოს განცხადება, ეს არის გამაოგნებელი. ერთ რამეს შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას - გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც ევროკავშირის საელჩოს ან ნებისმიერი, ამ აქტიური საელჩოებიდან, სადაც მათ დაგმეს ძალადობა სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, პოლიციის, პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობა არა უბრალოდ მოქალაქეების, არამედ მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან. ვინმემ ერთი განცხადება მაინც გაიხსენოს, დაგმეს თუ არა, ბაზუკასავით პიროტექნიკას რომ ესროდნენ პოლიციას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს რომ ესროდნენ პოლიციას. გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც, სადაც ევროკავშირის საელჩომ, ელჩმა ან ნებისმიერი ამ აქტიური საელჩოების ელჩმა, სადაც ეს დაგმეს და გაემიჯნნენ.
სამაგიეროდ, შეგახსენებთ, რომ გრიგორიადისის საქმეზე, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილით“ წვავდა ცოცხლად პოლიციელს, რაც დადასტურდა სასამართლოს მიერ, არა თუ არ დაგმეს და შეაფასეს რაიმენაირად, არამედ ევროპული ფონდიდან დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილია“ ეწეოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ რეკლამირებას და რომანტიზებას. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მონაწილეობას იღებდა მათ აქციებში და პლაკატის ფონზე ამბობდა, რომ მხარს უჭერს ამ ყველაფერს.
ეს მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი მათ შორის ევროკავშირის ელჩისთვის, რომ მიუღებელია, როდესაც ეს დაფინანსება ხდება და ამ ყველაფერს ან თვალს უხუჭავდნენ ევროკავშირის ელჩი და სხვა ელჩები, ან უყრუებდნენ ან უფრო სხვა რამესთან გვქონდა საქმე და საქმე იმაშია, რომ როდესაც ძალადობაზე ხუჭავ თვალს, როდესაც ძალადობას ახალისებ, შესაბამისად, ხარ ამ ძალადობის მონაწილეც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.