ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას ჟანგბადი არ გააჩნია. მათ არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს და ერთი მტკიცებულებაც ვერ დადეს ერთ გაყალბებულ ხმაზე

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას ჟანგბადი არ გააჩნია. მათ არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს და ერთი მტკიცებულებაც ვერ დადეს ერთ გაყალბებულ ხმაზე

ოპოზიციას ჟანგბადი არ გააჩნია. მათ არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს და ერთი მტკიცებულებაც ვერ დადეს ერთ გაყალბებულ ხმაზე, ვერც პროკურატურაში ვერ მიიტანეს, ვერც ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ვერ აღმოჩნდა ვერცერთი მტკიცებულება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„300 ათასი ხმის გაყალბებაზე საუბრობდნენ და ასი ათასი ადამიანის პირადობის გარეშე დარჩენაზე და აბსოლუტურად არაფერი არ მოხვედრილა ანგარიშში. სხვათა შორის, სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, ბატონი იოსელიანი და ასი ათასი ადამიანი პირადობის გარეშე თუ დარჩაო ერთი როგორ არ მოვიდა საჩივრით ჩემამდეო. რა თქმა უნდა, ეს აბსურდი, რაშიც ატრიალეს თავისი ამომრჩეველი აბსურდის თეატრად დარჩა. მათ რაღაც ტიპის ჟანგბადი სჭირდებათ. გარედან უცხოელი უფროსები ეხმარებიან, დელეგაციებს უშვებენ, რომლებიც არაქართული რიტორიკით გამოირჩევიან და მათ სჭირდებათ აქციებით ან რაღაცით შეინარჩუნონ ის ჟანგბადი, რომელიც მათთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აქციები, რომლებიც 28 ნოემბერს დაიწყო უფრო მასშტაბური იყო, მაგრამ დღეს ეს აქციები მილევად რეჟიმშია.

„ეს აქციები კიდევ უფრო მილევად რეჟიმში იქნება და ჩემი ღრმა რწმენით მალე დასრულდება. იქ, რა თქმა უნდა, იდგნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულები არ არიან, გულწრფელი პროტესტისთვის იყვნენ მისულები, შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ასეთი ადამიანები აკვირდებიან იმას, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ დროს თვე-ნახევარი აპროტესტებინეს რა? რომ უნდა აგვეკრძალა მედიასაშუალებები, რომ უნდა აგვეკრძალა ენჯეო სექტორი, რუსეთში გაგვეღვიძა თუ ამ კანონს მივიღებდით. ნახევარ წელზე მეტი გავიდა და არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მოსახლეობა და მოქალაქეები აკვირდებიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ჩვენი მომხრეები არ იყვნენ. უკვე მერამდენედ ატყუებენ ეს ოპოზიციონერები? საბოლოო ჯამში იქ დარჩება მარტო პარტიული აქტივი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი როლი ამ ყველაფერში ითამაშა სამართალდამცავმა უწყებებმა. როდესაც სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩხრეკები ჩატარდა ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან დიდი რაოდენობის პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და სხვა ნივთიერებები იყო ამოღებული. ამის შემდეგ აქციები გადავიდა მშვიდობიან ჭრილში - არც პოლიცია არ ერევა და არც არანაირ ინციდენტს ადგილი არ აქვს, განაცხადა მაჭავარიანმა.

„სხვათა შორის, „მაკკეინის ინსტიტუტი“, რომელიც ასე მეგობრობს ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასთან და ქალბატონ ზურაბიშვილთან და ლორა თორნტონი, რომელიც მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლავთ და რომელმაც ტრამპი ისეთი სიტყვებით ლანძღა ორიოდე დღის წინ, რომ წარმოუდგენელია, ძალიან გულდაწყვეტილია. გახსოვთ ხომ მისი განცხადება ორი კვირის წინ, ამდენი ხანია აქციები მიმდინარეობს და როგორ შეიძლება რომ ჯერ მსხვერპლი არ არისო, ვინაიდან ეს გაიდლაინი ჰქონდა „მაკკეინის ინსტიტუტს“ რადიკალებისთვის გადაცემული და მათ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში ეს ყველაფერი. ვერ მოახერხეს, ვერც კანვასის ტრენინგმა ვერ უშველა, ვერც აკერმანის ტრენინგმა ვერ უშველა და ეს რიგით მეოთხე ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რევოლუციის მცდელობა, რა თქმა უნდა, ჩაუვარდათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.