„ივანიშვილმა სადაც ამდენ ზეწოლას გაუძლო, ორი კვირა რაღაა და რატომ უნდა მიიღოს უკვე წაგებული თამაშის წესები?“

„ივანიშვილმა სადაც ამდენ ზეწოლას გაუძლო, ორი კვირა რაღაა და რატომ უნდა მიიღოს უკვე წაგებული თამაშის წესები?“

„მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე მკაცრი“, - ასე აფასებენ ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს იყო მათი გამარჯვების მთავარი ფორმულა. ხელისუფლების ოპონენტებს ახლა სანქციების გაფართოების იმედი აქვთ და ფიქრობენ, რომ ივანიშვილი „მაგნიცკის სიაშიც“ უნდა იყოს, რათა მასზე სანქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდეს. ამბობენ, იმუშავებენ და ივანიშვილზე ზეწოლით დათმობაზე წამოიყვანენ. თუმცა რატომ უნდა წავიდეს ივანიშვილი რაიმე სახის დათმობაზე, როცა ბაიდენის ადმინისტრაციას სულ რაღაც ორი კვირა აქვს დარჩენილი და ის ისედაც სანქციების პირობებში იმყოფებოდა.

ამის ნათელი მტკიცებულებაა ის, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დროში ეს საეჭვოდ ემთხვევა სასამართლოს მიერ ივანიშვილის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ შეფასებით, შტატების ეს ნაბიჯი მინიმუმ არაობიექტურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ჩქარობს, კონკრეტული გადაწყვეტილებები ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე მიიღოს.

ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული განკარგულების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით გავრცელდა. მასში ვკითხულობთ, რომ დასანქცირებული პირის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის ამერიკის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება ანუ გაიყინება“. დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც. გადაწყვეტილებასთან ერთად გავრცელდა ენტონი ბლინკენის განმარტებაც, სადაც წერია: „ამერიკა მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს“ და ხელისუფლების ლიდერების პასუხისმგებლობის დაყენებას აპირებს.

შტატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის არაფორმალურად აქამდეც სანქცირებული იყო.

ასევე დროში ემთხვევა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის და „მეგობარი აქტის“ ავტორის ჯო უილსონის განცხადებები. ის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე და „ოცნების“ არადემოკრატიულ ნაბიჯებზე საუბრობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კონგრესმენი ჩვეულებრივ ლობისტური საქმიანობით არის დაკავებული და ამერიკული „ფარას“ კანონის მიხედვით, ის ამაში შესაბამის გასამრჯელოსაც იღებს. მმართველ გუნდი ამბობენ, რომ მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს მიერ ძებნილი დავით კეზერაშვილი უხდის ჰონორარს.

„ქართული ოცნების“ წევრის და მე-11 მოწვევის დეპუტატის ლადო ბოჟაძის განცახდებით, ამით ბიძინა ივანიშვილისთვის თვისობრივად არაფერი იცვლება, რადგან ფაქტობრივად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ის ისედაც ფაქტობრივი სანქციების ქვეშ იყო. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე.

„ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დაისაჯოს ხელისუფლება, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და იგივე სიტუაციაში იყოს საქართველო, რაშიც დღეს უკრაინაა. გახსოვთ, ალბათ, მისი შეხვედრა ამერიკის ყოფილ ელჩთან, სადაც ასევე იყო საუბარი, რომ ამერიკა, ასე ვთქვათ, დაეხმარებოდა საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, სამაგიეროდ, უნდა ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა პროცესებში, როგორიცაა რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება და მეორე ფრონტის გახსნა. რა თქმა უნდა, მაშინაც, ახლაც და მომავალშიც, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე. როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ოპოზიცია ამაზე მუდმივად ირონიულ კომენტარებს აკეთებდა, თითქოს ასეთი პრობლემა ბუნებაში არ არსებობდა, თუმცა ახლა ყველამ კარგად დაინახა თურმე ამ ფინანსური დავის უკან რამხელა პოლიტიკური მიზნები იდგა. ახლა უკვე სამართლებრივად გაფორმდა ეს ყველაფერი“, - ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, სანქციები ივანიშვილს შეგნებულად დაადეს, რომ მოესწროთ 29 დეკემბრისთვის და ოპოზიციას კიდევ ერთხელ ჰქონოდა სალაპარაკო, ან სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა ეს საკითხი მისი ვადის გასვლის შემდგომი პოლიტიკური მოვლენების განვითარებისთვის. თუმცა აქაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

„ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ჩვენს ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ვისჯებით ამის გამო, მაგრამ, ალბათ, ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დავისაჯოთ, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეგვხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად და პოლიტკურ პროცესებზე ზეგავლენისთვის დააწესა, ძალიან მცდარი გადაწყვეტილებაა. საყვარელიძე ამბობს, რომ სულ რამდენიმე კვირაში ტრამპის ადმინისტრაცი ჩაიბარებს ამერიკის ხელისუფლებას, შესაბამისად, ივანიშვილი დათმობაზე აქამდე არ წავიდა და ახლა რატომ უნდა წავიდეს?!

„ფაქტია, ეს სანქციები, რომლებიც არც თუ მძიმე სახის არის, ორი მიზეზით შესაძლოა იყოს დაწესებული. ერთ-ერთი ვერსიით, არ სურთ, რომ ივანიშვილმა მიიღოს ის თანხა, რომელიც შვეიცარიულ კომაპნიას მოუგო. ამიტომ შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ არ სურთ, რომ ივანიშვილმა ეს ფული მიიღოს. თუმცა არის მეორე ვერსია, რომ ივანიშვილზე მოახდინონ ზეწოლა, შანტაჟი და შეაშინონ. ამიტომ, როგორც ვხედავთ, ეს სანქცია არ არის იმ სიმძიმის, როგორიც ოპოზიციას უნდოდა. შესაბამისად, მიდის ვერსია იქით, რომ უნდათ ივანიშვილი რაღაცა დათმობაზე წამოიყვანონ, რაც პოლიტიკური აბსურდი მგონია. პირველ რიგში, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სულ რაღაც ორი კვირა დარჩა და ხელისუფელბაში მოდის ტრამპი და მისი გარემოცვა.

ჯერ ერთი, ივანიშვილს რა გარანიტია აქვს, მათ მიერ შემოთავაზებული პირობა რომ მიიღოს, ტრამპის ადმინისტრაციაც იგივე აზრზე იქნება და მათთვისაც ის პირობები იქნება მისაღები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას სურს? ივანიშვილი ხომ ისედაც სანქციების პირობებში იყო, ახლა, რა არის ეს სანქციები ისეთი, რომ მან დათმოს? სადაც ამდენ ზეწოლას გაუძლო, ახლა ორი კვირა რაღაა. ამერიკის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი არც პოლიტიკურად, არც ტაქტიკურად არაფერში ჯდება. ამით რა მოგება შეიძლება მიიღონ? ერთადერთი, როგორც ხელისუფლებამ თქვა, მეც ვიზიარებ, რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩვეულებრივი საბოტაჟი. თუმცა არავინ არ იცის ტრამპი რას იზამს, საერთოდ იქნება თუ არა მის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საქართველოს საკითხი“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, პირიქით, ამ ზეწოლის ფონზე ივანიშვილმა რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, როგორც ოპოზიცია ითხოვს, ეს მას სრულად დააზიანებს. ჯერ ერთი, ამის მიზეზი არ არსებობს, ვერც ერთი გაყალბების ფაქტი ოპოზიციამ ვერ დადო. ხოლო მეორე, ივანიშვილმა რომ ეს გააკეთოს, მაშინ „ოცნება“ აღმოჩნდება ყველაზე წაგებულ სიტუაციაში, რადგან მისი ამომრჩევლის წყრომას და გაბრაზებას გამოიწვევს.

„ივანიშვილი ხომ გუშინდელი პოლიტიკოსი არ არის და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. კარგად იცოდა, რომ მსგავსი სანქციები მოსალოდნელი იყო. ამიტომ, როცა ახლა ტრამპის გამარჯვების სახით მსოფლიოში სრულიად ახალი რეალობა შეიძლება შეიქმნას, ივანიშვილმა რატომ უნად მიიღოს უკვე წაგებული თამაშის წესები? რაც შეეხება ჯო უილსონს, ფაქტია, რომ „ფარას“ მიხედვით, ეს ადამიანი არის ლობისტი და მას ამ განცხადებებში ფულს უხდიან. ხომ ლოგიკურია, რომ დროში ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა და არაფერია დამალული.

ამიტომ დაველოდოთ ტრამპის ინაუგურაციას. შესაძლოა, საქართველო მისი ინტერესის სფერო საერთოდ არ იყოს. ამიტომ ამხელა ფსონის დადება ჩვენი ქვეყნის მომავალზე იმ კუთხით, რას იზამს ამერიკა, არასწორია. ეს სანქციები არ ემსახურება არაფერს, არც დიალოგს და არც კომპრომისს. ამიტომ ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ მოლაპარაკებაზე და ნაბიჯების გადადგმაზე თავად წავიდეს, სხვაგვარად ქვეყანაში იქნება რყევები, რაც ჩვენ დაგვაზიანებს მხოლოდ და არა ამერიკას, ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას“, - ამბობს საყვარელიძე.