ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ევროპარლამენტში, მათ შორის ე.წ. სამეულში - საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის ხელმძღვანელები და პირველი პირები ამბობდნენ, რომ თუ ორი კანონი არ იქნება გაწვეული, ეს იქნება დემოკრატიული უკუსვლაო და „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არის იმიტომ, რომ საქართველომ მიიღო ქართული „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების კანონი“, ეს არის თურმე, დემოკრატიული უკუსვლა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენ ვამბობდით და გვიწერია კანონში, რომ ქალი - ქალია და კაცი - კაცია და რომ არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ბავშვების უფლებებში და ლგბტ პროპაგანდა აწარმოოს, ამას რაცხავენ დემოკრატიულ უკუსვლად. ახლა საინტერესოა, ეს ადამიანები თუ მოახერხებენ და გაბედავენ და მაგალითად, ბატონ ტრამპს, მისი ადმინისტრაციის წევრებს თუ ეტყვიან, რომ აშშ-ში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვსო.
ბატონმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შესაბამის აქტებს, რომ სქესი პირდაპირ უნდა მიეთითოს. ძალიან მკაცრი განცხადებაც გაკეთდა მასწავლებლებთან დაკავშირებით, რომ არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ბავშვების უფლებებში და მიუთითოს, რომ არასწორად არის მათი სქესი დაბადებული.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომელიც დამყარებულია იმ ღირებულებით კავშირზე, რომელიც გვაქვს „ქართულ ოცნებას“ და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის მილიონ ას ოცი ათასზე მეტ ამომრჩეველს - ქართველ ხალხს ზოგადად. ეს ღირებულებითი კავშირი რადგან არსებობს ჩვენსა და ახალ ადმინისტრაციას შორის, გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბატონი დონალდ ტრამპი თავის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას შეასრულებს, მიზანს ბოლომდე მიიყვანს და „დიფ სთეითი“ დამარცხდება, შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა აღდგეს და დაუბრუნდეს იმ ჩარჩოს, როგორიც უნდა იყოს ორ თანაბარ უფლებამოსილ ქვეყანას შორის.
ზუსტად ამას ვითხოვთ, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც იკადრა და თქვა, რომ 3,7 მილიონიანი ქვეყანა თურმე, არ უნდა უბედავდეს სხვა ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანას თავისი პოზიციის დაფიქსირებას. ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, ალბათ, ხალხი უნდა დაფიქრდეს და უნდა ჰქონდეს რეაქცია. ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ, ჩვენს მიმართ დამოკიდებულებები იყოს სამართლიანი, არავინ არ დაგიქნიოს თითი, არავინ არ დაგვაშანტაჟოს და ჩვენ ვიქნებით ღირსეული პარტნიორები, როგორც ვიყავით წარსულში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.