გიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი
ფოტო: ვიდეოკადრი
გერმანელი პოლიტიკის აუტსაიდერის ეს ვიზიტი, შეიძლება არც არაფრად მივიჩნიოთ. სამწუხაროა, რომ ხალხი ხვდება ქუჩაში და ყვავილების თაიგულებს ჩუქნის და ხელკავით დასეირნობენ. მაგრამ ასეთი უტიფარი და მტრული განცხადებები საქართველოს მიმართ, როგორიც როთმა გააკეთა, ჩვენ სხვებისგანაც მოვისმინეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც გერმანელი პოლიტიკოსის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მიხაილ როთის ვიზიტები საქართველოში რადიკალების სცენარის ერთ-ერთი სეგმენტია, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტმა ერთ ანგარიშში შეკრა.
„ეს ყველაფერი ერთად შეკრა მაკკეინის ანგარიშმა, რომელიც ელოდებოდა აქ სისხლისღვრას, შეჯახების კვალდაკვალ ისეთ სისხლისღვრას, რომელიც თუნდაც გერმანიაში ახლა მოხდა, 5 კაცი დაიღუპა, საფრანგეთში 11 -ია დაღუპული. ეს ევროპისთვის არ არის სიახლე, პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის დაპირისპირება მაგრამ სწორედ საქართველოში უნდოდათ იმ ბოროტების დანახვა, რასაც ჰქვია ადამიანის მიერ ადამიანის მოკვდინება. რასაც „ნაცმოძრაობა“ 2012 წლამდე ჩვეულებრივად აკეთებდა. ეს ყოველდღიურობა იყო. ამის გამეორება საქართველოში უნდოდათ. მიხაილ როთი არის ერთ-ერთი სეგმენტი ამ სცენარისა, რომელიც დაიწერა და რომელსაც სხვადასხვა მიმართულებები გააჩნია.
მაგალითად, ქარტია, რომლის გარშემო უნდა შეკრიბოს პოლიტიკური სუბიექტები და რომელსაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება ვინაიდან მას სისხლში არ აქვს ხელები გასვრილი და ამათაც კი არ ეამაყებათ ვინც იქ დგანან ქუჩაში და ისინიც ამტკიცებენ გულზე მჯიღის იკრავენ, რომ ჩვენ არა, „ნაცმოძრაობასთან“ რა გვაქვს საერთო?! აბა ვისთან გაქვთ საერთო?“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, ვერც სისხლისღვრის სცენარი განავითარეს რადიკალებმა და ვერც სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება.