ჩვენ უკრაინასთან ერთად ერთ კალათაში განვიხილებით. შესაბამისად, თუ უკრაინასთან მიმართებაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის არ გახდება ნატოს წევრი, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ვრჩებით ამ იმედის გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ნიუ-იორკიდან ჩართვისას ეკონომისტმა, „The New School“-ის დოქტორანტმა, ტატო ხუნდაძემ.
კითხვაზე, დონალდ ტრამპის ახალი დღის წესრიგით რა იცვლება, ხუნდაძემ განაცხადა, რომ ბევრი რამ იცვლება.
„პირველ რიგში იცვლება ის, რომ ჩვენ უკრაინასთან ერთად ერთ კალათაში განვიხილებით. შესაბამისად, თუ უკრაინასთან მიმართებაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის არ გახდება ნატოს წევრი, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ვრჩებით ამ იმედის გარეშე. აქამდე იმედი მაინც გვქონდა, რომ აი, ჩვენ გავხდებოდით ნატოს წევრი და რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ მხრივ ჩვენთან მიმართებაში. ანუ, ჩვენ მოგვიწევს ფიქრი იმაზე, თუ რა ტიპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, როგორი იქნება უსაფრთხოების ეს ახალი არქიტექტურა საქართველოსთან მიმართებაში.
სავარაუდოდ, ეს შეცვლის იმ დებატებსაც, რაც მიმდინარეობს დღეს საქართველოში, რადგან დღეს მთავარი პოლიტიკური თემა არის არა ის, თუ როგორ დავძლიოთ საქართველოში უმუშევრობა, როგორ გვქონდეს უკეთესი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა, არამედ, საუბარი არის იმაზე, ვინ უფრო მეტი პატრიოტია, ვინ უფრო მეტად უჭერს მხარს ნატოს და ასე შემდეგ. შესაძლოა, ერთი მხრივ, ეს იყოს უსაფრთხოების გამოწვევა, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო მოვუტრიალდეთ ამ ჩვენს შიდა უმთავრეს პრობლემებს, რაც დღეს გაგვაჩნია.
მაგრამ, ცხადია, არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ჩვენ მართლაც დავრჩეთ ამ იმედის გარეშე. შემდეგ ერთადერთი იმედი იქნება ის, რომ ჩვენ გავხდეთ შემდეგ ევროკავშირის წევრი და რაღაცნაირად უკრაინასთან ერთად გავაგრძელოთ ამ მხრივ მოძრაობა. თუმცა, ესეც არ არის, ცხადია, აპრიორი - ეს ასე გადაწყვეტილი არ არის, რადგან ევროკავშირშიც შესაძლოა, მორალურად სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, შესაძლოა ასე არ მოხდეს, რომ ყველამ მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში წევრობას“, - განაცხადა ტატო ხუნდაძემ.