არის შეთავაზება ყველა ძალოვნისთვის, საჯარო მოხელისთვის, ხალხის გვერდში დგომის შემთხვევაში, მზად ვართ, უზრუნველვყოთ, დავეხმაროთ, დავიცვათ მათი უფლებები, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სისტემის შიგნით რღვევა სწორად მოხდეს.
„დღეს 19:00 საათზე კიდევ იქნება შეხვედრა, გვქონდა ძალიან სერიოზული მსჯელობა. ჩვენი სამიზნე ახლა უნდა იყოს ძალოვანი უწყებები, ასევე საჯარო სამსახური, სადაც, ერთის მხრივ, ყველა მოძალადის გამოკვეთას და მათი რეესტრის გაკეთებაზე აქტიურად ვიმუშავებთ და ვმუშაობთ კიდეც. მეორე, მინდა, მკაფიო გზავნილი გავუგზავნო აბსოლუტურად ყველას, ვისაც უნდა, რომ გაემიჯნოს ივანიშვილის რეჟიმს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული საშუალებები, მექანიზმები, როგორ დაგიდგეთ გვერდში. დაგვიკავშირდით და მოვახდენთ თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების უზრუნველყოფას, თქვენი უფლებების დაცვას. ნუ შეგეშინდებათ, უბრალოდ გამოდით კონტაქტზე. მინდა, მკაფიო გზავნილი გავუგზავნო აბსოლუტურად ყველას, რადგან მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს რღვევა სისტემის შიგნით.
ჩვენ უკვე დავიწყეთ მონაცემების მოგროვება, ახლა უკვე დავიწყებთ ყველაფრის საჯარო სივრცეში გამოქვეყნებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარია მოსამართლეებზე, ძალოვანი უწყებებზე, ცრუ მოწმეებზე. ფართოა უკვე ეს წრე, რომლებიც დანაშაულს აწერს ხელს, მაგრამ ამის მეორე განზომილება არის შეთავაზება ყველა ძალოვნისთვის, ყველა საჯარო მოხელისთვის, ხალხის გვერდში დგომის შემთხვევაში, ჩვენ ვართ მზად რომ უზრუნველვყოთ, დავეხმაროთ, დავიცვათ მათი უფლებები“, – აღნიშნა ვაშაძემ.