ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელბსაც შეეხო და როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად ბულინგის, თავდასხმის, შეუარცხყოფის ობიექტები ის ხელოვანები აღმოჩდნენ, რომლებიც საახალწლოდ დაგეგმილ კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას. მათზე იმ დონის ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ზოგიერთი იძულებული გახდა, იმ საქმიანობაზე უარი ეთქვა, რომლითაც მთელი წლის მანძილზე ზოგს თავი გააქვს. ბევრმა მათგანმა აღნიშნულ ზეწოლას ვერ გაუძლო და კონცერტები გააუქმა, ასევე უარი თქვეს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე.
თუმცა „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“ ანდაზა, ალბათ, ამ სიტუაციას ყველაზე კარგად შეესაბამება, რადგან ის მუსიკოსები, რომლებიც საკუთარ კოლეგებს ახალი წლის ღონისძიებების გამო აბულინგებენ, თავად აანონსებენ ახალი წლის პერიოდში საქველმოქმედო კონცერტებს, რომლიდან მიღებული თანხითაც, ირწმუნებიან, რომ აქციის დროს დაზარალებულებს უნდა დაეხმარონ.
მაგალითად, მომღერალი ლელა წურწუმია და ჯგუფი „ჩვენი ბენდი“ 2 იანვარს „MONO HALL-ში“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ლელა წურწუმიას განცხადებით, კონცერტის ჰონორარი სრულად გადაირიცხება „ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში“ აქციის დროს დაზარებულთა ოჯახების დასახმარებლად.
„2 იანვარს „MONO HALL-ში“ გაიმართება ჩემი და ჯგუფი „ჩვენი ბენდის“ სოლო კონცერტი. ჩემი მიზანია, რომ აქციის დროს დაზარალებულების ოჯახებს დავეხმარო. მთელ ჩემს ჰონორარს, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში გადავრიცხავ“, - ამბობს ლელა წურწუმია.
თავად ხელოვანებს კი ერთი კითხვა უჩნდებათ, ვინ დაეხმარება მათ, ვინ გადაუხდის ბანკის ვალებს და რა იქნება მათი შემოსავლის წყარო, თუკი საკუთარ პროფესიაზე უარს მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული კოლეგების დამუნათების გამო იტყვიან?
ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ დაუშვებელია, კულტურის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, იგივე პოზიცია აქვს ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელს. დავით შანიძის თქმით, ახლა ხელოვანების ერთად დგომის დროა.
შეურაცხყოფა და შანტაჟი მიუღებელია იმ მუსიკოსებისთვისაც, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებში არ მონაწილეობენ. ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და განსხვავებული პოზიციების გამო, ერთმანეთის ბულინგი დაუშვებელია.
ხალხის დაბულინგება და შანტაჟი ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა - ასე ეხმაურება ხელოვანებზე გახშირებულ თავდასხმებს ანსამბლი „ერისიონი“, რომელმაც განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მსგავსი შინაარსის პოსტები გაავრცელეს სხვა მომღერლებმა და მუსიკოსებმაც.
ჯერ წერილობით, შემდეგ კი სიტყვიერად საკუთარი პოზიციების დაფიქსირება ხელოვანებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ მიმართ ზეწოლისა და ბულინგის კამპანია დაიწყო.
ერთ-ერთი მათგანია მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბულინგის და დაცინვის მიზეზი გახდა. სუხიტაშვილი წერს, რომ მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო სიმღერაა და ამის გამო რატომ უნდა აბულინგებდნენ, გაუგებარია.
მუსიკოსი მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აკრიტიკებენ მომღერლების იმ ნაწილს, რომლებმაც წინასწარ შეთანხმებულ, კერძო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი არ თქვეს:
„კონკრეტული მოცემულობა მაქვს და კონკრეტული კითხვები, შესაბამისად კონკრეტული პასუხები მჭირდება, ვიღაცების მაგალითები, ამან ის თქვა, იმან ის გააკეთა, არ მჭირდება.
ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ჩემი პროფესიაა, სიმღერა. ვის მოგწონვართ და ვის არა, ეგ აქ მეასეხარისხოვანია.
ახლა მაქვს ასეთი მოცემულობა, ჩემს ანგარიშზე არსებული თანხა ვერ ფარავს ჩემს საბანკო ვალდებულებას, მაქვს რამდენიმე კერძო (რესტორანი) შეთანხმებული ღონისძიება (არჩევნებამდე შეთანხმებული) რამდენიმე გააუქმა დამკვეთმა.
ახლა კითხვას გისვამთ, თუ მუშაობს მაღაზია, ავტოსერვისი, კვების ობიექტები, საჯარო სამსახურები, ამ ყველაფერში ეს ხალხი იღებს ანაზღაურებას, მე რატომ ვარ ქვეყნის მოღალატე, რუსეთუმე, „ქოცი“ და კიდე 1000 რამე, იმის გამო, რომ ჩემი პროფესია ასეთია?“, - წერს სუხიტაშვილი.
მისივე თქმით, მარტივი არაა, როცა უყურებ შენს ფინანსებს და ვერ ფარავ ბანკის ვალდებულებას, ჩნდება კითხვა რა უნდა გავაკეთო?!
„პირველ რიგში, გეკითხებით იმათ, ვინც დგახართ და კომენტარებში ჩემზე ხტუნაობთ, მასხარად მიგდებთ, შეურაცხყოფას მაყენებთ და მე მიწოდებთ ქვეყნის და ხალხის მოღალატეს! კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე მიპასუხეთ, არ მაინტერესებს, ვინ, სად, რა გააკეთა, რატომ და როგორ!“ - წერს გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.
„მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ“, - ნათქვამია ჯგუფ „ფორტეს“ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ისე მავანის გასაგონად, იმ ავადსახსენებელ წლებში, ბულინგი რომ ბულინგობდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის…“, - წერს „ფორტე“.
სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „საახალწლო კონცერტები, 11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ. ჩემს გარდა ბენდში 11 მუსიკოსია, ხმის რეჟისორი და მენეჯერები. პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენ გარდა… ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ვერთობით ))
მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად და მერე ჩავატარებთ ბევრს…“, - წერს სტეფანე.
ფაქტს, სოციალურ ქსელში მაია დარსმელიძე ეხმაურება და ყოფილი მეუღლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„მინდა ზუსტად იცოდეთ, ეს რას ნიშნავს. მისი შემოსავალი არის მხოლოდ კორპორატიულები. იმიტომ, რომ არ თანხმდება ფასიან, ბილეთებიან კონცერტებს. მთელი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი აქვს დეკემბერ-იანვარი. აი, რომ შეადაროთ, როგორც გლეხი სეზონზე იღებს შემოსავალს თხილით და ხილით – აი, ასე, დაახლოებით. ოღონდ ვინმემ არ გაბედოს და თქვას, რომ მის კონცერტებზე მოთხოვნა არ არის…“, - წერს მაია დარსმელიძე.
თბილისის მერის განცხადებით, იმ მომღერლების ბულინგი, რომლებიც საახალწლო კონცერტებში არიან ჩართული, ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითია.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რადიკალური ჯგუფები შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია.
„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მომღერლების მიმართულებით არ ხდება. ყველა სფეროში იგივეა: თუკი ვინმე აფიქსირებს განსხვავებულ მოსაზრებას, თუკი ვინმე ფიქრობს სხვანაირად, ვიდრე ეს რადიკალები, მაშინვე იწყება ბულინგი, გაკეთებული აქვთ ე.წ. ბოტების ჯგუფები, შეუვარდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, მიდის ცინიზმი, მუქარები და ა.შ. ამას ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ.
ლიბერალური ფაშიზმი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში, კატეგორიულად მიუღებელია. ისინი გვანახებენ, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ეს მისი უფლებაა, სად არის მაშინ დემოკრატია? ხომ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა? ეს არის მათეული დემოკრატია, ამ ტიპის ხედვა აქვთ დემოკრატიასთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ფეხქვეშ რომ ჰქონდათ გათელილი ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება. შეიცვალნენ? იმავეს აკეთებენ დღეს ოპოზიციიდან, უბრალოდ რესურსები აქვთ ნაკლები, თორემ დღესაც დახოცავდნენ ხალხს და შემოალაგებდნენ ჯიხურების თავზე, მაგრამ დღეს ამის საშუალება არ გააჩნიათ და ამას აკეთებენ სიტყვით, ბულინგით, თავიანთი ტელევიზიების საშუალებით, რომლებიც აღვივებენ პოლარიზაციას. ამ ყველაფერს დავამთავრებთ ჩვენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.