მამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე

მამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე

300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

„ვნახე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი და ვუერთდები ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურატურას იმაში, რომ თუ ვინმეს რაიმე ერთი ფაქტი მაინც აქვს [არჩევნების] გაყალბებასთან დაკავშირებით, მივიდნენ და უთხრან პროკურატურას. 300 ათასი ხმა გაყალბდაო, ხომ გვიმტკიცებენ?! 300 ათასის კი არა, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადონ. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი იცით? ხალხი გამოდის და ამბობს, ვითხოვთ ახალ არჩევნებსო. 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დადე და მერე მოითხოვე [ახალი არჩევნები] კი ბატონო. არგუმენტების გარეშე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე მთავრობამ?! 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.