29 დეკემბრამდე რის მოსწრებას და რა გეგმაზე შეძლებს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან შეჯერებას? როგორც ცნობილია, ზურაბიშვილს ოპოზიცია ორ ვარიანტს სთავაზობს, 1. დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, და 2. დარჩეს ათონელის სასახლეში, შემოიკრიბოს მხარდამჭერები და სიტუაციის რადიკალიზება მოახდინოს. თუმცა, არც ერთი ეს გეგმა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის მისაღები არ არის. ერთი მხრივ, კონსტიტუციით პრეზიდენტს არა აქვს არჩევნების სამართლებრივად დანიშვნის არანაირი მიზეზი და მეორე მხრივ, თუ ის ათოენლის სასახლეში გამაგრდა და კანონის წინააღმდეგ წავიდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. თავად ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას 29 დეკემბერს მიაწვდის.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს ახლა მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს, ან გამაგრდეს ათონელის სასახლეში და სამართალდამცველებმა ძალით გამოიყვანონ, რასაც სისხლის სამართლის დანაშაული მოჰყვება, ხოლო მეორე გამოსავალია, წავიდეს ემიგრაციაში და იქ ამტკიცოს, რომ ისევ პრეზიდენტია. მას მესამე გზა, რომ წასულიყო მშვიდად და დაესრულებინა საპრეზიდენტო ვადა, აღარ დარჩა, რადგან ეს გზა რადიკალურ ოპოზიციასთან მხარდაჭერის გამო მოეჭრა.
ათონელის სასახლის დაკავება მისაღები არც ოპოზიციის ნაწილში და არც აქციის მონაწილეებს შორის არის. ექს-პრემიერი გიორგი გახარია წერს, რომ პრეზიდენტს ატრიბუტიკა არ აძლევს ლეგიტიმაციას და ზურაბიშვილის ათონელის სასახლეში გამაგრების ვერანირ ლოგიკას ვერ ხედავს.
„პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი“, - ამბობს გახარია.
პრეზიდენტის ათონელის სასახლეში გამაგრების წინააღმდეგნი არიან საპროტესტო აქციის მონაწილეებიც. ერთ-ერთი ორგანიზატორი დოდი კერხერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პრეზიდენტ ზურაბიშვილს ფიზიკურად ვერ დაიცავს.
„მე ნაღდად ვერ დავიცავ პრეზიდენტს ფიზიკურად, რადგან საკუთარი თავიც ვერ დამიცვია. ისევე, როგორც ვერ დაიცავენ მას პარტიები, მათ შორის, ვერც ვაშაძის დაცვა. ვერ ვხვდები, ვის სჭირდება იმ კადრების ნახვა, როგორ უკივის ანა დოლიძე შავრაზმელებს ruseboooo და ამის ფონზე ომონი როგორ „წმენდს“ სასახლეს.
ამ კადრებით უფრო მეტად გავბრაზდებით, ვიდრე 500 ადამიანის წამებაზე? თუ „მუხტი“ გვაკლია და ეს აგვანთებს?
ეს იქნება სრულიად უღირსი, დამამცირებელი და უსუსურების მომგვრელი სანახაობა. ეს ცირკი არ არის საზოგადოების დაკვეთა. ამაზე შეიძლება მხოლოდ ქოცი გაერთოს.
სალომე ზურაბიშვილი ხომ ისედაც არ ცხოვრობს ფიზიკურად მანდ და პროტესტში თავისი ფუნქციის შესასრულებლად რამენაირად გამოინახება საოფისე ფართი ამ ქალაქში“, - წერს კერხერი.
თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიციური მედიები იმდენად მატყუარები და დეზინფორმატორები არიან, რომ ხაზარაძის და სხვა მათი პატრონების საამებლად რას აღარ იგონებენ. ამიტომ ძალიან საეჭვოა, რომ საერთოდ ეს იდეა პრეზიდენტისთვის მისაღები იყოს.
„ბუნკერიზაცია = მარგინალიზაციას“, - წერს ჩერგოელიშვილი სოციალურ ქსელში.
„თუ პირდაპირი გაგებით ვიხილავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან დაცინვის გარდა არაფერი მოჰყვება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილი და მისი მრჩეველი მსგავს ნაბიჯს არ გადადგამენ.
„ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული. არ ვიცი, საზოგადოებას გვექნება თუ არა იმისი შესაძლებლობა, რომ პირველად ვნახოთ ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ „ვიღაც თავის სკამს ჩაებღაუჭა“. თუ პირდაპირი გაგებით ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან გარდა დაცინვისა, არაფერი მოჰყვება. მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ან ქალბატონი სალომე და ან მისი მრჩეველი. ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოს წინ რადიკალური ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან მიმდინარე კონსულტაციებზე და აღნიშნა, რომ ეს არის ექსტრემიზმის შემოტანის ნაწილი, „რასაც ჭარბად ვხედავთ“.
ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის და ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილის მთავარი მიზანია, რომ არჩევნების ხელახალი დანიშვნის მოთხოვნით, ხალხი ქუჩაში შეინარჩუნონ და საპროტესტო მუხტი როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდეთ. თუმცა მეგრელიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი ბოლო დროს მხოლოდ მარშებით და გაუგებარი პერფორმანსებით შემოიფარგლება, ამიტომ სიტუაციის გასამწვავებლად ზურაბიშვილი ვა-ბანკზე მიდის.
„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის სასახლეში გამაგრებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ე.წ. კარწინკა, სანახაობა დადგან, რათა ხალხი გარეთ გამოიყვანონ. ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ქუჩაში შეკრიბოს გარკვეული რაოდენობის ხალხი, შემდეგ ეს ხალხი ფარად დაიყენოს და თქვას, რომ ის არის ამ ხალხის ლიდერი; ეს ხალხია მისი ამომრჩეველი და მხარდამჭერი და არა აქვს უფლება, ამ ხალხს უღალატოს. არადა გვახსოვს მისი სიტყვები მშვენივრად, როცა განაცხადა, რომ „ის არის ხალხთან, მაგრამ ხალხზე მაღლა დგას“. ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია და ნათელია. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის ხავსზე მოჭიდება ძალიან დიდი კრახისთვის არის განწირული. ამას ოპოზიციაში ზოგიერთი კარგად ხვდება და ვნახეთ გახარიას განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ სასახლეში გამაგრება და რაღაცა სანახაობების დადგმა მათთვის მიუღებელია. ზურაბიშვილი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ჩაეჭიდა, მაგრამ ის ატყუებს ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას, რადგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ესეც არის გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციები, რადგან სხვა გზა უკვე მოქმედების აღარ აქვთ დარჩენილი“, - ამბობს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლიდან 29 დეკემბერს არ გამოვა და საჭირო იქნება სამართალდამცველების ჩარევა, ის წავა პოლიტიკურ და რეპუტაციულ ვა-ბანკზე. ამით შეეცდება დასავლელ პატრონებს აჩვენოს, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაძაბული ფონი შექმნას. მას ოპოზიცია ურჩევს და აიძულებს, დაარღვიოს კანონი, რომელიც, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად დაუჯდეს.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ, ალბათ, გამაგრდება სასახლეში და ოპოზიციის ამ რადიკალურ გეგმას მიიღებს. თუმცა ესეც არ არის პრობლემა, რადგან რეალურად სამართლებრივი წესი არსებობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ამ შემთხვევაში. არ მგონია, რომ ამ ასაკში მას ახლა საპყრობილეში ჯდომა უნდოდეს. ზურაბიშვილის რეპუტაცია ქვეყნის შიგნით, როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური, განულებულია, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ის ამ ნაბიჯზე არ წავა და თავს საბოლოოდ არ დაისამარებს“, - ამბობს მეგრელიშვილი.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ დარჩენილ 2 დღეში ოპოზიციას არანაირი რესურსი არ დარჩა იმის, რომ ქვეყანა რაიმე ფორმით შეარყიოს, ერთადერთი ხელჩასაჭიდი რაც აქვს, ეს ზურაბიშვილის სასახლეში გამაგრებაა. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია ამ გეგმას გაჰყვება და ეცდება ამ სიტუაციიდან რაიმე პოლიტიკური სარგებელი ნახოს, ძალიან ცდება, რადგან მოსახლეობაში სიცილის და უარყოფითი დამოკიდებულების გარდა სხვა ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებეს.
„სასახლეში გამაგრება და საპრეზიდენტი ვადის თვითნებურად გაგრძელების მსგავსი პრეცედენტები მსოფლიოში ნამდვილად ყოფილა. ზურაბიშვილს აფრიკაში დიპლომატად მუშაობის გამოცდილება აქვს, სადაც 2010 წელს, ზუსტად იგივე ტაქტიკას მიმართა კოტ-დ’ივუბარის პრეზიდენტმა ლორან გბაგბომ, რომელმაც ჯერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებაზე თქვა უარი და შემდეგ მხარდამჭერებთან და შეიარაღებულ ადამიანებთან ერთად გამაგრდა. ამ პიროვნებამ საკუთარი ტენქიკური მთავრობა დანიშნა და დანიშნა ახალი ვადამდელი არჩევნების თარიღი. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, ხალხმა და ხელისუფლებამ ის სასხლიდან ძალით გამოიყვანა, ხოლო ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, მას ბრალი წაუყენა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქალბატონი სალომე ცეცხლს ეთამაშება. შესაძლოა, მას ციხე არ ასცდეს, ისედაც ჩვენი კონსტიტუცია არაერთგზის დაარღვია.
ამან გამოიწვია საერთაშორისო არენაზე დიდი ვენბათაღელვა, მაგრამ როდესაც ავიწყდებათ, რომ კოტ-დ’ივუარელი პრეზიდენტის მიმართ, მათივე სასამართლომ ძალიან მკაცრი ზომები გამოიყენა. მხოლოდ 2019 წელს ის გამამართლებელი განაჩენით გამოუშვეს. ამიტომ ზურაბიშვილი ცეცხლს ეთამაშება. ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს, ორი გზა აქვს ასარჩევი, ეს არის გბაგბოს და ტიხანოვსკაიას გზა. ზურაბიშვილს, რომელსაც ურეკავენ ლატვიის და სხვა ბალტიისპირეთის ქვეყნების პერზიდენტები, სწორედ ტიხანოვსკაიას მიიჩნევენ ჯერ კიდევ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, რომელიც ხან ამერიკაშია, ხან ბრიუსელში და ხან სად. მას ჰყავს თავისი ჯიბის ტენიკური მთავრობა და თავი ბელარუსის პრეზიდენტი ჰგონია“, - ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ასარჩევია, იქნება ემიგრაციაში და იტყვის, რომ პრეზიდენტია ისევ, თუ ციხეში მოუწევს თავის ამოყოფა.
„ზურაბიშვილი ადეკვატური და ნორმალური ადამიანი რომ ყოფილიყო, მესამე გზა არსებობს და ის საპრეზიდენტო ვადას მშვიდობიანად დაასრულებდა. ამიტომ ახლა ამ ორი გზიდან პრეზიდენტის ასარჩევია, საბოლოოდ რომელს დაადგება“, - ამბობს ქართველიშვილი.