დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის 20-24 იანვარს უნდა გაიმართოს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი, საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, საქართველო არცერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ეს გადაწყვეტილება იმ სანქციებისა და ზეწოლის გააგრძელება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა „ქართულ ოცნებაზე“ ხორციელდება.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება არ შეცვლილა და სწორედ ამის გამოძახილი შეიძლება იყოს „ქართული ოცნებისთვის“ მოწვევის არ გაგზავნაც:
„მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაცია არც შარშან მონაწილეობდა, რადგან მას მოწვევა არ მიუღია - დიდი ალბათობით, იგივე სიტუაციაა ახლაც. თუკი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპაში ჯერჯერობით აქვთ ის დამოკიდებულება, რაც აქვთ, ის ვერ იქნებოდა მიწვეული ამ ფორუმზე. გვახსოვს ცნობილი განცხადებები ევროპარლამენტიდან და სხვა ევროსტრუქტურებიდან. ჩვენი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს“, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ ცივი და პრინციპულია. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა გარკვეულ სტრატეგიულ ნაბიჯზე ფიქრობდეს, რაც პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
„ის დამოკიდებულება, რაც ახლადაჩატარებული არჩევნების და ახლადარჩეული პრეზიდენტისადმი ჩვენი პარტნიორების მხრიდან იკვეთება, ამასთან, განცხადებები იმის შესახებ, რომ იქნება სანქციები, რაც პირველ რიგში, ივანიშვილისკენ არის მიმართული, ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ საქართველოსადმი დამოკიდებულება ძალიან ცივია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხოლო თუ ამ პროცესებსაც გავითვალისწინებთ, რაზეც ახლა მიდის საუბარი, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას, „ქართული ოცნება“ თანდათანობით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ექცევა იზოლაციაში. რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვნახავთ, თუმცა, ამ ეტაპზე ეს დამოკიდებულება არის საკმაოდ მკაცრი და პრინციპული.
„ქართული ოცნება“ დღეს ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესშია - ვფიქრობ, რომ „ოცნება“ რამდენიმე ვერსიას განიხილავს, როგორ გააგრძელოს პოლიტიკური პროცესი, როგორც ქვეყნის შიგნით პროტესტანტებათან მიმართებაში, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს მთავარი პრობლემა - ახალი არჩევნები ინიშნება თუ არა?! თუ „ქართული ოცნება“ მიდის არჩევნების დანიშვნაზე, პარტნიორებთან ვითარება შეიცვლება, მაგრამ ამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებები - ბევრი ფაქტორია, რომელიც უტყუარს გახდის იმას, რომ ამ არჩევნების შედეგებს აღიარებდეს ორივე მხარე - „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია.
ახლა როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ 53%-ს ვერ მიიღებს, მაგრამ პარტიებს შორის პირველ ადგილს მაინც დაიკავებს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია რატომ ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას პრობლემა, რომელიც შეიძლება არჩევნების გზით გადაიჭრას?! პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა ძირითადად ხდება არჩევნების გზით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება. მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველი წლის იანვარში ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესისა თუ ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები. ფორუმს, როგორც წესი, ესწრებიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები. დავოსის ეკონომიკური ფორუმი პირველად 1971 წელს გაიმართა.
2025 წლის ფორუმის სახელწოდებაა — Collaboration for the Intelligent Age – „თანამშრომლობა ინტელექტის ეპოქაში“. რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას (MSC) – ეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმი საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. 1693 წლიდან ყოველწლიურად აქ თავს იყრიან პოლიტიკური, სამხედრო, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგდოების ლიდერები და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს განიხილავენ.