„ოპოზიციამ ქართული „დიფ სთეითი“ ვერ დაარწმუნა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა დროულია, ამ ეტაპზე ხელისუფლების ცვლილება არ არის გადაწყვეტილი“

„ოპოზიციამ ქართული „დიფ სთეითი“ ვერ დაარწმუნა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა დროულია, ამ ეტაპზე ხელისუფლების ცვლილება არ არის გადაწყვეტილი“

როგორი იქნება უახლოეს პერიოდში საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, როცა არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს? საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლეთიდან წამოსული ზეწოლა არ ნელდება, თუმცა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ სურს კომპრომისზე წასვლა და დიალოგი. ორივე მათგანის მოლოდინი 20 იანვრის შემდგომ, მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს ეყრდნობა, რომელმაც ასახვა საქართველოზეც უნდა ჰპოვოს. 

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამ და სხვა კითხვებზე პასუხობს. მას აქვს ვერსია, რაზე იქნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დამოკიდებული და ასევე, აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ოპოზიციამ „დიფ სთეითი“ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი. ოპოზიცია არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს მათ, რათა არჩევნების გაყალბება დადასტურებულიყო. ამიტომ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება. ამ ეტაპზე, არც ერთი მხარე მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებს. როდემდე შეიძლება ეს სიტუაცია გაგრძელდეს?

- ეს პროცესი შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს და მას ლოგიკური დასასრული არ ჰქონდეს. ამის მიზეზი კი მხარეებს შორის სრულიად აცდენილი სურვილები და ინტერესებია. საერთოდ, ამ ეტაპზე, ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერანაირ შეხების წერტილს ვერ პოულობს და ამას არც ცდილობენ. ასევე, არც გარედან არ ჩანს ჯერჯერობით იმის მზაობა, რომ საქართველოში ეს პროცესი დასრულდეს.

პოლიტიკური პროცესი არ არის არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მონოპოლიზირებული სივრცე, ეს არის ხალხის ნების გამოხატვის არეალი, ამიტომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს პროცესი დასრულდება თუ არა, ხელისუფლებაში ვინ მოვა, ქვეყანა რა გზით განვითარდება და ა.შ. თუმცა, სამწუხაროდ, აქვე უნდა დავამატო, რომ 90-იანი წლებიდან ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკიდან გაძევებულია. ამ ქვეყნის ელიტამ და „დიფ სთეითმა“, რომელიც დასავლეთიდან 90-იანი წლების დასაწყისიდან არის გადმოსული, ჩათვალეს, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოყვანა შეცდომა იყო და ამ შეცდომის გამო, ქართველი ხალხი პოლიტიკიდან განდევნეს. დღემდე ასეა და არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენს ქვეყანაში რა პორცესებიც მიდის, ხალხის ნების გამომხატველია.

ანუ ოპოზიციის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ქუჩაში პორცესებს ქართველი ხალხი მართავს არასწორია? ვინ არიან მაშინ ეს ადამიანები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა აქციებს მართავენ? ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხია, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლების წასვლას ითხოვს...

- თქვენს კითხვას პირდაპირი პასუხი არ აქვს, რადგან ხალხია ის, ვინც ქუჩაში არ გამოდის; ხალხია ის, ვინც უცხოეთშია წასული, ასევე, სხვა პოზიციაზე დგას და ა.შ. ქართველი ხალხის ერთი საერთო ინტერესი არის ის, რომ ევროპული გზა სწორ გზად მიაჩნია. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ და ეს მცირე ნაწილია. თუმცა აქ ქუჩაში გამოდის საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც მცირეა, ხოლო უმრავლესობის ნაწილი დუმს და ის ქუჩაში არ გამოდის. პასუხის გაცემა რატომ არ გამოდის ეს ხალხი და უმეტესობა რატომ დუმს, მარტივი არ არის. ამას რამდენიმე კომპლექსური მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსული, რომელთა უკანაც ოპოზიცია დგას, ამ მოცემულობით, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია მათი გამოხატვის ფორმები. აქვე დავამატებ, რომ ძალადობს ერთმანეთზე ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება. ვერც ერთ მათგანს ვერ გამოვყოფ და ორივე თანაბრად არის ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მხოლოდ კვერის დამკვრელის პოზიციაშია. ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია მხოლოდ ეკითხებიან, უნდა თუ არა ესა თუ ის ლიდერი და ხალხიც პასუხობს ან „დიახ“, ან „არა“. ამიტომ ვიდრე კვერის დამკვრელი იქნება ხალხი, მოსახლეობის აქტიური ნაწილი გამოვა ქუჩაში და ქვეყანას ნებისმიერი მიმართულებით წაიყვანს. მერე აღმოჩნდება, რომ ეს არ იყო საერთო სახალხო ეროვნული არჩევანი და ისევ უცხოური ძალის ძებნა დაიწყეს. სამწუხროდ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე შეიძლება ამ სიტუაციით მივიდეთ.

გამოდის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მოსახლეობის დიდი ნაწილი კვერს არ უკრავს? „ოცნება“ ამბობს, რომ არ არის პოლიტიკურად ალტერნატიული ძალა, რომელიც ხელისუფლებას გადაიბარებს. გახსოვთ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მასაც აღარ სურს საკუთარი გვარის გაგონება და ესმის ხალხის, რომ მესამე ვადით იგივე პარტიის არჩევა მოსაწყენია. თუმცა მან დაამატა, რომ არ არსებობს სხვა ძალა, რომელიც ახლა ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. ამაში ქართველი ხალხის უმრავლესობა, რომელიც ჩუმად არის, მას ეთანხმება?

- კი ბატონო, ხელისუფლების ცვალებადობა აუცილებელია, რათა ქვეყნის დემოკრატიის განვითარება მოხდეს. თუმცა საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ბოლო 12 წელია შეუძლებელი გახდა. ამის მიზეზიც რამდენიმეა. პირველ რიგში, ის, რომ სხვა ახალი ძალების წინ წამოწევა ოპოზიციურ ფლანგზე არ მოხდა. მე ამაში ბიძინა ივანიშვილის წვლილსაც ვხედავ. გახსოვთ, ალბათ, „შუა უნდა გაიკრიფოს“ მისეული ფორმულა, რაშიც ძალიან შეცდა. დარწმუნებული ვარ ამას თავადაც ხვდება და ამ შეცდომას ახლა იმკის. ამაში ჩვენი საზოგადოების ის ნაწილიც არის დამნაშავე, რომელიც ამ საპროტესტო მუხტის ავანგარდშია. მათი წვლილიც დიდია და მხოლოდ ივანიშვილზე ვერ გადატყდება ჯოხი.

არასამთავრობო სექტორი, რომელიც ძალიან დიდი თანხებით და კარგად არის დასავლეთიდან დაფინანსებული სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მისი რეჟიმის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს ვერ ხედავდა. მათ ავტორიტარიზმის ნიშნები სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვერ შენიშნეს, ხოლო ეს ივანიშვილის ხელისუფლების დროს შენიშნეს, როცა პრობლემები პირადად მათ შეექმნათ. მათ კეთილდღეობას და დაფინანსებას გაუჩნდა საფრთხე. ორივე მხარეს, ოპოზიციასაც და პოზიციასაც ჩაკეტილი აქვთ საინფორმციო ველი. საერთოდ, ოპოზიციურ არხებზეც არ ისმის განსხვავებული აზრი. აი, ამ საინფორმაციო ტყვეობაში ჰყავთ ხალხი. რაიმე დისკუსიის მაგვარი, განსხვავებული აზრი „ტვ პირველზე“ გინახავთ? მე მაგალითად არ მინახავს. ან სამთავრობო არხებზე?

ამიტომ ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური, საინფორმაციო კრიზისი და ვაკუუმი. ამიტომაც ხალხის უმრავლესობა „ვაის გავეყარე, უის შევეყარე“ პრინციპით ჩუმად არის. მეორე მხარეს მყოფი პოლიტიკური ელიტის ნდობაც არა აქვს, რომელიც ძალიან ჭრელი და გაუგებარია. ყველა იმ 9-წლიანი მძიმე რეჟიმის დროინდელი სახეები, რომლებიც ისევ ოპოზიციაში არიან მოკალათებულები, უნდა წავიდნენ. ახალი სახეები უნდა მოვიდნენ, რომ ხალხმა პოლიტკოსების მიმართ ნდობა დაიბრუნოს. ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები, სააკაშვილის რეჟიმის დროს მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. ხალხს ეს კარგად ახსოვს, ამიტომ მათი ნდობა არ აქვთ და ისევ შეჩვეულ ჭირს ირჩევენ, რომელიც მეტ-ნაკლებად, მათზე ლოიალურად გამოიყურება.

„დიფ სთეითის“ თემას მინდა შევეხოთ, რომელიც თქვენ ზემოდ ახსენეთ და ამაზე უკვე ხელისუფლება დიდი ხანია საუბობს. ივანიშვილიც და „ოცნებაც“ ამტკიცებს, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები და დასავლეთიდან წამოსული ზეწოლაც, სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენაა. ვინ არის ეს ხალხი, რეალურად რას წარმოადგენენ და რა გავლენა აქვთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?

- „დიფ სთეითი“ არსებობს და ეს არ არის „ოცნების“ მოგონილი თემა. ეს განსაკუთრებით ამერიკაშია პრობლემა და საკმაოდ ძლიერი გავლენები აქვთ. არ ვიცი ტრამპი რას იზამს, მე მიმაჩნია, რომ მას მათთან ბრძოლა გაუჭირდება და შესაძლოა, იძულებულიც კი გახდეს ითანამშრომლოს. გაგიკვირდებათ და „დიფ სთეითი“ საქართველოშიც არსებობს. ეს არ არის მოცემულ არენაზე საჯაროდ გამოსული ხალხი. აქ კრიმინალიტეტს არ ვგულისხმობ, აქ იგულისხმება იმ გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკიდან თავი შორს დაიჭირონ, თუმცა პოლიტიკაში აქტიურად ერევიან. ესენი არიან მდიდარი, გავლენიანი მილიონერი ადამიანები. ასევე აზრის ლიდერები, რომლებიც საჯაროდ არ ჩნდებიან.

სხვათა შორის ამ პერსონალიების გარდა, არსებობს მოსახლეობის 60%, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა არ უნდა. აქ მოიაზრება 20% ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც გაგიკვირდებათ და არ არიან ხელისუფლების ცვლილების მომხრეები. ეს მძრაფრი პროტესტი, სადაც დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი გულწრფელად არის ჩართული, შედეგს არ მოიტანს. ქართული „დიფ სთეითი“ ოპოზიციამ ვერ დაარწმუნა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა დროულია და „ოცნება“ უნდა ჩაანაცვლოს. ამიტომ ორივე მხარე არის სწორედ ამ ძალაზე დამოკიდებული, რას გადაწყვეტენ ისინი. ამ ეტაპზე ხელისუფლების ცვლილება არ არის გადაწყვეტილი.

თქვენ ამერიკა ახსენეთ და მინდა ჩაგეკითხოთ, ახლა საქართველოს ხელისუფლება ტრამპის ინაუგურაციას და პოლიტიკას ელოდება, რომელიც ევროპაზეც გავლენას მოახდენს. „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ ეს წნეხი 20 იანვრის შემდეგ, რომელიც დასავლეთიდან მოდის, შესუსტდება. რას შესთავაზებს საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რის სანაცვლოდაც ეს კრიზისი განიმუხტება?

- არჩევნებამდე ვთქვი, რომ ტრამპთან დაკავშირებით მაინც და მაინც არ ვიჩქარებდი. თუ გამოკვეთილად ვიტყვით, ტრამპიზმიც გლობალიზმია და მისი მოძღვრებაც შეერთებული შტატების მსოფლიოზე დომინირებას გულისხმობს. ამიტომ ის რაც ამერიკის გლობალურ ინტერესებს შეესაბამება, რეგიონის მოთამაშეებისთვის შესაძლოა, საერთოდ არ იყოს მისაღები. ამიტომ ზედმეტი აღტკინება ტრამპის პიროვნებით და მისი შეხედულებებით ნაადრევია. ახალი ადმინისტრაციის მიზანი იქნება, რომ ამერიკის დომინირება მსოფლიოზე კიდევ უფრო გაძლიერდეს. ბაიდენის დროს ამ ყველაფერს საფრთხე შეექმნა და ეს უკრაინის ომის კონტექსტში კარგად გამოჩნდა. ამიტომ ტრამპის დაინტერესება სამხრეთ კავკასიის მიმართ როგორი იქნება, რით იქნება განპირობებული, რა მიზნები ექნება, ჩვენს ქვეყანაშიც პოლიტიკური პროცესები ამაზე იქნება დამოკიდებული. მე მიმაჩნია, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციასთან მოახერხებს დალაგებას სანქციების მოხსნის და მისი ფინანსური პრობლემების მოგვარების კუთხით, ივანიშვილი მისცემს მას გარანტიას, რომ ამერიკის პოლიტიკას საქართველოში პორბლემა არ შეექმნება.

მარბიელი სრულად ვეთანხმები ოცნების პოზიციას 1. გამჭვირვალობის კანონთან, 2. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან, 3.მეორე ფრონტთან დაკავშირებით
არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, მაგრამ ისეთი არაფერი იყო, რამაც გავლენა იქონია საბოლოო, დიდ შედეგზე (2-3%-ით სხვაობა შედეგს არ შეცვლიდა)
ოცნების შეცდომა იყო კოჰაბიტაცია და "შუის გაკრეფის" პოლიტიკა
დღეს ოცნების შეცდომაა ხაზარაძე-გვარამია-ვაშაძე-სააკაშვილის მსგავსად ზიზღის ენა
შეცდომაა, რომ იმ ვეშ გაგდებული მოქალაქის და როგავას მცემელი პოლიციელები დაჭერილები არ არიან
შეცდომაა, როცა პრემიერი საჯაროდ ამბობს: "როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, თმენის ვალდებულება უნდა გქონდესო", ანუ რომ გაგლახავენ, ჩუმად უნდა გაიაროო ... ეს კი პოლარიზაციას აძლიერებს
1 საათის უკან
Gami ალაგ-ალაგ ბლანდავს ეს კაცი.
1 საათის უკან