22 დეკემბერს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში ჩავიდა და კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა უკრაინის ტერიტორიით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების ვადის გასვლის ფონზე შედგა. ფიცო გახდა მესამე ლიდერი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში ჩავიდა.
ფიცოს ვიზიტის შესახებ კრემლში ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მოლაპარაკებების დაწყება VGTRK-ის კორესპონდენტმა პაველ ზარუბინმა გადაიღო.
კრემლის ინფორმაციით, საუბარს თარჯიმნების გარდა, ესწრებოდა პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.
რობერტ ფიცომ მოსკოვში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმერ ზელენსკის „პასუხი“ უწოდა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ფიცომ დაწერა, რომ გასულ ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, ზელენსკიმ უთხრა, რომ იგი წინააღმდეგი იყო უკრაინის გავლით სლოვაკეთში გაზის ნებისმიერი ტრანზიტის.
როგორც ფიცოს განცხადებიდან ირკვევა, პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა გააგრძელოს გაზის მიწოდება დასავლეთსა და სლოვაკეთში. თუმცა, ფიცოს მიაჩნია, რომ კიევის პოზიციიდან გამომდინარე, ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ ფიცომ ასევე დაგმო ზელენსკის მოწოდებები რუსეთის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
„ასეთი ქმედებებით ის [ზელენსკი] სლოვაკეთის ეკონომიკას ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიის წარმოებას სლოვაკეთის ატომურ ელექტროსადგურებში, რაც მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერმა.
ფიცომ ასევე დასძინა, რომ კრემლში მან და პუტინმა განიხილეს უკრაინის ომი, „მისი სწრაფი დასრულების შესაძლებლობა“ და სლოვაკეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების „სტაბილიზაცია“.
რას ნიშნავს რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის დასრულება სლოვაკეთისთვის?
ფიცოს ვიზიტი მოსკოვში უკრაინის NJSC Naftogaz-სა და Gazprom-ს შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ფონზე შედგა. იგი დაიდო 2019 წლის დეკემბერში და იწურება 2024 წლის 31 დეკემბერს. უკრაინის ხელისუფლებამ გააფრთხილა, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან შეაჩერებს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში. კიევი ხელშეკრულების განახლებას არ აპირებს.
2022 წლიდან, რუსეთთან ომის მიუხედავად, უკრაინა აგრძელებს შეთანხმების პირობების დაცვას და რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის უზრუნველყოფას. ტრანზიტი არ შეწყვეტილა მას შემდეგაც, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუჯასთან ერთად შეუტიეს კურსკის რეგიონს, სადაც არის ერთადერთი მოქმედი გაზის სადგური მარშრუტზე რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში გადასატანად.
20 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ, რობერტ ფიცომ თქვა, რომ ზელენსკის გამო სლოვაკეთს „გაზის კრიზისი“ ემუქრება, მოგვიანებით კი უკრაინას „სერიოზული კონფლიქტით“ დაემუქრა.
სლოვაკეთის სახელმწიფო კომპანიის SPP-ის თანახმად, გაზის სხვაგან ყიდვა სლოვაკეთს 220 მილიონი ევროთი მეტი დაუჯდება ტრანზიტის ხარჯების გამო.
ევროკავშირის სამიტამდე ფიცომ ისაუბრა უკრაინის გავლით გაზის მიწოდების სხვა სქემების შესაძლებლობაზე. მისი ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მოსკოვში ვიზიტს ჯერ შედეგი არ მოუტანია.
კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც კვლავ დამოკიდებულია რუსული გაზის ტრანზიტზე უკრაინის გავლით, არის უნგრეთი. ახლა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცდილობს უზრუნველყოს ტრანზიტის გაგრძელება „მზაკვრული ხრიკის“ დახმარებით. მან გააჟღერა სქემა, რომლითაც რუსული გაზი უკრაინის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ავტომატურად ჩაითვლება მყიდველის საკუთრებად.
როგორ შეხვდა ევროკავშირი ფიცოს ვიზიტს?
ფიცო გახდა ევროკავშირის (EU) მესამე ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მოსკოვს ეწვია. მანამდე რუსეთს ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვივნენ.
ორივე ვიზიტი ფართოდ დაგმეს დასავლეთში. ორბანის ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ისიც კი გაიხსენა, რომ ორბანს არ აქვს ევროკავშირის მანდატი უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი მიმდინარე წლის ივლისში სწორედ სამშვიდობო მიზნად დაასახელა.
რობერტ ფიცოს დეკემბრის ვიზიტი მოსკოვში გააკრიტიკეს სლოვაკეთის ოპოზიციამ და ასევე მეზობელმა ჩეხეთმა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მთავრობამ მიაღწია ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან. ჩეხმა ევროპარლამენტარმა დანუშე ნერუდოვამ ფიცოს ვიზიტს უწოდა ღალატი და „კიდევ ერთი ამორალური ნაბიჯი“, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს.
ბრატისლავაში ოპოზიციონერმა მიხაილ შიმეჩკამ განაცხადა, რომ ფიცომ სლოვაკეთი რუსული პროპაგანდის იარაღად აქცია. მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს „ქვეყნის სირცხვილი“ და „ეროვნული ინტერესების ღალატი“ უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ორშაბათს, 23 დეკემბერს, აღნიშნა, რომ შეხვედრის შემდეგ არც პუტინს და არც ფიცოს რაიმე განცხადება არ გაუკეთებიათ. მან დასძინა, რომ მოსკოვი სლოვაკეთს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს აძლევს.
ფიცოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სლოვაკეთმა მკვეთრად შეცვალა კურსი უკრაინის მიმართ. თუ აქამდე ქვეყანა მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირე იყო, ფიცოს მოსვლის შემდეგ, სლოვაკეთმა შეწყვიტა უკრაინის სამხედრო დახმარება.
ზოგისთვის გაზი, ზოგისთვის პიარი. რატომ არის მნიშვნელოვანი ფიცოს ვიზიტი მოსკოვში?
ფიცოს შეხვედრა პუტინთან მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც კრემლისთვის, ასევე ევროპისთვის. თუმცა, ამ ვიზიტიდან შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა საჭირო არ არის, ფიცო მოსკოვისთვის ახალი მოკავშირე არ არის და ევროკავშირისთვის პუტინისადმი მისი საჯარო გამოცხადებები არ არის ყველაზე დიდი პრობლემა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მიზანი - რუსული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებ იყო და ეს საიდუმლო არავისთვისაა.
მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ გამორიცხა „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივება, რომელიც საშუალებას აძლევს რუსული გაზის ექსპორტს უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით, ფიცო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეძებენ გზებს, რომ გააგრძელონ შედარებით იაფი გაზის რუსეთიდან შესყიდვა.
ვიქტორ ორბანი რეგულარულად ბლოკავდა, ან არბილებდა ევროკავშირის ძალისხმევას კიევისთვის დახმარების გაწევისა მოსკოვისთვის სანქციების დაწესების მიზნით. ის დიდი ხანია მხარს უჭერს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა თუ მომავალ უსაფრთხოებაზე.
ფიცომ, რომელიც 2023 წელს დაბრუნდა სლოვაკეთის ხელისუფლებაში, შეწყვიტა უკრაინის სამხედრო დახმარება, გააკრიტიკა ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დაპირდა, რომ დაბლოკავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიტყვები და ქმედებები რეგულარულად აღიზიანებს მათ ევროპელ კოლეგებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ფუნდამენტური გავლენა მოახდინონ პუტინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე. სანქციები გრძელდება, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ წყდება.