ფული ბაბაია, ფული...

ფული ბაბაია, ფული...

ოპოზიციაში პარტიების მიერ სახელმწიფო დაფინანსების აღების გამო დიდი დაპირისპირება დაიწყო. როგორც ამბობენ, სიტუაცია იქამდეა მისული, რომ ერთმანეთს დაფინანსების წყაროებს ურკვევენ და „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“, პარტიის ლიდერები ერთმანეთს საქმეებს საჯაროდ, სოციალური ქსელებით ურჩევენ. დაპირისპირებაა მათსავე ამომრჩეველში, რომლებიც ოპოზიციას მატყუარებს და მოღალატეებს უწოდებენ. ხალხს, რომლებიც ქუჩაში იყინებიან და ოპოზიციის ლიდერები გაფიცვისკენ, სამსახურის გარეშე დარჩენისკენ მოუწოდებენ, თავად ბიუჯეტიდან მილიონობით დაფინანსებას აიღებენ. 

საქმე ისაა, რომ ბარიერგადალახულმა პარტიებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და დღემდე ვერც ერთი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინეს, იღებენ იმ დაფინანსებას, რომელი დაფინანსება გადანაწილებული არის ზუსტად იმ პროპორციით, რა რაოდენობის ხმებიც მიიღეს არჩევნებში. ანუ პირდაპირ ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან ცესკოს შედეგებს. შესაბამისად, ამით მათ წერტილი დაუსვეს ყველანაირ სპეკულაციებს გაყალბებასთან დაკავშირებით.

ცესკომ 26 დეკემბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, - 26 ნოემბრიდან, - სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა ჯამში შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ესენია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. ცესკოს თანახმადვე, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

შესაბამისად, დანარჩენი ექვსი პარტია დაფინანსებას მიიღებს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და იმ პარტიებს აკრიტიკებს, რომლებმაც დაფინანსებაზე უარი არ თქვეს.

„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. მაი, მესმის“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ „პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს“, ხოლო აქვე კითხულობს საიდან ფინანსდება პარტია „ახალი“ და რატომ არ სჭირდებათ მათ ბიუჯეტიდან დაფინანსების აღება?

„როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ „მესიჯბოქსით“ საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“, - დაწერა მან.

„საბიუჯეტო დაფინანსება - არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა დამოკიდებული, ამიტომ თუ ამ ფულს იღებ, ბუნებრივია, მინიმუმ ამ ნაწილში არჩევნების შედეგს აღიარებ“, - ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი თემას Facebook-ზე.

მისი თქმით, თუ მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებ, ხოლო არჩევნების შედეგს პრინციპულად არ აღიარებ, მაშინ არც სახელმწიფო დაფინანსებას უნდა იღებდე.

„არგუმენტი, რომ „ჩვენ არაფერი გვითხოვია, ცესკო თვითონ გვირიცხავს“, - ფაქტობრივი ტყუილია, რადგან ყველა პარტიამ წერილი მიიღო ცესკოსგან, შინაარსით: „თუ დაფინანსების მიღება არ გინდათ, მოგვწერეთ, სხვა შემთხვევაში, ფული დაგერიცხებათ, 26 დეკემბრის შემდეგ“. ასე რომ, ვინმეს თუ არ უნდოდა ფულის მიღება, ეს მარტივად მიღწევადი იყო“, - წერს რაქვიაშვილი.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა მაინც - პოლიტიკური პროცესის არარსებობაა. არავინ ზის ტელევიზიაში და ამ საკითხს არ არჩევს, არ მიდის დისკუსიები და ამომრჩეველი ხან ერთ სიურპრიზს იღებს, ხან მეორეს.

„4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე „ლელომ“ მიიღო ცესკოში თანამდებობა, შესაბამისად, აღიარა არჩევნების შედეგები.

„რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ, მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესეც ჩავარდა. ახლა წავა განსხვავებული პროცესი. თებერვალში, მე მგონია, რომ შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია. მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ეს პარტიები საკუთარმა პატრონებმა და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რაც არის დღეს აშკარად სახეზე. ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები ამბობენ სხვას, არის სრული შეუთანხმებლობა მათ შორის. ერთი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც მათი მხრიდან გადაიდგა. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით, ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებული. ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავადვე შეიყვანა, ამიტომ ახლა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ან უნდა აეღოთ ფული და საბოლოოდ არჩევნების ლეგიტიმაცია ეცნოთ, მეორე მხრივ კი თავი ფინანსურ კრიზისში ჩაეგდოთ, რისთვისაც მზად არ არიან. ახვლედიანი ამბობს, რომ ოპოზიცია ვირეშმაკობს და საკუთარ ამომრჩეველს კლიდევ ერთხელ ატყუებს.

„როგორც კი დასრულდა არჩევნები, მაშინვე არ უნდა გამოეცხადებინათ, რომ მოიგეს და წაგებული არჩევნები ამომრჩევლისთვის არ უნდა ეზეიმებინათ. რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე მომგებიან სიტუაციაში გვარამიაა, რომელსაც შეუძლია ოპოზიციის სხვა ლიდერი დაამუნათოს. ფაქტია, მას დაფინანსების პრობლემა არა აქვს და ამიტომაც გაყოყოჩებული ამ პარტიებს აბულინგებს. რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, ის ძალიან უსუსურ მდგომარეობაშია. ის ზუსტად ერთი თვის წინ ამტკიცებდა, რომ არ აიღებდნენ დაფინანსებას და ხელფასს. ამბობდნენ, რომ ერთ თეთრს არ გაეკარებოდნენ და ისევ აღმოჩნდა, რომ მატყუარები არიან. როცა ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს ვადამდელი არჩევნებია, ამ დროს კი იმ ფულს იღებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების მონაცემებით მოგაკუთვნეს, მაშ რა გამოდის, თუ არა არჩევნების აღიარება?!

ამ პარლამენტში მიღებული ხმების რაოდენობით ხდება თანხის დარიცხვაც. ეს არის პირდაპირ ლეგიტიმაციის მიცემა. თითოეული ხმა, რომელიც პარტიებმა 50 ათასამდე აიღეს, 15 ლარით არის შეფასებული. შემდეგ დანარჩენი, რაც არის 5 ლარით შეფასებული. მაშინ თუ შენ ამტკიცებ, რომ ეს ხმები არალეგიტიმურია, წაგართვეს, მაშინ რატომ იღებ ფულს? ეს თავიდან ბოლომდე არჩევნების აღიარებაა“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს ფული რევოლუციას და ხელისუფლების ცვლილებას უნდა მოახმარონ. ანალიტიკოსი სვამს კითხვას, როგორ ერთი თვის წინ ასე არ იყო? აბა, რატომ ამტკიცებდნენ, რომ ამ ფულის აღება არ უნდოდათ?

„რასაც ახლა ეს ოპოზიციური მედიები საკუთარი ამომრჩევლის მიმართ აკეთებენ, ამას ჰქვია უნამუსობა და თვალებში ნაცრის შეყრა. ხალხს, რომელსაც ამუნათებენ, რომ სამსახურებში ნუ დადიხართო, ნუ მღერიხართო, ნუ ცეკვავთო, გაიფიცეთო, ამ დროს თავად მილიონებს ბიუჯეტიდან იღებენ. მათი ამომრჩევლის ადგილას ძალიან გავბრაზდებოდი და ამათ აქეთ შემოვუტრიალდებოდი. იმდენად უტიფარი ვირეშმაკობაა, რომ ამას ვერც კი ხსნიან. ლოგიკურ არგუმენტსაც ვერ აწვდიან, რომ ხალხი ქუჩაში გააჩერონ.

ამის შემდეგ, იმ 2000 კაცსაც დაკარგავენ, ვინც ყოველ საღამოს პარალმენტის წინ იკრიბება. 26 დეკემბერს გაუვიდათ ვადა უკვე და არც ერთმა მათგანმა, გვარამიას პარტიის გარდა, უარი არ თქვა. დეპუტატობა ახლა რატომ უნდა გაუუქმონ, აუცილებელია მათი რეალური სახის ბოლომდე კიდევ წარმოჩენა. ბუნებრივია, რომ ძალიან დიდი უკმაყოფილებაა ამათ ამომრჩეველში და დედას აგინებენ ღიად. ამიტომ პრემიერის განცხადების არ იყოს, ბოლოს ესენი შეასწრებენ გაზაფხულზე „ოცნებას“. აქ იმხელა თანხებზეა საუბარი, ეს ოპოზიცია და მათი ლიდერები ამ მილიონებით მშვენივრად და კომფორტულად იცხოვრებენ“, - ამბობს ახვლედიანი.