თემთა პალატაში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა. წინადადება თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა. ამ დროისთვის მას პალატის 13 წევრი აწერს ხელს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო, გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“.
თემთა პალატა აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს საქართველოსთან გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვისკენ და რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად ევროკავშირელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ.
მაშ ასე, აშშ-ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას გაერთანებული სამეფო აანონსებს. ამ სანქციების მიზეზი ნათელია, ივანიშვილი ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მსგავსად, ის არ გახდა დასავლეთის მარიონეტი და მიუხედავად ზეწოლისა, ქვეყანა საომარ კონფლიქტში არ ჩართო. შანტაჟს არ ემორჩილება და საკამოდ მშვიდად ხვდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ იმ ფონზე, როცა „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა.
„დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საზოგადოებას ახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. მათ შორის უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული.
„ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.
დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე გამოცდილება გვაქვს სანქციებში, ვხედავთ, რომ სანქციები დიდად არ მოქმედებს, მათ შორის უცხოეთის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ამ მხრივ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, წლებია სანქციების რეჟიმში ცხოვრობს ირანი, მაგრამ ცოცხალია.
„სანქციებით ქვეყნის „მოხრჩობა“ შეუძლებელია და მით უმეტეს ცალკეული პიროვნება აიძულო სანქციებით რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არარეალისტურია. მაგრამ სავარაუდოა, რომ სანქციებში შეჯიბრი სხვა მიზნებს ისახავს. კერძოდ, არის ლაპარაკი იმაზე, რომ ბაიდენის წასვლის წინ დემოკრატები ცდილობენ იმდენი არეული წერტილი დაახვედრონ ტრამპს, რომ მერე მას გააუჭირდეს ამ არეულობების მოვლა“, - აცხდებს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, ალბათ, ერთ-ერთი მოსავლელი არეულობა არის საქართველოს წინააღმდეგ გამოშვებული ეს სანქციების რიგი. ტრამპი ამას აიღებს თუ არა თავის თავზე, არ იცის, მაგრამ თუ არ აიღებს, კიდევ უფრო კმაყოფილები იქნებიან და რატომ?
„დავუშვათ ამ სანქციებმა და სხვა მექანიზმებმა, რომელიც მოქმედებს, გამოიღო შედეგი და ივანიშვილი თავის ოცნებიანად წავიდა ხელისუფლებიდან, რის შემდეგაც მოდის „ნაციონალური მოძრაობა“, ლაპარაკია იმაზე, რომ ეს წერტილი, რასაც კავკასიის კარიბჭე ჰქვია, რომელიც, სულ უფრო ცხადია, რომ შორეული აღმოსავლეთისა და ევროპის გზა ხდება, აი, ეს კარიბჭე დემოკრატებს დარჩებათ, ეს არის და ეს.
მათ ხომ არ იციან ივანიშვილი რა ჯიუტიც არის, შეიძლება მაგ თვალსაზრით ჩაფიქრებული აქვთ ზეწოლა ივანიშვილზე საიმისოდ, რომ დაუთმოს ხელისუფლება და ქვეყნის მართვა იმ ძალებს, რომლებიც დემოკრატებთან და რუსეთთან საერთოს გამონახავენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.