„კონგრესის ერთ-ერთი მთავარი გამოცემა „ჰილი“ ამბობს, რომ დემოკრატების პარტია იქცა ომის პარტიად, აქ კი „ქართულ ოცნებას“ დასცინეს - რუსული ნარატივიო“

„კონგრესის ერთ-ერთი მთავარი გამოცემა „ჰილი“ ამბობს, რომ დემოკრატების პარტია იქცა ომის პარტიად, აქ კი „ქართულ ოცნებას“ დასცინეს - რუსული ნარატივიო“

დონალდ ტრამპი დიპ სტეიტთან (ჩრდილოვანი სახელმწიფო) ბრძოლის მეორე რაუნდისთვის ემზადება. პრეზიდენტობის პირველი ფაზის დროს ტრამპმა ვერ შეძლო დიპ სტეიტის დამარცხება და მასთან ბრძოლა წააგო. ამასობაში აშშ-ის არაფორმალურმა მმართველობამ უფრო ძლიერი ფესვები გაიდგა ამერიკაში, რადგან ტრამპის პირველი პრეზიდენტობიდან მეორემდე დიდი დროა გასული.

რამდენად ძლიერია დიპ სტეიტის გავლენა მთელ მსოფლიოზე? როგორ აპირებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი არაფორმალური მმართველობის დასრულებას, ასევე, სოროსის ფონდის აკრძალვას? თუკი პირველი პრეზიდენტობის დროს ეს არ გამოუვიდა, რა გარანტიაა, რომ ამჯერად მაინც დაამარცხებს არაფორმალურ მმართველობას?

ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი, - მიიჩნევს კახა კალაძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კი ფიქრობს, რომ საქართველომ ზედმეტი იმედები არ უნდა დაამყაროს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მეორე ვადაზე. მდინარაძის თქმით, ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტად იმედიანად. თუ ტრამპი შეძლებს მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს არაფორმალური გავლენები (დიპ სტეიტი) შესაბამისად, ჩვენზეც წნეხი ნებისმიერი მიმართულებით მოიხსენება. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ტურბულენტულობა გაგრძელდება.

ტერმინი დიპ სტეიტი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პირველად ირაკლი კობახიძემ გამოიყენა და იმედი გამოთქვა, რომ დიპ სტეიტს, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი და მსოფლიოს სხვა კონფლიქტები გამოიწვია, ტრამპი დაამარცხებს. კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს დიპ სტეიტს და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიპ სტეიტი არის ამერიკული პოლიტიკური ტერმინი, ჟარგონი და ნიშნავს ღრმა სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოს სახელმწიფოში. ეს აღნიშნავს იმ ქართულ ვარიანტს, რასაც ჩვენ მანამდე ვეძახდით გლობალური ომის პარტიას, აგენტოკრატიას.

გია აბაშიძის განმარტებით, დიპ სტეიტი არის დიდი კონგლომერატი, თავისი განშტოებებით, როგორც ამერიკაში, ასევე, პირობითად ფილიალები აქვს ევროპასა და ცალკეულ დასავლურ სახელმწიფოებში. უწინარესად ეს არის მილიარდერების, უსინდისო კორპორაციების, ძირითადად სამხედრო-სამრეწველო, ფარმაცევტული და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები და ამას დამატებული მოქმედი, თუ ყოფილი მაღალჩინოსნები სპეცსამსახურებიდან და სამხედრო სივრციდან.

ამ ადამიანებს სურთ გავლენის მოხდენა ვაშინგტონზე, ბრიუსელზე, სხვადასხვა დედაქალაქზე. მათი ინტერესია ფული და ხეირი, სხვა მიზეზი, კეთილშობილება, დემოკრატიული ღირებულებები არ გააჩნიათ, ეს მზაკვრული გეგმა შეფუთულია ფოჩიან კანფეტებში მეტი შემოსავლის მისაღებად და, რაც შეიძლება, მეტი ქვეყნის დასამორჩილებლად. ვინც მათ არ ემორჩილება და მათი ვასალი არ ხდება, ფართომასშტაბიან ომს უცხადებენ, როგორც გამოუცხადეს საქართველოს. ჩვენს ქვეყანას უნამუსოდ ებრძვის დიპ სტეიტი, მისი ავტორები ევროპიდან, ევროსტრუქტურებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი დიპ სტეიტის დამარცხებას, ამის შესახებ ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ტრამპზე განხორციელდა წარმოუდგენელი იერიში, მის წინააღმდეგ შედგა რამდენიმე ყალბი სასამართლო პროცესი, რამდენიმე პროცესი უკვე ჩაიხსნა, თუმცა თითო-ოროლა მაინც დარჩა, რომ მისთვის, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, რამდენიმე ასეული წლით, ანუ სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. საბოლოოდ ეს ყველაფერი ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის, მილიონობით უკანონო იმიგრანტი შეუშვეს აშშ-ში იმისთვის, რომ მიეცათ ამერიკის მოქალაქეობა და ხელოვნურად გაზრდილიყო დემოკრატების ამომრჩეველი, არჩევნებში მაინც მოიგო დონალდ ტრამპმა და აჯობა დემოკრატებს, რადგან ყველა დაიღალა დიპ სტეიტის გავლენებით. ეს გავლენები არ არის მხოლოდ ხელისუფლებაზე, ეს არის მახინჯი ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ამერიკის სუვერენიტეტის ფეხვეშ გათელვა, ეკონომიკური ინტერესების სხვა ქვეყნებისთვის დათმობა.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი საზოგადოება ამერიკას იცნობს მხოლოდ ჰოლივუდური მარგინალური ფსევდოლიბერალური ფილმებიდან, სერიალებიდან, სინამდვილეში, ამერიკაში არის ღრმად მორწმუნე საზოგადოება, რასაც ჰქვია შუა ორსართულიანი ამერიკა, ანუ ეს არის ცენტრალური ამერიკა, სადაც ორსართულიანი სახლებია და სადაც ქართველ მართლმადიდებლებზე მეტად დადიან კვირაობით თავიანთი ქრისტიანული დენომინაციების წირვებზე. სწორედ ამ ამერიკამ აირჩია დონალდ ტრამპი, რათა თავი დაანებონ მათი შვილების დამახინჯებას საბავშვო ბაღებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასეთ ამერიკელებს არ მოსწონთ ომის პროპაგანდირება. წარმოიდგინეთ გამოცემა ჰილი, რომელიც კონგრესის ერთ-ერთი მთავარი მედიასაშუალებაა, ისიც კი ამბობს, რომ ამერიკის დემოკრატების პარტია იქცა ომის პარტიად, ეს ხომ თავის დროზე თქვა ქართულმა ოცნებამ და ამის გამო ვითომ დასცინეს და თქვეს, რომ ეს არის რუსული ნარატივი. ამ დროს ლიბერალური გამოცემა ჰილი სათაურშივე პირდაპირ ამბობს, რომ დემოკრატების პარტია იქცა ომის პარტიად. გასაგებია, რომ ოთხ წელიწადში ამ ყველაფრის აღმოფხვრა შეუძლებელია ტრამპის მიერ, მაგრამ ვიყოთ რეალისტები. დონალდ ტრამპი ფსევდოლიბერალებთან და მარქსისტ დემოკრატებთან ბრძოლაში, როგორც თვითონ უწოდებს, მარტო არ არის, -აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის თქმით, ტრამპს უძლიერესი გუნდი ჰყავს შემოკრებილი - ილონ მასკი, რაც მთავარია, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, რომელიც ტრამპზე უფრო ხისტი კონსერვატორია. ამერიკის პოლიტიკური აქტორები ჯეიდი ვენსს უწინასწარმეტყველებენ, რომ ოთხი წლის შემდეგ იგი უნდა გახდეს ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ორი ვადით და უნდა დაასრულოს ფსევდოლიბერალებისგან მომდინარე სიმახინჯე. ასე რომ, ძალიან კომპლექსურ ბრძოლაში შედის ტრამპი არა მხოლოდ ამერიკის საჯარო პლატფორმაზე, არამედ ევროპაში და საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო არ არის პრიორიტეტული საკითხი, უფრო სხვა საკითხებია მოსაგვარებელი. რა დროსაც ეს ფუნდამენტური სიმახინჯეები დაიმსხვრევა, მაშინ საქართველო და მისი მსგავსი სუვერენული ქვეყნები ამოისუნთქავენ და გააგრძელებენ თავისუფალი და სუვერენული განვითარების გზას.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დიპ სტეიტი პროპაგანდად და გამოგონილ მოვლენად მიაჩნია.

შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოში ამერიკის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დამაჯერებლად მიაჩნიათ, მაგრამ ეს მათი სუბიექტური აზრია. პირადად მე დიპ სტეიტის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და არც მგონია, რომ ეს სერიოზული საკითხი იყოს, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

კანუდოსელი ვახტანგ ძაბირაძეს არ აქვს ,,დიპ სტეიტის" შესახებ ინფორმაცია :))) for.ge ვერ ხვდებით, რომ ეს კაცი უკვე გასულია მომსახურების არედან და მას აზრი არ უნდა ჰკითხეს?! რაც ამ კაცს ჭირს, არის ასაკობრივი მარაზმი, ანუ დაბერდა და გამოჩუქჩუქდა. თუმცა ბრძენი არც არასდროს ყოფილა.
8 საათის უკან