ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, საქართველო დააზიანონ

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, საქართველო დააზიანონ

დამარცხებული მხარე მოინდომებს საქართველოზე შურისძიებას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა სამი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისთვის გაგზავნილ წერილზე.

„ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, საქართველო დააზიანონ. ეუთო/ოდრიმა თავის დასკვნაში ცალსახად თქვა, რომ ცესკომ არჩევნები მაღალორგანიზაციულ დონეზე ჩაატარა. ასე რომ, აქ ფაქტი და არგუმენტი არ არსებობს. ერთადერთი რამ, რაც ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, არის ის, რომ დამარცხებული მხარე მოინდომებს საქართველოზე შურისძიებას. ამ გადაწყვეტილებებით ევროპამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რა სურს მას რეალურად: რეალურად სურს საქართველოში დემოკრატიული პროცესი თუ სურს საქართველოში ე.წ. რეჟიმ ჩეინჯინგის პროცესის მხარდაჭერა? აქედან კიდევ ერთხელ გამოჩნდება რეალური სახე იმისა, დემოკრატიის რა ხარისხი არის დღეს ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.