პოლიტიკის გადატვირთვა თუ სანქციების გაგრძელება და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერება? - როგორ გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობას უახლოეს პერიოდში და რისი იმედი აქვს მმართველ გუნდს?
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შემდეგ, შესაძლოა, სანქციები ბიძინა ივანიშვილს დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესოს. თემთა პალატაში 15 დეპუტატის წერილი შევიდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ. დოკუმენტის მიხედვით, პალატამ შეშფოთება უნდა გამოხატოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და დაგმოს ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში. თუმცა ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არცერთი რესპუბლიკელი დეპუტატის ხელმოწერა არ აქვს, რომელიც თემთა პალატაში რიგით მეორე დიდი პარტიაა.
„ქართული ოცნება“ ინიციატივის პასუხად აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოჩნდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა.
„ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში წერია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება გაერთიანებულ სამეფოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე კანონმდებლის ინიციატივაა, თუმცა მმართველი პარტიისთვის ეს არაფერს ცვლის. „ქართული ოცნების“ შეფასებით, საკითხის დღის წესრიგში დაყენება საქართველოზე მეტად დიდი ბრიტანეთის, როგორც ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტს აზიანებს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების მოთხოვნა ე.წ. დიფ სთეითის გავლენების შედეგია.
ხელისუფლების ოპონენტების მოლოდინია, რომ თემთა პალატაში შესული შუამდგომლობა მხოლოდ ინიციატივად არ დარჩება. ოპოზიცია არგუმენტად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ივანიშვილისთვის უკვე დაწესებულ სანქციებს იშველიებს და ამბობს, რომ ბრიტანეთი ყოველთვის ამერიკასთან კოორდინირებულად მოქმედებს.
თუმცა მმართველი გუნდი 20 იანვრის შემდეგ ამ ზეწოლის შემცირებას პროგნოზირებს.
„ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამის იმედი აქვს ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თავად საუბრობს ამ ყველაფერზე, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. ამაზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რადგან წარმოუდგენელია ცხოვრების ამგვარი უსამართლობით გაგრძელება, როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი და გადაწყვეტილებების მიღება. თუ იცავ შენს ქვეყანას და მის ინტერესს, მაშინვე ბევრ სისულელეს მოიგონებენ ხოლმე, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და იღებენ არასამართლიან გადაწყვეტილებებს. არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ მიიღებენ, ეს ძალიან ცუდი იქნება. ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ 20 იანვარს, როგორც კი ტრამპის ინაუგურაცია მოხდება, საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაცია რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუმცა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეს ზეწოლა, რომელიც ახლა დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლებაზე მოდის, ნელ-ნელა შესუსტდება და ყველაფერი თავის სახეს მიიღებს.
„პოზიტიური მოლოდინი 20 იანვრის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, გარკვეულ დროს მოითხოვს, არსებობს იმიტომ, რომ ეს მოლოდინი იმ ადმინისტრაციის წასვლას უკავშირდება, რომელიც ამ ანტიქართული პროექტის შემქმნელი და განმახორციელებელია. დღემდე ჩვენს ქვეყანაში წყალს ამღვრევენ. სწორედ ამ მიმავალმა ადმინისტრაციამ თავისი ბლინკენითა და მილერებით თავის დროზე ის პროექტი შექმნა, რომ საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა უნდა მომხდარიყო. ეს მოცემულობა სწორედ ამ ადმინისტრაციის პირობებში შეიქმნა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ უკრაინა-რუსეთის ომი დაწყებულიყო. როგორც კი ეს ომი დაიწყო, მაშინვე იყო გეგმა, რომ საქართველო და მოლდოვა ამ ომში უნდა ჩართულიყო.
განსაკუთრებით საქართველოს საკითხი იყო აქტუალური. როცა საქართველოს ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ამის შემდეგ ახალი გეგმა შემუშავდა, როგორ დასჯილიყო საქართველოს ხელისუფლება. აი, სწორედ ამ ხნის განმავლობაში ამ პროცესს ვადევნებთ თვალს, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. მათ ამისთვის გამოყვეს თანხები, გააქტიურეს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ თანამოაზრეები, აგენტურული ქსელები გააქტიურეს. აამოქმედეს ქვეყნის შიგნით საკუთარი არასამთავრობო სექტორი, რომლებიც მათგან სოლიდური თანხებით ფინანსდებიან. ჟურნალისტები, მედია-ენჯეოები, მათი რედაქტორები და ა.შ. ამ ყველაფერს კი ხელისუფლება ძალიან დიდი ხანია წარმოუდგენელი სიმშვიდით უმკლავდება“, - ამბობს ახვლედიანი და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სულ რამდენიმე დღე დარჩა, ეს პროექტი ჯერჯერობით მუშაობს. იმ ხალხს, რომლებმაც ეს პროექტი წარმოებაში ჩაუშვეს, არ შეუჩერებიათ. ამიტომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება და ბოლომდე მიჰყვებიან.
„როგორც კი ბაიდენის ადმინისტრაცია თავისი მინისტრებითა და ჩინოვნიკებით პენსიაზე გავა, ამ პროექტის გამგრძელებლები აღარავინ იქნება. ტრამპის ადმინისტრაციას, ბუნებრივია, ამ პროექტის გაგრძელების სურვილი არ ექნება. ჩვენი ომში ჩართვა კი არა, საერთოდ უკრაინის ომის დასრულებაზე მიდის საუბარი. მისი გამოკვეთილი ინტერესია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალოს. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს და მათ მიერ სანქციებზე გაკეთებულ განცხადებებს, აქაც საქმე გვაქვს ბაიდენის ადმინისტრაციის დღევანდელ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაზე გავლენასთან. ის მოცემულობა, რომელიც ბრიტანეთშია შექმნილი, სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გაგრძელებაა. თუმცა ჩვენ უკვე ვიცით ტრამპისა და მისი გარემოცვის დამოკიდებულება დიდი ბრიტანეთის ამ ხელისუფლებისა და ლეიბორისტული პარტიის მიმართ.
ვნახეთ ილონ მასკის ძალიან მწვავე განცხადებები დიდ ბრიტანეთსა და მის ხელისუფლებაზე. ამიტომ ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ეს გავლენები, რომლებიც ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციას გააჩნია, ინგლისზე ზეგავლენას ახდენს. ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან გავლენიანი ფიგურა ილონ მასკი, რომელიც, ალბათ, ამერიკაში ტრამპის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, ამბობს, რომ ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა არაკომპეტენტური და შესაცვლელია. იგივეს ამბობს გერმანიის სოციალ-დემოკრატებსა და შოლცზე. აქ კიდევ უფრო მძიმე ეპითეტებს იყენებს. ამიტომ მოლოდინი არის ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობასთან ერთად ევროპაშიც ძალიან ბევრი ლიბერალური ხელისუფლების ჩამოშლა დაიწყება“, - ამბობს ახვლედიანი.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია პირდაპირ შეუწყობს ხელს ყველა ევროპულ სახელმწიფოში, სადაც კი ხელი მიუწვდება, მემარჯვენე პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოყვანას.
„ამ ფორმით ამერიკის ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის დაშლას შეუწყობს ხელს. ამისთვის კი საჭიროა, რომ ევროპული სახელმწიფოების სათავეში ეროვნული პოლიტიკური ძალები უნდა მოვიდნენ. დღეს თუ რამე ხდება საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის განვითარების შეფერხებას, ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. ისინი ამას აკეთებდნენ ღიად, რომელსაც ასევე ღიად დაუპირისპირდა „ოცნება“. ეს კი ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა. ამიტომ 20 იანვრიდან გაჩნდება გადატვირთვის, პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და ამოსუნთქვის ფანჯარა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან სიტუაციის განმუხტვისთვის გამოიყენებს“, - ამბობს ახვლედიანი.