„სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რაც უნდა ცუდი იყოს ის“

„სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რაც უნდა ცუდი იყოს ის“

საქართველოში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება, ხოლო მოთხოვნები იგივე რჩება: ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებული ადამიანები გათავისუფლდნენ. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას აუცილებლად უნდა მიუსხდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ვითარება შესაძლოა, მეტად დაიძაბოს და ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხსა და კრიზისში უფრო ღრმა შევიდეს. თუმცა, ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ერთი ნაწილი გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი მის აუცილებლობასა და გარაუვლობაზე მიუთითებს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმარი არ შეიძლება ეწოდოს იმ ადამიანს, რომელიც პოლიციელს ცოცხლად დაწვას უპირებდა. მისი თქმით, სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რაც არ უნდა ცუდი იყოს ის.

ეს ყველაფერი ხელოვნურად არის გამოწვეული. დასავლეთიდან რომ შეწყდეს ის დაფინანსება, რასაც ეს პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, აბსოლუტურად ყველაფერი დასრულდება - ისედაც დასრულებულია. ვნახეთ კომედიური, .. გაფიცვა - ეს იყო მარაზმი, რაშიც თავად ოპოზიცია ჩავარდა. რა დათმობაზე უნდა ვისაუბროთ?! თავადაც თუ სჯერათ, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა?! პოლიტიკური პატიმარი შეიძლება ეწოდოს ადამიანს, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს?! ადამიანს, რომელმაც თავები დაუხეთქა პოლიციელებს?! სამართალი როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, ის უნდა აღსრულდეს. დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს თუ გვინდა ქვეყანაში სამართალი და სამართლიანობა იყოს, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, აუცილებელია, არსებობდეს გარკვეული მოტივატორები, როგორიც არის დასავლეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერება ქართული ოცნების ლიდერებზე ან საპროტესტო აქციების მონაწილეთა რაოდენობის დიდ მასშტაბამდე გაზრდა.

იმისთვის, რომ მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საჭიროა რაღაც მოტივატორების არსებობა, რაც ჯერჯერობით არ ჩანს არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან. ეს მოტივატორები შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევავაში თუ საქართველოს და მისი ხელისუფლების წარმოამდგენლებზე გაძლიერდება სასანქციო წნეხი დასავლეთის მხრიდან, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში შექმნას გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რაც შესაძლოა, შეეხოთ ქართული ოცნების ლიდერშიპის წარმომადგენლებსაც.

ანდა მოტივატოორი გახდეს ის, რომ იმატოს აქციაში მონაწილეთა რაოდენობამ და პროტესტმა მიიღოს იმაზე უფრო მასობრივი ხასიათი, ვიდრე ახლა აქვს - პროტესტის ამჟამინდელი მასშტაბები არ წარმოადგენს საფრთხეს. კიდევ ერთი მოტივატორი შესაძლოა იყოს, უბრალოდ, ხელისუფლების კეთილი ნება, თუ მან ჩათვალა, რომ სიტუაცია არის ისეთი, რომ მას შეუძლია რაღაც დათმობებზე წავიდეს, ის ამას გააკეთებს - მაგალითად, ხელისუფლებას შეუძლია გამოიჩინოს კეთილი ნება და გაათავისუფლოს დაკავებულ მომიტინგეთა ერთი ნაწილი, რომელსაც არ აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული, ეს გარკვეულწილად განმუხტავდა სიტუაციას. პრეზიდენტს აქვს შეწყალების პრეროგატივა და მას შეუძლია ასეთი ნაბიჯი გადადგას.

რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნას, აქ საქმე უფრო რთულად არის. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ხელისუფლება ამაზე წავიდეს - ხელისუფლება ამაზე წავა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში - ერთი მხრივ, თუკი ჩათვლის, რომ ახალ არჩევნებში მას გარანტირებული აქვს გამარჯვება, ანდა შეიქმნება ქვეყანაში ისეთი კრიზისული სიტუაცია, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, როდესაც სიტუაციის განსამუხტავად ხელისუფლება იძულებული იქნება, ამაზე წავიდეს, მაგრამ არც ამ ეტაპზე და არც მოკლევადიან პერსპექტივაში, ამის ნიშნები არ იკვეთება - ოპოზიცია ელოდება, რომ გაზაფხულზე დადგე ასეთი მდგომარეობა, მაგრამ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო არის და შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აშშ- ახალ ადმინისტრაციაზე, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, ეს ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.