არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება საამიროების პრეზიდენტს, მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„დღეს ასევე შედგება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აბუ-დაბის პორტის ხელმძღვანელობასთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, ისევე როგორც, ხელი მოეწერება უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც საფუძვლად დაედება ემირატების უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის საქართველოში შემოსვლას, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ტურიზმისა და დეველოპერულ სექტორებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრებთან, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების გაძლიერებაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ ძალიან პოპულარული მიმართულებაა საამიროებიდან ტურისტებისთვის სამოგზაუროდ. ითქვა, რომ ძალიან მჭიდროა თანამშრომლობა ადგილობრივი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართულებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფრენების სიხშირე, 4 ავიაკომპანია 3 ეროპორტიდან ოპერირებს ჩვენი ქვეყნის სამ საერთაშორისო აეროპორტში. შევთანხმდით, რომ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ურთიერთობები, გაიზარდოს ტურისტული ნაკადები, ისევე როგორც პირდაპირი ფრენების სიხშირე, რაც გააძლიერებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის ეკონომიკას,"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.