„ოცნების“ ინტერესია მსოფლიოს აჩვენოს, 2012 წლამდე რამდენად დემოკრატიული იყო ის სახელმწიფო, რომელსაც მართავდა „დემოკრატიის შუქურა“

„ოცნების“ ინტერესია მსოფლიოს აჩვენოს, 2012 წლამდე რამდენად დემოკრატიული იყო ის სახელმწიფო, რომელსაც მართავდა „დემოკრატიის შუქურა“

არსებობს სასერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი იყო სისტემური დანაშაული. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულის ჩამონათვალი კი შემდეგია: პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ადამიანების მკვლელობა; ძალადობა; პირადი ცხოვრების ხელყოფა; კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით; კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება; 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.

სპეკულაციების გამოსარიცხად, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები. უკვე ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, ისინი არ ითანამშრომლებენ საგამოძიებო კომისიასთან და მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში რუსეთის დავალებით მოქმედებს. მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება ოპოზიციის გადასაწყვეტი.

„თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას.

„კომისიაში იმუშავებენ პარლამენტის წევრები, შეიძლება მოწვეული იყვნენ სპეციალისტებიც. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის სხვა წევრები არ ინებებენ შემოსვლას, მაშინ ფორმალური და რეალური მხარე დაკმაყოფილებული იქნება და დაკომპლექტდება ისე, როგორც არის არსებული კონფიგურაციით. თუ სხვები შემოვლენ, მაგალითად „ხალხის ძალას“ ექნება ერთი კვოტა და სხვა ოპოზიციურ წარმომადგენლებს სხვა კვოტები. თუ არადა მაშინ „ხალხის ძალა“ აითვისებს იმ კვოტებს. დაკომპლექტდება ისე, რომ უმრავლესობის ნახევარი იყოს ოპოზიციის. რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოების ჩართულობა იქნება ამაში მაქსიმალური. ყველა დეტალს თვალყურს მიადევნებს საზოგადოება პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ დამნაშავე ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს. მისი თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დადგება ინდივიდუალური პასუხისმგებლობებიც.

„ნომერ პირველი მიზანი ამ კომისიის არის ის, რომ დადგინდეს „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის სტატუსის მინიჭების საკითხი და არსებობს ამის უამრავი მტკიცებულება. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს დამნაშავე ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს და თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება, შემდეგ უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობებიც აუცილებლად დადგება“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომისიასთან არ ითანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობა“. თინა ბოკუჩავისთვის გაუგებარია ვისთან უნდა ითანამშრომლონ და რაზე უნდა უპასუხონ „ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“.

„რაზე მასამართლებს - ქვეყნის სიყვარულისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის, იმისთვის, რომ ვიცავ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს თბილისში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, რუსთაველზე თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში? ერთადერთი გამოძიება, რომელიც იქნება, ამ რუსული დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ იქნება, მაგრამ არა პოლიტიკურად მართული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიერ, რომელიც კეთილსინდისიერების ტესტის შედეგად იქნება შედგენილი და რომლის შედგენაშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და საზოგადოების კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მაშ ასე, წინასაარჩევნო დაპირების ხორცშესხმა ოფიციალურად გამოცხადდა. ახლა მთავარია, საგამოძიებო კომისიამ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რისი მოლოდიც არის საზოგადოებაში. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ამ შემთხვევაში 12 წლის გარდა ის მომენტიცაა, რომ ადამინები, ვინც თვალში საცემი იყო ნაციონალების დროს, ან უკვე მოიხადა სასჯელი, მათ შორის სააკაშვილიც ახლაც იხდის სასჯელს, ან საქართველოში არ არიან. შესაბამისად, ვისი პასუხისმგებლობის საკითხის დადგომის მოლოდინი გვაქვს, ესეც ბუნდოვანია.

„მე მგონია, ამ შემთხვევაში მიზანი სხვა არის და ერთხელ გაიელვა ამ მიზანმა, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ თავის პიარსტრატეგიის ჩამოყალიბება უჭირდა და უჭირს ახლაც. კერძოდ, ვგულისხმობ იმას, „ოცნების“ ინტერესია მსოფლიოს აჩვენონ, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში, რამდენად დემოკრატიული იყო ის სახელმწიფო, რომელსაც მართავდა „დემოკრატიის შუქურა“ და, რომელსაც ახლაც მისტირიან ის წრეები, ვინც სანქციებს გვიცხადებენ და ამ ფონზე წამოწიოს იმ თემამაც რუსეთთან მიმართებაში, რას აკეთებდნენ ნაციონალები. ახლა რომ გვაყვედრიან, რუსეთში მიდიხართო, აი, მაშინ რა ხდებოდა რუსეთთან მიმართულების თვალსაზრისით და 2012 წლამდე რომ „გადასარევად“ იყო ყველაფერი საქართველოში, მგონია, აი, ამაზე პასუხად დაიძრა სასამართლოს იდეა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ლაზი ვინ გასასამართლებელია და ვინ დასაჯილდოებებლი ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ან რა დეასახეტია და მით უმეტეს რა გამოსაქვეყნებელი. თავმოყვარეობა არ აქვს ამის ავტორს?!
27 წუთის უკან