საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე 63-ე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ამის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა. ანალიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებს პერსპექტივა არ აქვს, რადგან დღეს ის მუხტი არ არის, რაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს აიძულებდა, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ დღეს ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ არსებობს. მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციას არ ენდობა, რადგან მისი პოლიტიკა სიცრუეზეა აგებული.
„ისე ვსაუბრობთ ამ აქციებზე, თითქოს ახლა გაგანია აქციები იყოს მთელ საქართველოში - არ არის ეს მდგომარეობა. 1000 უკმაყოლო ადამიანი ნებისმიერ სახელმწიფოში მოიძებნება. რამდენათასიანი მიტინგებია ხოლმე ევროპაში, თუმცა ისინი არ ანგრევენ ქვეყანას - ევროპელები არ თვლიან, რომ მათი მოთხოვნების გამო სახელმწიფო უნდა დაინგრეს, მაგრამ ჩვენთან თვლიან, რომ სახელმწიფო უნდა დაინგრეს თუკი უკმაყოფილოა ოპოზიცია.
არათუ აქციების მუხტი ვარდება, არამედ ჩვენი ოპოზიციის დონე ვარდება. ერთადერთი მიზეზი აქვს ოპოზიციის მარცხს: არასწორი პოზიცია უკავია, სიცრუეზე აგებული პოზიცია უკავია. ოპოზიცია ამ არჩევნების შეფასებაშიც დამარცხდება. ის იმ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს, რომ შეიძლება მას ქვეყანა ანდო, სწორედ ეს არის პრობლემა. პატარა ბავშვებს რომ არ უშვებენ მანქანის საჭესთან, დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციების მუხტი დასავლეთიდან გადმორიცხულ თანხებზეა დამოკიდებული:
„პირდაპირ ვთქვათ, ეს აქციები დამოკიდებულია ფულის შემოდინებაზე - როგორი ფულიც შემოედინება დასავლეთიდან, ისეთივე იქნება მომიტინგეთა სიმრავლე. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი ტრამპის განკარგულებით, 90 დღის განმავლობაში, შეჩერდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გამოყოფა - შედეგი ხელათ დადგა. როგორც კი ფულის წყარო გადაიკეტება, ყველაფერი დასრულდება.
ეს არის ხელოვნურად შეკოწიწებული აქციები, რადგან გარე ძალებს სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. დასრულებულია მათთვის ყველაფერი, რადგან მათ მხარეს არა თუ სიმართლე, ტყუილია. მტრისას და ავისას, ესენი ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ქვეყანა მიწასთან გასწორდება. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებაში მამა აბრაამის ბატკნები არიან, მაგრამ ამათ ფონზე, ნამდვილად ფრთიანი ანგელოზები არიან, რომელსაც ჰქვია ე.წ. ოპოზიცია“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ამის ფონზე ვიცით, რომ ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შეხვედრებზე, პარტიის სახელით, ღიად თქვა, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს. მისი თქმით, ევროდეპუტატებთან შეხვედრებზე მან ისაუბრა იმ წითელ ხაზებზეც, რაც არ უნდა გადაიკვეთოს და ამაში იგულისხმება ხელახალი არჩევნების საკითხი, ასევე, სააკაშვილის გათავისუფლება და ისეთი პირობები, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს.
„იმ შეხვედრებზე, რაც ჩვენ გავმართეთ ძალიან სერიოზულ დეპუტატებთან, რომელთაგან არაერთი სააკაშვილის მეგობარია და ეს ღიად თქვეს შეხვედრაზე, ასევე თქვეს, რომ რას აშავებს ეს საწყალი კაცი, გაუშვით და ა.შ. ამ შეხვედრებზე წითელ ხაზებზეც იყო საუბარი და მათ ღიად ვუთხარი ჩემი პარტიის და იმ პარლამენტის სახელით, რომელსაც მე აქ წარმოვადგენ, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არავითარი კითხვის ნიშანი - აგვირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა პირველ ადგილზე, არ არსებობს. 800 000 ხმას ვერავინ მოიპარავდა, თუ ჯადოქარი არ არის, ეს არის წითელი ხაზი და ამიტომ ამას თუ მოითხოვენ, ეს ვერ შესრულდება. ასევე წითელი ხაზია, მაგალითად, სააკაშვილის გაშვება, რადგან საყოველთაოდ გაცხადებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი მის შეწყალებას არ მოინდომებს. წინა პრეზიდენტმაც კი, რომელიც ექსტრემისტების მოკავშირე გახდა, არ შეიწყალა. წითელი ხაზია ასევე ისეთი პირობების დაკისრება, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფს. მაგალითად, პირდაპირ მიუთითო ქვეყანას, რა უნდა უნდა ჩაიწეროს ამა თუ იმ კანონში. შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფი, სადაც ვმსჯელობთ თანასწორუფლებიან საფუძვლებზე და აქ დიდი ქვეყანა არ ურტყამს პატარა ქვეყანას, იმიტომ რომ პატარაა, არამედ სრულფასოვანი დიალოგია, სადაც რა სჯობს - ამაზე ხდება ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა.
ჩვენთვის დასახული მიზანი არის ის, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურება მოხდეს. თუ ეს მოხდება თუნდაც დათქმებით, ფაქტია, რომ ეს მოხდება“, - აღნიშნა წულუკიანმა.