„ქართული ოცნების“ მომხრე საზოგადოებაში მცდარი მოლოდინები გაჩნდა, რომ რადგან ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, თურმე ყველაფერი გადაწყვეტილია და ლიბერალები დამარცხებულნი არიან. სინამდვილეში, ვინც კონსერვატორული და ეროვნული აზროვნებისაა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. ტრამპსაც ებრძვიან, ბიძინა ივანიშვილსაც, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ქმნიან ამინდს“, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
ტრამპი არ შეცვლილა. მის მიერ ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობისას გაცხადებული პრიორიტეტები ემთხვევა მის მეორე ვადაში არსებულ პოლიტიკურ გემოვნებას. საქართველოს შესახებ მას ჯერ კიდევ არ უსაუბრია. რა გვაძლევს გარანტიას, რომ ტრამპი თავად აღმოაჩენს ღირებულებით თანხვედრას გეოპოლიტიკურად საინტერესო ადგილას მდებარე საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და არ დაიჯერებს მის გარშემო შეკრებილი პირადი გამორჩენით დაინტერესებული ადამიანების ნათქვამს? „დიპ სტეიტთან“ ბრძოლის პარალელურად, აქვს კი მას იმის ფუფუნება, საკუთარი „ვეზირების“ გულწრფელობაში დარწმუნდეს?
- მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა და აშშ-ში ტრამპის მოსვლამ დაგვანახა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამარცხება არ შედგა საქართველოში. პირიქით, ტრამპის გაპრეზიდენტებისა და ინაუგურაციის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსი, რომელიც მან საქართველოს განვითარებისთვის აირჩია, ერთი ერთში ემთხვევა იმ კურსს, რომელიც ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ამერიკის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისთვის აირჩია. ტრამპის სახით ბუნებრივი მოკავშირე გაუჩნდა ბიძინა ივანიშვილს, არა ფორმალურად, როგორიცაა სტრატეგიული მეგობარი და ქაღალდზე დაწერილი ცარიელი სიტყვები, არამედ ამ ორი პერსონის პოლიტიკური შინაარსი ერთმანეთთან თანხვედრაშია, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი სწორედაც სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი ორი ქვეყანა - სამომავლო ამერიკა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს გაფორმდება თუ არ გაფორმდება, როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ ამ ყველაფერს შეიძლება ეწოდოს სტრატეგიული პარტნიორობა. ამ სცენიდან მთელი ჩვენი ოპოზიცია ამოვარდნილია. მარტო ამოვარდნილი კი არა, დაპირისპირებულია ამ პოლიტიკასთან, იმდენად, რომ ტრამპმა სულ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, „მე ვიცი ორი სქესი არსებობს და ეს იქნება სახელმწიფო დონეზე - ქალი და კაციო“ და დღეს ვერც ერთი ჩვენი ოპოზიციონერი გამართულად ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს ქვეყანაზე. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდნენ, როგორ ჩამოექცათ და ჩამოემხოთ მთელი თავისი ლიბერალური პროპაგანდა. ამ დროს მათი ლიბერალური პროპაგანდა სწორედ ლგბტ თემაზე იდგა.
ერთგან თქვენ აღნიშნეთ, რომ ტრამპი არადემოკრატიულ ამერიკაზე აკეთებს აქცენტს და მიიჩნევს, რომ არადემოკრატიული ამერიკა მისი მმართველობის დროს დემოკრატიული გახდება. ეს რას მიანიშნებს, რომ ტრამპმა აღიარა, რომ არადემოკრატიულობა ამერიკის პრობლემაცაა? მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ხალხს ამერიკაც და ევროპაც დემოკრატიული ეგონათ?
- ჩვენ ძალიან ხშირად ვიძახდით, რომ ეს იყო ლიბერალური ფაშიზმი, ეს იყო დიქტატი, ჩვენ არ გვაძლევდნენ იმის უფლებას, საკუთარი გადაწყვეტილებით ქვეყნისთვის სასარგებლო კანონმდებლობა მიგვეღო, პატიმარს ვერ დავიჭერდით, გარედან გვაშვებინებდნენ შეწყალებით და ათასი მაქინაციებით, გვიფინანსებდნენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისეთ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც პირდაპირ ემსახურებოდა ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების დამხობას. ეს დიქტატი იყო, აბა, რა იყო. დიქტატი კი არა, პირდაპირი ფაშიზმი იყო, როცა განადგურებით გვემუქრებოდნენ. ტრამპმა ეს რეალობა მოკლედ აღწერა და თქვა, რომ ეს უნდა შეიცვალოს, ასევე, ტრამპი „დიპ სტეიტს“ განადგურებით დაემუქრა. საქართველოს ხელისუფლება კი ამ „დიპ სტეიტს“ გლობალური ომის პარტიას ეძახდა. რას დავარქმევთ, რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი ისაა, რომ მმართველი ძალა, რომელიც აშშ-ს მართავდა და რომლის პოლიტიკაც დომინირებდა ევროპაშიც, ეს იყო საომარი პოლიტიკა, „დიპ სტეიტის“ პოლიტიკა ადამიანების განადგურებისკენ იყო მიმართული, ეს იყო ლიბერალი ლგბტ პროპაგანდის თავს მოხვევის პოლიტიკა. ამ ყველაფრის დასასრული დააანონსა ტრამპმა. ამ ყველაფრისთვის საქართველო, ეს ერთი ბეწო ქვეყანა, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდეც იბრძოდა. თანხვედრილი პოლიტიკა გვაძლევს იმის იმედს, რომ დღეს უკვე ჩვენი დამარცხება ლიბერალების მხრიდან გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე ეს იყო ამერიკაში ამ სერიოზული ცვლილებების დადგომამდე. ამას ხედავენ ნაცები, რომ დღეს უკვე ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების და მისი კურსის დამარცხება კიდევ უფრო შორეული პერსპექტივაა და, უფრო სწორად, უპერსპექტივოა. ამიტომ გამწარებულები ყველანაირ გზას მიმართავენ. ამ დღეებში დოის რომ ვუყურებდი, ეს იყო თავისი სხეულიდან ამოვარდნილი, ისტერიკაში მყოფი ადამიანი.
ქართული თეატრი „ახალ ფაზაში“ შეიყვანა დოიმ, რეგიონებში გასვლით და პროტესტის თეატრალურად აგორებით?
- ეს ჩაბუდებული აგენტურა უკვე შევიდა ღია დაპირისპირების პროცესში, ადრე თუ თამაშობდნენ, ნიღბებს იკეთებდნენ, ინტელიგენტობის როლს ირგებდნენ, იქით არასამთავრობობანას თამაშობდნენ, აქეთ პოლიტიკოსობას თამაშობდნენ, ვითომც ეს ყველაფერი ცალ-ცალკე იყო, დღეს უკვე ყველამ ნიღბები მოიხსნა და პირდაპირ ამბობენ, ჩვენ ვართ ისინი, ვისაც გვინდა, დაგამხოთო. ეს იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ, ვისგანაც ფულს იღებდნენ, ვისგანაც დაკვეთებს იღებდნენ, ის ძალა უკვე გადადის მეორე ადგილზე ამერიკაში, ეს გადაედება ევროპასაც, რომელშიც ისედაც დაწყებული იყო ეს პროცესი. ამიერიდან ევროპაში უფრო გაძლიერდებიან კონსერვატიული ძალები. ამით გამწარებული ჩვენი ოპოზიციონრები ღია აგრესიაზე გადადიან. მდგომარეობიდან გამოსული დოი იყო მათი სახე. რას შეიძლება დაემსგავსოს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანი, ეს იყო პოლიტიკური სასოწარკვეთილება. რასაც დოი ლაპარაკობდა, ეს იყო პოლიტიკური ჰარაკირი. ის იმ წუთისთვის აკეთებდა ყველაფერს, იმ წუთისთვის ლაპარაკობდა, თორემ დოიმ ზუსტად იცოდა, რომ ეს იყო ჰაერი, ეს არაფერი არ იყო.
არა მარტო დოის, ზოგადად, ცალკეულ ხელოვან ადამიანებს ჰგონიათ, რომ კარგ ტონად ითვლება ოპოზიციაში ყოფნა. განსაკუთრებით, ხელოვან ხალხშია ეს პოპულარული, რადგან მათ გამოიარეს საბჭოთა პერიოდი, როცა ხელოვნების მოთვინიერება ჩვეული ამბავი იყო. ახლა ცდილობენ აქედან გაქცევას ყველაფრის გაპროტესტებით. მოდაში ხომ არ შემოვიდა ოპოზიციონრობა?
- მეც ასე ვფიქრობ, რომ მოდაში შემოვიდა ოპოზიციონრობა, მოდაში შემოიყვანეს და დაამკვიდრეს, თითქოს მოდის სტანდარტს ქმნიან ვითომ პროდასავლელები. სინამდვილეში, რა კავშირი აქვთ მათ დასავლურ ღირებულებებთან, ან როდის ჰქონდათ კავშირი დასავლეთთან, ეს არასდროს ყოფილა, მაგრამ მათ დროშად აიღეს ვითომც პროდასავლურობა. ხელისუფლებას კი პრორუსულის იარლიყი მიაწებეს, რომ რუსეთი ჩამორჩენილობაა, დასავლეთი ცივილიზებულობაა, იქით გოიმობაა, აქეთ სვეტობაა, ასე გაყვეს მოვლენები. ამდენი ტელევიზია როდესაც აქვს ასეთ ბინძურ, ანტიდემოკრატიულ ძალას და მასობრივი ტვინების გამორეცხვის ბერკეტი გააჩნია, საზოგადოების მოტყუებული ნაწილი აბსოლუტურად არაა გასამტყუნებელი, რადგან ამხელა პროპაგანდა სერიოზული ფსიქიკის მქონე ადამიანზეც კი იმოქმედებს.
მართალია, ოპოზიციას ტელევიზია აქვს, მაგრამ ტელევიზორს ახალგაზრდობა, ტიკ-ტოკის თაობა არ უყურებს, მაგრამ ტიკ-ტოკის თაობაზე ზემოქმედების სხვა ბერკეტებიც არსებობს, მათ შორის, ნარკოტიკები.
- დიახ, ტიკ-ტოკის თაობა ეს არის განათლების „რეფორმის“ შედეგი, რომელიც კახა ლომაიამ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ჩაატარა. მაშინდელი „რეფორმა“ ახალგაზრდების გამოთაყვანებასა და გაუნათლებლობაზე იყო ორიენტირებული. ამის შედეგიც მივიღეთ. გაუნათლებლობამ და პროპაგანდამ იმუშავა, ორივე მექანიზმი ნაცების ხელში იყო. ახალგაზრდებს გაუხსნეს კლუბები, სადაც დაიწყეს ნარკოტიკების მოხმარება, ეს იყო ახალგაზრდობის გადმოქაჩვის, ჩათრევის მექანიზმი. ბიბლიოთეკებში წიგნის კითხვის ნაცვლად ახალგაზრდები გადმორთეს ნარკოტიკებზე. ამას დაუმატეს ინტერნეტქსელებზე დამოკიდებულება. ისარგებლეს იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი პიარის სასტიკი წინააღმდეგია, ივანიშვილი აქცენტს აკეთებს საზოგადოების ისეთ ნაწილზე, რომელსაც შეუძლია ანალიტიკური აზროვნება, საკუთარი დასკვნების გაკეთება და არა ტვინის გამორეცხვით მიღებული შედეგები. ტვინგამორეცხილი საზოგადოება მთელ მსოფლიოშია შეზღუდული რაოდენობით, მარტო საქართველოში კი არა. საბედნიეროდ, ქართულ საზოგადოებაში უმრავლესობას მოაზროვნე საზოგადოება წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოების ტვინის გამორეცხვისთვის არაერთი მექანიზმია ჩართული. ვგულისხმობ კლუბური ნარკოტიკებით, მასმედიით, ინტერნეტქსელებით, გაუნათლებლობით ტვინების გამორეცხვის სისტემას, რაც მიმართულია იმისკენ, რომ გაბრუებული საზოგადოება მარტივად მართონ. ის, რაც ბიძინა ივანიშვილის თავს ხდება ახლა შვეიცარიული ბანკების ხელით, ესეც პირდაპირი ანგარიშსწორებაა. ტრამპს ესროლეს და მოხვდა ტყვია, ივანიშვილს ვერ ესროლეს, მაგრამ სხვა მიმართულებით უნდა მოკლან, ეკონომიკურად მოახრჩონ და უმოქმედოდ აქციონ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ომი ნიშნავს, რომ ომი მიმდინარეობს, ომი არ დამთავრებულა, ჩვენ რაღაც ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი არ მოგვიგია. ომი დასრულდება მას შემდეგ, რაც „დიპ სტეიტი“ დამარცხდება.
„დიპ სტეიტზეც“ მინდა გკითხოთ, რომელიც გულხელდაკრეფილი არ დაელოდება ტრამპის მხრიდან მიტანილ იერიშს. მით უმეტეს, „დიპ სტეიტს“ აშშ-ის არაერთ პრეზიდენტზე თავდასხმისა და მოკვლის „მდიდარი გამოცდილება“ გააჩნია. „დიპ სტეიტის“ განსახიერება ხომ არ იყო ის ამერიკელი ეპისკოპოსი, რომელმაც ქადაგებისას მოუწოდა ტრამპს ლგბტქ საზოგადოება შეებრალებინა, მაგრამ დონალდ ტრამპი რადიკალურად დაუდგა სასულიერო პირს და ბოდიშის მოხდა მოითხოვა მისგან „საზიზღარი ტონის გამო, რაც ქადაგებისას გამოიყენა“. ვის წარმოადგენდა ეს ეპისკოპოსი?
- „დიპ სტეიტები“ ეპისკოპოსებზეც ახდენენ გავლენას, ეპისკოპოსები ღმერთები ხომ არ არიან, ისინი ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანები არიან, სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი ემორჩილება „დიპ სტეიტის“ ზეგავლენას. ზოგ შემთხვევაში, ადამიანებზე ზეგავლენით მოქმედებენ, ზოგ შემთხვევაში, ვიღაცის მიმართ კომპრომატები არსებობს, ზემოქმედების უამრავ ბერკეტს იყენებენ მიზნების განსახორციელებლად. შესაბამისად, ტრამპის რეაგირებაც იყო ძალიან დროული, კარგი და გაბედული, მიუხედავად რელიგიური ფაქტორისა, მან თქვა, რომ „დიპ სტეიტმა“ ყველგან შეაღწია, ყველა კუნჭულში, სალოცავში, პოლიტიკაში ხომ შეაღწია და შეაღწია. ქართული პოლიტიკური რეალობა რომ ავიღოთ, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ სახელისუფლებო სტრუქტურას, გაძეძგილი რომ არ იყოს ნაცებით, ბიზნესშიც ეგენი არიან. ყველგან არიან ჩანერგილები. ეს არის უზარმაზარი ძალა.
ტრამპმა გადაიკიდა ასეთი ეპისკოპოსები, გადაიკიდა არასამთავრობოები, მათ შორის, საქართველოშიც, რომელთაც დაფინანსება შეუწყვიტა. ეს გადაკიდება როგორ აისახება მასზე და, თუკი ამერიკის არაერთი პრეზიდენტი გაიმეტეს მოსაკლავად, ტრამპისთვის რამდენად მძიმე იქნება „დიპ სტეიტთან“ გამკლავება?
- როდესაც ადამიანი ომში მიდიხარ, გაცნობიერებული გაქვს, რომ მიდიხარ სიკვდილზე. ომში ყველა ვერ მიდის, ომში მიდიან წინასწარ გაცნობიერებული ადამიანები. დარწმუნებული ვარ, ტრამპს გაცნობიერებული აქვს, რაზედაც მიდის.
ღმერთმა გადამარჩინაო, რომ თქვა, ზოგმა ეს პოპულისტობად ჩაუთვალა, მაგრამ სიმართლის მარცვალი, ალბათ, იყო მის ნათქვამში.
- რა თქმა უნდა, თუკი სიმართლეს ემსახურება ადამიანი, ღმერთი მისკენაა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე საზოგადოებაშიც მცდარი მოლოდინები გაჩნდა, რომ რადგან ტრამპი მოვიდა, თურმე ყველაფერი გადაწყვეტილია, თურმე ლიბერალები დამარცხებულნი არიან, თითქოს ჩვენ გავიმარჯვეთ, ახლა გულზე ხელი უნდა დავიკრიფოთ და ველოდოთ სანუკვარ ცხოვრებას. სინამდვილეში, ასე არ არის. ვინც კონსერვატორული და ეროვნული აზროვნებისაა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. ტრამპსაც ებრძვიან, ბიძინა ივანიშვილსაც, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ქმნიან ამინდს. მე პირადად არანაირი შიში არ მაქვს, ბიძინა ივანიშვილს ფულს თუ არ გადმოურიცხავენ, რას გააკეთებს ის. ბიძინა ივანიშვილი რომ მობრუნდა პოლიტიკაში, მაშინვე თქვა, მე დასანქცირებულიც ვარ, ფულიც წართმეული მაქვს, მაგრამ მაინც ვიბრძვიო. ეს ლიდერები უპირისპირდებიან ლიბერალურ ფაშიზმს, რათა გამარჯვების დღე მალე დადგეს.