კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ და ამ დროს პარლამენტიდან ფულებს კარგად იღებენ - ხელფასის აღება და დაფინანსება უნდათ, მაგრამ ვალდებულებების შესრულება არ უნდათ, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სახე - ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტები, რაც აუცილებლად დასრულდება”.
„ჩვენ შეჩვეულები ვართ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ორმაგ და სამმაგ სტანდარტებს. ამბობენ, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ და ამ დროს პარლამენტიდან ფულებს კარგად იღებენ. ასევე, პარლამენტიდან ითხოვენ სხვადასხვა დაფინანსებას და გადაწყვეტილებების მიღებას. ამავდროულად ცესკო-ში “ლელოს” თავისი წარმომადგენელი ჰყავს, დააბრუნა. თუ ცესკოს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობ, მაშინ რა უნდა შენს წარმომადგენელს ცესკოში რომ გაუშვი? ამავდროულად, იგივე ეხება დეკლარაციებს - ხელფასის აღება და დაფინანსება უნდათ, მაგრამ ვალდებულებების შესრულება არ უნდათ. ეს არის მათი სახე რეალურად - ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტები, რაც აუცილებლად დასრულდება”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება “ძლიერი საქართველოს” განცხადებას “ქართული ოცნების” დეკლარაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის “ბოლშევიკური მიდგომა”, რადგან თვითონ უნდათ, რომ უფლებები ჰქონდეთ და დანარჩენ ყველას ვალდებულებები.
„ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ როცა შენ თვითონ არ ავსებ დეკლარაციას და ამ დროს ანტიკორუფციულ სამსახურს საყვედურობ, რატომ არ არის უმრავლესობის წევრების დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნებულიო, მიუთითებს იმაზე თუ რა დამოკიდებულება გააჩნია ამ ხალხს - თვითონ უნდათ რომ უფლებები ჰქონდეთ და დანარჩენ ყველას ვალდებულებები. ეს არის ბოლშევიკური მიდგომა. ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ეგ დრო დასრულდა”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ.
როგორც ბრიფინგზე პარტიის წევრმა, გია ჯაფარიძემ განმარტა, ანტიკორუფციული ბიურო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დეკლარაციის შევსებას სთხოვს, როგორც პარლამენტის წევრებს.
მისი თქმით, ენმ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, ისინი დეპუტატები არ არიან და შესაბამისად, მათი მხრიდან დეკლარაციის შევსება არაგონივრულია.
ამასთან განცხადება გააკეთა “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ და აღნიშნა, რომ “ანტიკორუფციული ბიურო მაღალი თანამდებობის ქონებრივ დეკლარაციას მალავს, რათა დაიმალოს „ქართული ოცნების“ შავი ფულის მოპოვების პროცესი, ჩინოვნიკების გამდიდრების უპრეცედენტო მაჩვენებლები და მასშტაბები”. მისივე თქმით, პარლამენტში კოალიციის სიით არჩეული წევრები, ქონებრივ დეკლარაციებს შეავსებენ, მიუხედავად იმისა, რომ მანდატის შეწყვეტას მოითხოვენ.