რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. რუსეთი აცხადებს, რომ გაგრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რაც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დგას. ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ომით საკუთარ მიზანს მიაღწია, ვინაიდან ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ამით მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ეს ნორმალური მოვლენაა, რაც სრულად ცვლის მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურას.
გაიყინება თუ არა უკრაინაში კონფლიქტი რთული სათქმელია, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი გამარჯვებულის დროშას აღმართავს. რუსეთ-უკრაინის ბედი, ეს არის საკითხი, რომელიც აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა 2025 წელს უნდა დაასრულოს, თუმცა როგორ - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც ტრამპი აცხადებს, პრეზიდენტმა პუტინმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს.
„ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც სწრაფად მსურს (პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას), ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. რაც ამ ომს საშინელს ხდის არის ის, რომ ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც იღუპებიან, იზრდება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც ლობიერებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, მიაჩნია, რომ ომი სწორედ მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს. ორბანი აცხადებს, რომ ეს ომი ევროკავშირმა წააგო, თუმცა აქვე აცხადებს, რომ მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს. მისი თქმით, ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირი გაწყვეტილია. ორბანის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი, შესაძლოა, შეეცადოს შედეგის სხვაგვარად შედგენას, სიმართლე აშკარაა და რეალობამ უკვე იჩინა თავი ბრძოლის ველზე.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება. უკრაინაში მიმდინარე ომზე ევროპამ და აშშ-მ 300 მილიარდი ევრო დახარჯეს. ამ ფულის ევროპაში ცხოვრების დონის სწრაფი ზრდისთვის გამოყენება შეიძლებოდა. შეგვეძლო მთელი ბალკანეთი ევროპის განვითარების დონემდე მიგვეყვანა. მიგრაციის შეზღუდვა შეგვეძლო, ევროპის სრულიად ახალი თავდაცვის სისტემის შექმნა შეგვეძლო“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, წინაპირობების გარეშე, თუმცა სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე და ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინებით.
„რაც შეეხება მოლაპარაკებების დაწყების პირობებს, ჩვენ არანაირი წინაპირობა არ გვაქვს, მზად ვართ დიალოგი წარვმართოთ წინაპირობების გარეშე. ოღონდ იმის საფუძველზე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით 2022 წლის ბოლოს სტამბოლში მოლაპარაკებების პროცესში და, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ადგილზე ვითარდება.
საბოლოო დოკუმენტი მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ანუ უმაღლეს რადასთან და მის თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან უნდა გაფორმდეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და აქვე დასძინა, რომ თავად დიალოგი შეიძლება წარიმართოს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც შეუძლია კვლავ წარდგეს საპრეზიდენტო არჩევნებში და დაადასტუროს თავისი ლეგიტიმაცია.
მაშინ, როდესაც აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი საუბრობს ომის დასრულების აუცილებლობაზე და მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი განიხილავს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, დაახლოებით, 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს დაამზადებენ. როგორც კუბილიუსმა განმარტა, იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გარეშე არ უნდა ველოდოთ, რომ ევროპა უკრაინისთვის მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას დაამზადებს.
„უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფულის გამოყენება შეუძლებელია. არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებაზე. თუმცა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან ან გაყინული რუსული აქტივებიდან ფული შეიძლება იარაღის შესაძენად გამოიყენონ.
მომავალ წელს ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 30 მილიარდ ევროს გადასცემს და კიევი შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს რას მოახმაროს ეს თანხა. ასევე, ევროკავშირი ახლა ახორციელებს მექანიზმს, რომელიც უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ევროპის თავდაცვის ინდუსტრიაში ინტეგრაციას შესაძლებელს გახდის“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.