21 დეკემბერს ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის და 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე for.ge-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მძიმე დანაშაული, სადაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ადამიანი დაჭრეს, ერთი, 25 წლის მიშო ქავთარაძე დაიღუპა, ხოლო დაჭრილია მისი მამა და ორი მეგობარი. ქავთარაძის მამის მდგომარეობა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მძიმაა და ის რეამინაციაში იმყოფება. მამაკაცს ჭრილობები ე.წ. შტირით ყელის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილია გარდაცვლილის ორი მეგობარიც, რომელბსაც ასევე ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილებში აღენიშნებათ. მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ და მდგომარეობა სტაბილურია. სწორედ ისინი არიან საქმის ოქროს მოწმეები, რომლებმაც გამოძიებას უნდა მოუყვნენ, რა მოხდა 21 დეკემბრის ღამეს და რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი?
მიშო ქავთარაძეს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა კაცის დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში მოტყუებით და იმედით ჩამოიყვანეს, რომ მისი ქმარ-შვილი საავადმყოფოში დაჭრილები იყვნენ. თუმცა სამშობლოში ჩამოსულმა ქალმა უმძიმესი ამბავი შეიტყო, მას ერთადერთი შვილი გარდაცვლილი დახვდა. ქმარი კი ბესო ქავთარაძე საავადმყოფოში ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის.
გარდაცვლილი მიშოს მამა კონფლიქტში მაშინ ჩაერთო, როცა საღამოს აივნიდან დაინახა, რომ მის შვილს და მეგობრებს ჩხუბი ჰქონდათ და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. კაცმა მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველება სცადა, თუმცა გამოძიების ინფორმაციით, მას 20 წლის ახალგაზრდამ ე.წ. შტირით ჭრილობები მიაყენა. დაზიანებები გამოძიების ინფორმაციითვე იგივე ახალგაზრდამ მიაყენა მიშო ქავთარაძეს და მის მეგობრებსაც.
რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, გამოძიებით გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები და მეზობლები for.ge-სთან მომხდარის დეტალებს ყვებიან. ოჯახი ამბობს, რომ ჩხუბში მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა და წარმოუდგენელია მთასავით აღნაგობის და საკმაოდ ძლიერი 4 მამაკაცი ერთ, 20 წლის ახალგაზრდას დაეჭრა. ისინი ელიან, რომ გამოძიების პროცესში სხვა პირების დაკავებაც მოხდება.
უკვე ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივები კი გვიყვებიან, რომ მათ ჩხუბის და ჩოჩქოლის ხმა 21 დეკემბერს საღამოს გაიგეს. ჩხუბში მათი თქმით, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. დაპირისპირების მოტივად ყოფით ნიადაგზე შელაპარაკება სახელდება.
„რაც ვიცით ისაა, რომ მიშო და მისი მეგობრები კორპუსთან ეზოში იდგნენ. მათ დაინახეს სხვა ახალგაზრდები, რომლებიც თანატოლები ეგონათ. მიშოს ხუმრობით რაღაცა დაუძახია და ამაზე მოხდა დაპირისპირება. თავიდან კონფლიქტი განიმუხტა, როდესაც ბიჭებმა ნახეს, რომ უცხოები იყვნენ და მათი მოუბოდიშეს. თუმცა რამდენიმე წუთში დაპირისპირება ისევ დაწყებულა. სწორედ ამ მომენტში გაუგია მიშოს მამასაც გინების ხმა და აივნიდან გადმოუხედავს.
შვილის ხმა რომ ამოიცნო, დაბლა ჩავიდა. ამბობენ, რომ ჩხუბი დაიწყო და ერთ-ერთმა პირმა, რომელიც უკვე დაკავებულია, ამ ბიჭების დაჩეხვა დაიწყო. ჭრილობები თავდაპირველად მიშოს რომ ჰქონდა არავინ იცოდა. პირიქით, როგორც ამბობენ, ის დაჭრილ მამას და მეგობრებს ავტომობილში სვამდა, რომ საავადმყოფოში მიეყვანა. ან ვერ გაიგო, რომ თავადაც დაჭრილი იყო, ან დამალა. ამბობენ, მას ჭრილობა ფერდის არეში ჰქონდა მიღებული. სავარაუდოდ, ფარული სისხლდენა ჰქონდა. როდესაც მან საავადმყოფოში დაჭრილი მამა და მეგობრები მიიყვანა, გონება მაშინ დაკარგა. მერე მიხვდნენ, რომ ისიც დაჭრილი იყო. მის გადარჩენას მედიკოსები ცდილობდნენ, თუმცა გული გაუჩერდა. რაც შეეხება მამას, ისიც მძიმე მდგოამრეობაშია. რეამინაციაში იმყოფება და ბევრი ჭრილობა აქვს ყელის და გულ-მკერდის არეში. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ“, - გვიყვება გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი.
მოკლული მიშო ქავთარაძე დედისერთა იყო. მას მეზობლები მზრუნველ, მშვიდ და გაწონასწორებულ ახალგაზრდად ახასიათებენ. მათი თქმით, გამორიცხულია, რომ საქმეში მხოლდო ერთი ახალგაზრდის ბრალეულობა გამოიკვეთოს, რადგან ადგილზე რამდენიმე ადამიანი ფიგურირებდა და ეს ვიდეო კადრებშიც კარგად ჩანს.
„როგორც გავიგეთ, ნახალოვკელები ყოფილან. ზუსტად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ჩხუბში, არ ვიცით, მაგრამ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე პირია. აქ ერთი ადამიანი არ ფიგურირებს. ამიტომ იმედია, რომ სხვების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება. სრულიად არაფრის გამო დაჩეხეს ბიჭები. ოჯახი გაუბედურებულია და დედას ერთადერთი შვილი მოუკლეს. მამა კი მძიმე მდგომარეობაშია. მიშო იყო საუკეთესო ახალგზარდა, მამა, მეგობარი და მეზობელი. თავისი რაღაცა პატარა ბიზნესი ჰქონდა და ბიჭს სიცოცხლე რისთვის მოუსწრაფეს, კაცმა არ იცის. ამიტომ დამნაშავეების სათანადოდ დასჯის იმედი გვაქვს“,-ამბობს მოკლულის მეზობელი.